კრემლმა კოკოითის მაღალჩინოსნებზე საქმეები აღძრა კრემლმა კოკოითის მაღალჩინოსნებზე საქმეები აღძრა />


  12:58:21     08-08-2012

კრემლმა კოკოითის მაღალჩინოსნებზე საქმეები აღძრა

a20512.jpg

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ კონტროლირებადი საიფორმაციო სააგენტო „რეს“–ის ცნობით, მათმა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე სერიოზული დანაშაული გახსნა, რაც ყოფილ ჩინოვნიკთა სახელებს უკავშირდება.

აქ,  ძირითადად საუბარია ეკონომიკური სფეროში ჩადენილ დანაშაულობებზე. კერძოდ, საქმე ეხება მოსკოვის მიერ ცხინვალის აღსადგენად გადმორიცხული დიდი ოდენობის თანხების მითვისებას.

ეს საკითხი,  განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ედუარდ კოკოითი უკვე აღარ არის ე.წ. პრეზიდენტი. მოსკოვში გარკვეული წრეების ვარაუდით,  თანხების მითვისების შესახებ აღძრული ყველა საქმე საბოლოოდ კოკოითთან მოიყრის თავს და ყველაფერზე მას მოუწევს პასუხისმგებლობა. მანამდე კი მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.

როგორც სააგენტო „რეს“–ს მისმა წყარომ აცნობა, ცხინვალის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილია მასალები კოკოითის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნების, კერძოდ, კაპიტალური და გზების მშენებლობათა და ასევე არქიტექტურის სამსახურის ყოფილი მინისტრების, ჩერმენ ხუგაევისა და რუდოლფ ჯიოევის საქმეები. ასევე,  ე.წ. გენპროკურატურამ წარმოებაში მიიღო დახურული სააქციო საზოგადოება „აკვა–ტ“–ს გენერალური დირექტორის, ვლადიმერ სტავროვის საქმე.

ყველა ზემოთჩამოთვლილ პირზე,  აღძრულია საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიერ გათვალისწინებული მუხლებით „თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება“, „დაუდევრობა“, „უკანონო მეწარმეობა“, „თაღლითობა“.

კიდევ ვინ დაუმშვენებს აღნიშნულ პირებს გვერდს, ამას გამოძიება გაარკვევს, რომელსაც, როგორც ამბობენ, მრავალი ყოფილი ჩინოვნიკის აყვანა მოუწევს, რადგანაც საქმის ბოლომდე მიყვანით თურმე უშუალოდ მოსკოვში ყოფილან დაინტერესებულნი.

ასე, რომ ფაქტია, კრემლმა კოკოითის ყოფილ მაღალჩინოსნებზე ნადირობა დაიწყო და როდის ჩაავლებენ ხელს თავად ჯაბევიჩს, ეს მხოლოდ დროის საკითხია თურმე, თუ მანამდე  რამე არ შეიცვალა, რა თქმა უნდა.

0

ავტორი: