12:51:53     08-08-2012
ალან ჩოჩიევი: ცხინვალის მოსახლეობა ქართველებს არ დაუხოცია, ეს რუსეთმა გააკეთა

2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის აღსანიშნავად, რუსეთში სპეციალურად გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „დაკარგული დღე“, სადაც ხელმძღვანელი სამხედრო პირები მაშინდელი მოვლენების შეფასებას ახდენენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იქამდე აჭიანურებდა, ვიდრე „ერთ ადგილზე“ ვლადიმერ პუტინის „პანღური“ არ მიიღო.
მაგალითად, თადარიგის გენერალი იური ბალუევსკი, რომელსაც 2004-2008 წლებში რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, ამბობს: „ვიდრე პეკინში მყოფი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისგან ერთ ადგილზე პანჩური არ მიიღეს, ყველას რაღაცის ეშინოდა... ბრძანება, სამწუხაროდ, დიდი დაგვიანებით იქნა გაცემული...“.
გადამდგარი სამხედროები ყვებიან, რომ მედვედევმა „ვერ ივარგა“ და რომ არა ვლადიმერ პუტინის ხისტი გადაწყვეტილებები, მსხვერპლი მათს მხარეს კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. პრინციპში, იმ მსხევრპლსაც, რომელსაც რუსული მხარე, მართალია, გაზვიადებულად წარმოაჩენს, სამხედროები პირდაპირ მედვედევის სისუსტესა და გაუბედაობას მიაწერენ.
რუსული მედია, ამ შეფასებებისა და პრაქტიკულად, დადანაშაულების შემდეგ პრემიერის კომენტარის მოლოდინშია, რადგან ფიქრობს, რომ ფილმი „დაკარგული დღე“ მთლიანად მაშინდელი პრეზიდენტის ქმედებების მკვეთრად უარყოფითი შეფასებაა და რაც მთავარია, მედვედევის „დაგვიანებული ნაბიჯები“ მსხვერპლის მთავარ მიზეზადაა დასახელებული.
თუმცა ამ „ორჭოფობას“ თავის დროზე ახსნა მოუძებნა თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უმაღლესი საბჭოს“ თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, გერმანიაში მცხოვრებმა ალან ჩოჩიევმა, რომელმაც ერთ-ერთ ოსურ გაზეთს მისცა ინტერვიუ და განაცხადა, რომ აგვისტოს 5-დღიანი ომი მოსკოვის მიერ დაგეგმილი „პროვოკაცია“ იყო, რომელსაც რამდენიმე მიზანი ჰქონდა: ოსების გენოციდი, სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთზე მიერთება.
მისი თქმით, ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა ქართველებს არ დაუხოცია. ეს რუსეთმა გააკეთა: „რუსული არმია 2 დღე და ღამე იმას ელოდებოდა, თუ როდის დახოცავდნენ ქართველები მშვიდობიან მოსახლეობას, რომ მერე მათთვის გენოციდი დაებრალებინათ“ - ამბობს ჩოჩიევი, მაგრამ იქვე განმარტავს, რომ მოსკოვის მიერ დაგეგმილი „გენოციდი ქართველების მხრიდან“ არ შედგა, რადგან რუსმა გამომძიებლებმა და ექპერტებმა ყველაზე დიდი, 160 ცხედარი აღმოაჩინეს, მშვიდობიანი მოსახლეობა კი ქართველებს არ დაუხოციათ.
ჩოჩიევის თქმით, მოსკოვის მიერ წინასწარ დაგეგმილ ოსების გენოციდზე მეტყეველებს ისიც, რომ ადგილობრივმა „კგბ“-მ შტურმის შესახებ შეტევამდე 4 საათით ადრე იცოდა. ნახევარი საათით ადრე კი, ედუარდ კოკოითმა სამხედროები შეკრიბა და მათ სახლებში წასვლა უბრძანა. და ეს მაშინ, როცა თავად ჯავაში გაემართა, სადაც 58-ე არმია იდგა…
„გრადებს“ შეუძლია დაანგრიოს სახლები, მაგრამ არა სარდაფები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმალებოდა. ასეთი რაოდენობა მსხვერპლისა კი ლაპარაკობს იმაზე, რომ ქართული ჯარი არ ყრიდა სარდაფებში ბომბებს, როგორც ამას მათ აბრალებენ. არცერთი შემთხვევა ასეთი დაფიქსირებული არ არის. ანუ, რეალურად, სააკაშვილი არანაირ გენოციდს არ გეგმავდა, რაც არ უნდა ილაპარაკონ ეხლა - დარწმუნებულია ჩოჩიევი.
მის ინტერვიუს სათაურიც ასეთი აქვს - „პატარა, გამარჯვების მომტანი გენოციდი“.
0