დიდი ილარიონ თუალელი დიდი ილარიონ თუალელი />


  09:00:18     06-08-2012

დიდი ილარიონ თუალელი

a20464.jpg

24 ივლისს (ახალი სტილით 6 აგვისტოს) ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის ილარიონ თუალელის (თუალოელის) ხსენების დღეს.

მამა ილარიონ თუალელი-ხახულელი უნდა დაბადებულიყო დაახლოებით 970 წელს სამხრეთ საქართველოში. იგი მოღვაწეობდა ხახულში და ანტიოქიის მახლობლად თუალის მონასტერში.

წმინდა ილარიონის შესახებ ცნობები ძალიან ცოტაა შემონახული. ის ყოფილა ძალიან განათლებული ადამიანი და სახელგანთქმული მთარგმნელი და მწიგნობარი. 

გიორგი მცირე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების აღმწერი, გვიამბობს, რომ შვიდი წლის გიორგი მშობლებმა ტაძრისის მონასტერში მიაბარეს, ათი წლისა ტაძრისის მონასტრიდან ხახულში გადაიყვანეს. ეს მოხდა 1019-1020 წლებში. მანამდე გიორგი მთაწმინდელის მშობლები ფიქრობდნენ ვისთვის მიებარებინათ შვილი „და ვინმცა იხილეს სხუაჲ უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოძღვრებათა შინა განთქუმული, გარნა დიდი ილარიონი თუალოელი! რომელი-იგი მას ჟამსა, ვითარცა მთიები, ბრწყინვიდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა აწ წარმოთქუმად შეუძლებელ არს“.

ილარიონ ქართველს სთხოვეს პატარა გიორგის მშობლებმა აღეზარდა მათი შვილი. „ამას ნეტარსა შეჰვედრეს შვილი თჳსი და მონაზონებისა მიმართ წარმართებად ევედრებოდეს“.

მან პატარა გიორგი „ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა.“ წმინდა ილარიონმა შეასწავლა ქართველთა მომავალ მნათობს „ყოველივე საღმრთონი წერილნი ძუელისა და ახლისა სჯულისანი... და საგალობელნი იგი საწელიწადონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი“. ილარიონ თუალელმა აღკვეცა გიორგი მთაწმინდელი ბერად.

ამ მცირე ცნობიდანაც ჩანს რამდენად დიდებული ადამიანი იყო ილარიონ ხახულელი-თუალელი, მას ხომ გიორგი მცირე დიდს უწოდებს.

ღირსი ილარიონ თუალელი გარდაიცვალა დაახლოებით 1041 წელს.

გიორგი მთაწმინდელის აღზრდას ილარიონ თუალელთან ასე მოგვითხრობს გიორგი მცირე თავის შესანიშნავ თხზულებაში:

ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ

„მაშინ განიზრახეს საღმრთოთა მათ მოხუცებულთა თანაზრახვითა ზემოჴსენებულთა ამათ მამათაჲთა, რათა, პირველ ყოვლისა, ღმრთივ-სულიერსა ვისმე და მწყემსსა კეთილსა შეჰვედრონ შვილი თჳსი, რათა სულიერითა ჰასაკითა აღორძინდებოდის, და საღმრთოთა მათ სწავლათა სძესა მის მიერ სუმიდეს, და სისრულედ სათნოებათა წარემატებოდის. და ვინმცა იხილეს სხუაჲ უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოძღვრებათა შინა განთქუმული, გარნა დიდი ილარიონი თუალოელი! რომელი-იგი მას ჟამსა, ვითარცა მთიები, ბრწყინვიდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა აწ წარმოთქუმად შეუძლებელ არს. ამას ნეტარსა შეჰვედრეს შვილი თჳსი და მონაზონებისა მიმართ წარმართებად ევედრებოდეს. ხოლო წმიდამან მან, ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა, და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთვად უწყის. და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, და ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანა წარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა.

 ხოლო აუწყეს სწავლათაცა საეკლესიოთა და სამღდელოთა, რომელთა შინა, უმეტეს ყოველთა ჰასაკის სწორთა მისთასა, წარემატა, და საგალობელნი იგი საწელიწდონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირით დაისწავ[ლ]ნა. საღმრთოთა კულა წიგნთა კითხვისათჳს რად საჴმარ არს სიტყუად! რომელთა იგი შინა უაღრეს ძალისა თჳსისა დაშურა და გამოიცადა, რომელსა შინა არა სცემდა ძილსა თუალთა თჳსთა და ჰრულსა წამთა თჳსთა. ხოლო განსუენებასა კულა ჴორცთასა ყოვლადვე არა თავს იდებდა და მაშინდელი იგი წერილთა გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარცა წინდი რაჲმე, მომავალთა საქმეთათჳს მიიღო. და ესრეთ, ყოველნივე საღმრთონი წერილნი ძუელისა და ახლისა სჯულისანი, რომელნი ოდენ ჩუენსა ენასა პოვნა, ყოველნივე კეთილად გულად იხუნა“.

0

ავტორი: