„მეცხრე არხის“ პროდიუსერი: მაქსიმალურად მოვიხადეთ ბოდიში და სხვა რა ვქნათ? „მეცხრე არხის“ პროდიუსერი: მაქსიმალურად მოვიხადეთ ბოდიში და სხვა რა ვქნათ? />


  18:13:11     08-08-2012

„მეცხრე არხის“ პროდიუსერი: მაქსიმალურად მოვიხადეთ ბოდიში და სხვა რა ვქნათ?

a20522.jpg

„მეცხრე ახრის“ ოფიციალური ბოდიშის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში ვნებათა ღელვა არ წყდება. აღმოჩნდა, რომ არხი, რომლის დირექტორი ბექაური ჟურნალისტებს მასტერ-კლასების ჩატარებას უპირებდა, ინფორმაციას სააგენტოებისგან იპარავს... 

მერე კი, მისი წამყვანი, რობოტივით კითხულობს ტექსტს - „ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ლეგალურად შეიყვანა“... წამყვანმა ჩაკვეტაძემ ეს უპასუხისმგებლო განცხადება ჯერ 12 საათიან გამოშვებაში გააჟღერა, მერე კი, იგივე 14 საათზეც გაიმეორა პირდაპირ ეთერში. 

მეტიც, ჩაკვეტაძის მსგავსად, რუსული აგრესია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტმაც გაამართლა და მანაც, 2008 წლის აგრესიაზე მომზადებულ სიუჟეტში თქვა: 2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა ჯარები საქართველოში ლეგალურად შეიყვანა... ხოლო, როცა ბორის ივანიშვილის ტელევიზიის ამ განცხადებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა, არხი იძულებული გახდა ბოდიში ოფიციალურად მოეხადა.

უკვე შემდეგ გამოშვებებში, ეს განცხადება არხის გამოცდილმა „პროდუსერებმა“ საინფორმაციო სააგენტო „ghn”-ს მიაწერეს და განაცხადეს, რომ ომის ქრონიკა არხმა სააგენტოდან გადაუმოწმებლად გადმოამღერა.

„პრესა.ჯი“ „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გამოშვების პროდუსერისგან შეეცადა გაერკვია, რატომ გაეპარათ გამოცდილ „ტელევიზიონშიკებს“ მსგავსი სახის შეცდომა...

თამარ რუხაძე: „12 სათიან გამოშვებაში გასულ უზუსტობაზე განცხადება უკვე გავავრცელეთ და ბოდიში შემდგომ გამოშვებებშიც არაერთხელ მოვიხადეთ. გიმეორებთ, რომ ეს იყო მასალა, რომელიც ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით მომზადდა.

განცხადება მათაც გაავრცელეს და გარკვევით ახსნეს, ტექნიკური უზუსტობის მიზეზი. რაც შეგვეხება ჩვენ, სწორედ შეცდომაგაპარული ტექსტი ავიღეთ და პირდაპირ ეთერში წავიკითხეთ. თქვენი მეშვეობითაც მოვიხდით ბოდიშს, დღის განმავლობაში კიდევ არაერთხელ გაიგებთ ტელეკომპანიის პოზიციას, რომ ტექსტის ამგვარ შინაარს არ ვეთანხმებით“.

„პრესა.ჯი“: არხი, რომლის დირექტორი ბექაური „მეცხრე არხის“ ჩაშვების პირველივე დღიდან ჟურნალისტებისთვის მასტერ-კლასებს გვპირდებოდა, ტექსტს სააგენტოსგან იპარავს და წამყვანი ეთერში გადაუმოწმებლად კითხულობს?

თამარ რუხაძე: ტერმინ „ჟურნალისტიკის მასტერლასების“ ავტორი მე არ გახლავართ და ამ კითხვით ჩემ შეფს მიმართეთ. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, რომელიც შეცდომის გაპარვას გულისხმობს, მაქსიმალურად მოვიხადეთ ბოდიში და სხვა რა ვქნათ?

- რატომ „ენდეთ“ ასე ბრმად სააგენტოს? და თუ „ენდეთ“, თავდაპირველად რატომ არ აღნიშნეთ, რომ სააგენტოს ინფორმაციას ავრცელებდით?

- ბატონო ჩემო, ჩვენ არაერთი საინფორმაციო სააგენტოს ხელმომწერი ვართ, მათ შორის „ჯი-ეიჩ-ენი“- საც, რომელთანაც გადასარევი ურთიერთობა გვაქვს“.

„პრესა.ჯი“ „ჯი-ეიჩ-ენი“-ს რედაქციასაც დაუკავშირდა. თუმცა სააგენტოს დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, გოჩა მირცხულავას მოუცლელობის გამო, სააგენტოს თანამშრომელი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„აღნიშნულ თემაზე ჩვენ ახსნა-განმარტება გავაკეთეთ. საიტზე დევს ჩვენი განცხადება, სადაც „ჯი-ეიჩ-ენი" ბოდიშს იხდის სააგენტოს მიერ მომზადებულ მასალაში - "2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკაში" - დაშვებული შეცდომის გამო.

საუბარია ტექსტში გამოყენებულ სიტყვაზე - „ლეგალურად“, რომელიც უნდა იყოს ჩასმული ბრჭყალებში. ამ დროისთვის შეცდომა გასწორებულია“.

რაც შეეხება, იმას, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ გამოცემაში კოლეგების მხრიდან მომხდარ "უზუსტობაზე" ირიბად „ჯი-ეიჩ-ენი“-ს დადანაშაულება, ამაზე გამოცემის თანამშრომელს პასუხი არ აქვს (ტელეფონი კითხვის დასმის შემდეგ გაითიშა). 

და ბოლოს, კითხვა, თუ რატომ დასჭირდათ მეცხრე არხის „ობიექურ“ ჟურნალისტებს შეცდომის გამოსასწორებლად 3 საათი, მაინც პასუხგაუცემელი რჩება. რუხაძის პასუხი შემდეგია: ხომ მოვიხადეთ ბოდიში, სხვა რა ვქნათ... პრინციპში, სხვა მართლა რაღა უნდა ქნან...
0

ავტორი: