მოსკოვზე ზეწოლამ გაჭრა? „კავკაზ 2012“-ს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო ბაზები გამოეთიშნენ მოსკოვზე ზეწოლამ გაჭრა? „კავკაზ 2012“-ს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო ბაზები გამოეთიშნენ />


  15:46:06     07-08-2012

მოსკოვზე ზეწოლამ გაჭრა? „კავკაზ 2012“-ს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო ბაზები გამოეთიშნენ

a20503.jpg

მოსკოვში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ ზედმეტი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად მიიღეს. რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ალექსანდრ პოსტნიკოვმა ჟურნალისტებს დღეს სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი სამხედრო წრთვნების რამდენიმე ახალი დეტალის შესახებ აცნობა.

კერძოდ, შეიცვალა პირველადი გეგმა და სწავლებას გამოეთიშებიან აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და სომხეთში განთავსებული რუსული ბაზების ქვედანაყოფები. გარდა ამისა, პოსტნიკოვის თქმით, სწავლებას უშუალოდ მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძალები გაივლიან - მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ანუ, შეიცვალა გეგმა იმასთან დაკავშირებითაც, რომ პირველი ვარიანტის მიხედვით, წრთვნაში მარიონეტული რეჟიმების „არმიებიც“ უნდა ჩართულიყვნენ და მანევრები ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიებზეც უნდა ჩატარებულიყო.

„იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ დამატებითი დაძაბულობა ჩვენს ზოგიერთ მეზობელთან ურთიერთობაში, სამხედრო სწავლების მონაწილეებს შორის აღარ იქნებიან სომხეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ბაზების ქვედანაყოფები. მონაწილეთა შორის არ არიან სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები. თავისთავად, „კავკაზ 2012“ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს პოსტნიკოვმა.

მისი თქმით, მართალია, წრთვნაში 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს სხვა ქვეყნებს საფრთხეს არ შეუქმნის.

„სწავლება არ იქნება ფართომასშტაბიანი. მასში 8 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით, 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო შეიარაღება, 100 ერთეული საარტილერიო დანადგარი, 10-მდე გემი და კატერი, ავიაცია კი 80-მდე გაფრენას განახორციელებს“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ სწავლების მიმართულება არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისა და სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისთვის“.

პოსტნიკოვის თქმითვე, სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-ის დროს მოხდება
საბრძოლო გასროლები ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებიდან - „ისკანდერებიდან“.

შეგახსენებთ, რუსეთს სამხედრო წრთვნა „კავკაზ 2012“-ის ჩატარებაზე თავშეკავებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. რამდენიმე დღის წინ, სწავლების საერთოდ გაუქმება მოითხოვა აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ, რომლის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა კრის სმიტმა, ამ ფონზე, ამერიკის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ მოუწოდა. მანვე განაცხადა, რომ ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უხეშ ქმედებადაა შეფასებული.

0

ავტორი: