14:11:42     07-08-2012
მინსკში მოკლული ბონდო შალიკიანი, გამოძიების ვერსიით, კრიმინალურ გარჩევებს შეეწირა

ბელორუსის მედია მინსკში კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის შესახებ იუწყება. სავარაუდოდ, საუბარია სწორედ ბონდო შალიკიანზე, რომელიც სააგენტო „apsny.ge“-ს ცნობით მინსკში მოკლეს. მას რამდენიმე ტყვია, მათ შორის თავშიც აქვს მოხვედრილი.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ წუხელ, მინსკში, ვარდების რევოლუციამდელ საქართველოში ერთ-ერთი გავლენიანი პერსონა - ბონდო შალიკიანი მოკლეს. მასთან ერთად მოკლულია „კავკასიური გარეგნობის“ კიდევ ერთი პირი.
ბელორუსის მედია წერს, რომ მკვლელობის გამოსაძიებლად სპეციალური ჯგუფია შექმნილი. თუმცა, სამართალდამცველები, ამ დრომდე, ჯერჯერობით, არ ახმაურებენ მოკლულის ვინაობას. იუწყებიან მხოლოდ იმის შესახებ, რომ მოკლულია კრიმინალური ავტორიტეტი ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება.
შალიკიანი მეტ-ნაკლებად გავლენიან პერსონად ითვლებოდა იმერეთში. ის ნავთობპროდუქტების ბიზნესს აკონტროლებდა და ტელეკომპანია „ქუთაისის“ მფლობელი იყო.
შალიკიანი, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის იმერეთის ექს-გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა არაერთხელ დაადანაშაულა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში.
2004 წლის მარტში კი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი სპეცოპერაციისას დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, ჩხრეკის დროს მის სახლში სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. სპეცოპერაციას მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.
0