08:00:31     07-08-2012
7–8 აგვისტო პოლიტიკური დუმილის დღეებად გამოცხადდა...

საქართველოში, 7-8 აგვისტო პოლიტიკური დუმილის დღეებად გამოცხადდა. ეს ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, "ხსოვნის კვირეულთან" დაკავშირებით, წინასაარჩევნო კამპანია პირველმა შეწყვიტა. „ამ დროს ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ომში დაღუპული გმირებისადმი პატივის მიგებით“,- აცხადებენ უმრავლესობაში.
„ჩვენ ყველანაირი სახის საარჩევნო კამპანიას შევაჩერებთ. ეს იქნება, როგორც სარეკლამო რგოლები ასევე "კარდაკარ" კამპანია, საჯარო შეხვედრები, ბუკლეტების დარიგება. მიგვაჩნია, რომ ამ დროს ყველამ პატივი უნდა მიაგოს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება არის საკითხი, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი", - განაცხადა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა. ინიციატივას სხვა პარტიებიც შეუერთდნენ.
კვირეული კი, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო 13 აგვისტომდე გასტანს. ორგანიზატორების ინფორმაციით, "ხსოვნის კვირეულის" ფარგლებში, სოფიო ტორჩინავას ფილმის - "ნელი მოქმედების ნაღმების" ჩვენება გაიმართება. ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებით საგამოფენო ცენტრში, გამოფენა - "საქართველოს მოპარული ისტორია" გაიხსნება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, შსს-ს საარქივო სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდები.
გამოფენა ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური მასალები, რომლებიც ასახავს საქართველოს რეალობას 1921 წლამდე, მეორე ნაწილში კი, საქართველოს გასაბჭოების ამსახველი მასალა. ასევე, გამოფენაზე მოხდება ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეციალური ნომრის პრეზენტაცია.
დღეს 17:00 საათზე, "თიბისი" გალერეაში გაიხსნება გამოფენა "მშვიდობა". გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული გმირების შვილები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემის ნიშნად, 7 და 8 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაეშვება სახელმწიფო დროშები...
0