Сaucasus Times: აფხაზეთში, ქართველებს, დისკრიმინაციის პირობებში უწევთ ცხოვრება Сaucasus Times: აფხაზეთში, ქართველებს, დისკრიმინაციის პირობებში უწევთ ცხოვრება />


  07:48:45     08-08-2012

Сaucasus Times: აფხაზეთში, ქართველებს, დისკრიმინაციის პირობებში უწევთ ცხოვრება

a20509.jpg

საინფორმაციო სააგენტო Сaucasus Times-მა გალის რაიონში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც ერთგვარად ასახავს ქართველების ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონში. სააგენტოს რედაქტორმა გამოკითხვის შედეგების შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ისლამ ტეკუშევი ამბობს, რომ ქართველებს დისკრიმინაციის პირობებში უწევთ ცხოვრება.

მისი თქმით, ჩატარებული გამოკითხვის დროს, როცა კითხვა შეეხებოდა, თუ რას ისურვებდნენ - „დამოუკიდებლობას“ თუ „საქართველოს შემადგენლობაში შესვლას“, გალის ქართული მოსახლეობა პირდაპირ პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა. მათთვის საქართველოსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა ძვირფასია - ასეთია გამოკითხვის შედეგი, თუმცა ცალსახა პასუხისგან თავის არიდებას ობიექტური მიზეზი აქვს. გალელებს არ სურთ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“, მაგრამ ვერც სხვა სურვილს აფიქსირებენ ხმამაღლა, რადგან ამას თავისი თანამდევი ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

„ჩვენ ანკეტაში გვქონდა პასუხის რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად: რა სტატუსით ხედავთ მომავალ აფხაზეთს: „საქართველოს შემადგენლობაში“, „რუსეთის შემადგენლობაში“, „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ და „მიჭირს პასუხის გაცემა“. და ქართული მოსახლეობის ძალიან დიდმა პროცენტმა სწორედ უკანასკნელი ვარიანტი აირჩია, შიშის გამო, რომ ამას რაღაც შედეგები მოჰყვებოდა. ამასთან, მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაჭრით განაცხადა, რომ საქართველოში სურს ცხოვრება“ - ამბობს სააგენტოს რედაქტორი.

რატომ ბრუნდებიან ქართველები გალში და როგორ გრძნობენ იქ თავს? ისლამ ტეკუშევის თმით, ისინი ბრუნდებიან იმდენად არა აფხაზეთში, რამდენადაც თავის კულტურულ და ეთნიკურ არეალში, რადგან გალის ტერიტორიაზე დიდი ხანია ცხოვრობენ.

„სხვა საქმეა, რომ ისინი სრულიად ახალ პოლიტიკური და კულტურულ პირობებში აღმოჩნდნენ: რესპუბლიკაში, რომელიც თავის საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებას ამ ქართული მოსახლეობის კულტურული და ეთნიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ ავითარებს. აფხაზი ქართველები, მას შემდეგ, რაც რუსეთმა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო, გარკვეულწილად, რეზერვაციაში მოყვნენ. გალის რაიონში გადის საზღვარი და ბევრი სოფელი მოწყვეტილი დარჩა საქართველოსგან, სადაც მათ ნათესავები ჰყავთ. ადრე იოლად გადაადგილდებოდნენ, დღეს კი ეს გართულებულია - დგას საკონტროლო-გამშვები პუნქტი. მისი გავლა შესაძლებელია, მაგრამ ეს გარკვეულ პროცედურას მოითხოვს. ისინი შეზღუდეს გადაადგილებაში, მოსწყვიტეს კულტურულ და ეთნიკურ არეალს და იძულებულები არიან იცხოვრონ ახალ აფხაზეთში, სადაც დისკრიმინაციაა“ - ასეთია Сaucasus Times-ის შეფასება.

ტეკუშევის შთაბეჭდილებით, გალი დღეს დეპრესიული რაიონია, სადაც ყველაზე  მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი. და შექმნილი პირობების გამო ქართველები იძულებული არიან სამუშაო „რესპუბლიკის“ დედაქალაქში ეძებონ. თუმცა დისკრიმინაცია აქაც აშკარაა: ქართველები უმეტესწილად დასაქმებულები არიან მომსახურების სფეროსა და სამშენებლო ობიექტებზე, და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი განათლების მაღალი დონე აქვთ.
0

ავტორი: