16:32:47     08-08-2012
ნინო ჭინჭარაული - „ხევსური ქალი“
ნინო ჭინჭარაული დაიბადა 1988 წლის 13 აპრილს. დაამთავრა თბილისის 130-ე სკოლა. სწავლობდა ხარისხის მართვის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. დაამთავრა სასულიერო სემინარიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 6 წელი იმუშავა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში და ამავე ცენტრის ჟურნალ „ახალგაზრდობაში“ ჟურნალისტად.
2012 წლამდე ნინო იყო ანსამბლ „იავნანას“ წევრი. წერს ხატებს და აკეთებს თიხაზე მინიატურებს. ლექსებს ბავშვობიდან წერს, აქვს დაწერილი ორი რომანი. ერთ-ერთმა მათგანმა გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსში „ალავერდი“ პრემია აიღო ნომინაციაში „საუკუნის მაჯისცემა“ და სექტემბერში გამომცემლობა "გრიფონი" წიგნად გამოსცემს.
ნინო სწავლობს ესპანურს და თარგმნის. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ნინო ჭინჭარაულის რამდენიმე ლექსს.
არ მინდა სახლი
არ მინდა სახლი,
ეს მთებიც კმარა..
რა სჯობს ნისლიან გზებზე ხეტიალს,
თუმცა სამყარო სამოთხე - არა,
უფრო... პატარა ჯოჯოხეთია
მაინც, ჯიუტად ვცხოვრობ ამ გზებზე,
არ ვიცი, ალბათ სულით ბოშა ვარ,
ან იქნებ მე ჩემს სამოთხეს ვეძებ
ღმერთმა ამ მთებზე რომ გადმოშალა.
ცხოვრება მკაცრად მკარნახობს წესებს
და ვძულვარ ურჩი, ცუდი მსმენელი.
რა ვქნა, ბედს ვანდობ
მარტოდენ ლექსებს,
დაწერილიც და დაუწერელიც
სულ ყველა მე ვარ..
... რად მინდა სახლი?
მყოფნის სამყაროს ლაბირინთებიც,
ამ ჯოჯოხეთსაც მე თვითონ დავღლი
ნისლებით,
გზებით,
მთებით,
რითმებით.
ხევსური ქალი
რას შევადარო ხევსური ქალი?
მას შენი უდგას სული არაგვო!
მამაცი,
ფიცხი
და ბობოქარი...
მაგრამ საწუთროს საომარ ველზე
უჩაჩქანო
და უიარაღო..
გოდერძი ჩოხელს
„მე დავბრუნდები სიკვდილის შემდეგ,
ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან..“
გ. ჩოხელი
„შენ არ დაბრუნდი სიკვდილის შემდეგ..“
ვწერდი და თვალზე ცრემლიც მდიოდა,
როგორ მინდოდა ჩემთვის ყვავილი
რომ მოგეტანა საიქიოდან!
მე არშემდგარი შეხვედრა ჩვენი,
როგორც ჭრილობა - ისე მტკიოდა,
და მოველოდი იმედით, რწმენით,
ხმას მომაწვდენდი საიქიოდან.
ვერც უკანასკნელ გზად გაგაცილე,
ზამთარი იყო, ქალაქს სციოდა,
მოვრბოდი, როგორ დავიგვიანე...
მჯერა, მხედავდი საიქიოდან.
მახსოვს ობოლი გუდამაყარი
მარტოობაზე როგორ ჩიოდა,
იქნებ ჩემსავით მასაც სჯეროდა,
დაბრუნდებოდი საიქიოდან.
გაივლის წლები, რამდენიც იქნებ
და გული, სადაც ცეცხლი ღვიოდა
არ დაბერდება! თუმცა სიბერე
სხეულს მოუხმობს საიქიოდან
და მჯერა, როცა ჩემი დროც მოვა,
მთით მონაბერი გრილი სიოდან
ჩემს წასაყვანად შენ მოხვალ. ჰო და
ყვავილს მომიტან საიქიოდან..
წავიდეთ!
ვერ გაგახსენე წარსული,
კითხვით მიცქერი - ეს როდის?
მე თოფისწამალს გაწვდიდი,
შენ ქისტებს ტყვიას ესროდი.
qavის წინ მკლავი ეკიდა,
აკვანში თვლემდა პატარა
და სახლის უკან ბექიდან
მოჩქეფდა მთების მათარა.
ხეობის წყაროსთვალები
ჭიუხებს თავზე იმხობდნენ,
შენ თორღვა იყავ კაი ყმა,
მე „ნინო ქალოს“ მიხმობდნენ.
ახოში ფუძე დაგვედო
ხვითოთნაფერი ყანითა,
კოშკი - სიპი ქვით ნაგები,
სახლი ჭერხოზე ბანითა.
ეზოში ყეფდა ბომბორა,
ჭაღარა ბაბრის მომრევი,
ხმაშეწყობილად მორბოდა
ქვებზე არაგვის მორევი.
გულს აგრილებდა ჩერო და
მკლავებს ქანცავდა სათიბი,
შენ ტალავარი გშვენოდა,
მე - სადიაცო ქათიბი.
ხან ხატისკარზე შევდგამდით
ფეხს ძღვენითა და საკლავით,
მე ქადა-ხავიწს შევკრავდი,
შენ თაფლის სანთელს აკრავდი.
ხან მომიტანდი პირიმზეს,
ხან პერანგს დაგიქარგავდი,
ხან ვიცინებდით ქილიკზე
- სხვა ცოლ-ქმარს რატომ არ ვგავდით.
აქ მზის ტალღებზე ტყდებოდა
ცა, ბედისწერის თითებში
აქ სული განა კვდებოდა?
კვლავ ცოცხლდებოდა მითებში.
წავიდეთ! ის ხეობები
მთებს ახლაც თავზე იმხობენ,
შენ დღესაც თორღვა-კაი ყმას,
მე ნინო ქალოს მიხმობენ.
არც ყველა მეხევსურება
არც ყველა მეხევსურება,
ვისაც ხევსურულ გვარი აქვს,
სამზეომ კაცის ბუნება
ისე მოშალა, არია.
დღეს ნასახლარებს ქვებიანს
მოსრავს ჭინჭარი, ეკალი
და მაინც, ქვეყნად ჩნდებიან
თორღვა,
ალუდა,
მზექალი...
სუყველა მწარედ მოტყუვდა,
შიშ-სირცხვილ ჭამა ნამდვილი
ხევსურის დაბეჩავება
ვისაც ეგონა ადვილი.
გარდახდა მთების გადაღმა
მტრის გესლიანი მარულაც,
ცხადად წავიდა და ახლა
უკვე მოძვრება ფარულად.
ვინც ხევსურებად დავრჩებით,
ნუ მოგვკლავს ბოღმა, შურია!
ისე შავხენათ ერცხვასა,
როგორც წინაპრებს სწყურიათ.
არც ყველა მეხევსურება,
მაგრამ გავაწყობ ვეღარას,
ასე ღმერთს გაურჯულებავ,
ასე სჭირდება ქვეყანას..
შატილში ღამით
წვიმა ასველებს შატილის კოშკებს,
ფეხი ცურდება გალიპულ ქვებზე
და სადაცაა სველი მწვერვალი
ნისლს წამოიცვამს გაჩორკნილ რქებზე.
ბანიდან ბანზე დავძვრებით ბნელში,
ხის ძველ კიბეებს,
სიპებს ვედებით
ვით უძღებ შვილებს
მამის თვალები,
შემოგვყურებენ სველი კედლები.
ჭვარტლიან ნიშში
სანთელი იწვის,
ქაჩუს ნანგრევი ჩაჰყურებს დაღმართს
და ტყდება ღამე
ფანდურის რიტმით,
არღუნს გამოღმა
და არღუნს გაღმა..
პოეტი
(მიხა ხელაშვილს)
უკვე რამდენი წელია, ეს ბინდისფერი სოფელი
გაუტანლობის მაცილით უდროოდ ჩამოგებინდა,
მაგრამ პოეტი ლექსისგან ყოფილა განუყოფელი
და თითო რითმად, სტრიქონად, შენ საფლავიდან დგები და
ისევ თავიდან მიჰყვები შენი გოლგოთის აღმართებს,
ისევე გტკივა მოხუცი დედის ნატანჯი სხეული
და თუმცა იცი, სამშობლო უღმერთოს აღარ აღმერთებს,
დღესაც ნაცნობი მტერი ჰყავს სახრავად შემოსეული.
ღალატის, შურის მშობელი, ეშმა ზეიმობს მეფობას,
სულებში დახეტიალობს, გვიკარგავს სახეს ტიალი,
მიხავ, ქართველებს სირცხვილად შენი სიტყვებიც გვეყოფა:
„მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი".
ისევ იჭრება ალალი სიტყვის თქმისათვის სამარე,
სიმართლე კაცი რომ იყოს, მასაც მძინარეს მოკლავენ,
მტრის სახელს ააწებებენ და ყვავ-ყორნების ამარა
გვამზე კი ინადიმებენ, თითებსაც გაილოკავენ.
მაგრამ, შორს-სასოწარკვეთა, შიშიც, შეგვინდობს უფალი!
ცოდვაზე მეტი შვილი ჰყავს დღეს საქართველოს ზვარაკად,
მიზნის დაკარგულ ბილიკებს იპოვნის ჭირისუფალი
და შენი სityvac დარჩება ერში ლეგენდად, არაკად.
უკვე რამდენი წელია წაშალე დრო და მანძილი,
ვერ მოგერია მუხთალი და ბინდისფერი სოფელი,
სულგანაბული სტრიქონით დღესაც სიცოცხლეს აგრძელებ,
რადგან, პოეტი ლექსისგან ყოფილა განუყოფელი.
0