08:33:08     06-08-2012
ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი დასრულდა
საბაზისო მომზადების ზაფხულის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონია საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა.
საზაფხულო კურსში მონაწილეობა ნატოს ხუთი წევრი და პარტნიორი ქვეყნის თერთმეტმა სამხედრო მოსამსახურემ და ქართველმა ჯარისკაცებმა მიიღეს. სწავლების წარმატებით გავლის სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა გიგი კალანდაძემ და კურსის ხელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცეს.
ამერიკელი, ნორვეგიელი, ესტონელი, სომეხი და ლატვიელი სამხედროები სამთო მომზადების სკოლაში NATO – ს პროგრამა – პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) ფარგლებში იმყოფებოდნენ. ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი 16 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს დასრულდა. სამი კვირის განმავლობაში სამხედროები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ.
სკოლის ინსტრუქტორებმა სკოლაში მოვლინებულ უცხოელ პარტნიორებს მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკა შეასწავლეს. ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციას ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ. ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით ასევე ტექნიკური cოცვა და სხვადასხვა სირთულის სიმაღლეებიდან დაშვებაც განხორციელდა.
mod.gov.ge
0