19:02:08     05-08-2012
„ოცნებას“, ბათუმის აქციაზე, მხარდამჭერები თბილისიდან მიჰყავს

შუამთობის დღესასწაულზე განცდილი კრახის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში დაგეგმილ აქციაზე სიტყვით გამოსვლა მაინც გადაწყვიტა. სხვა „აქცია-კონცერტების“ მსგავსად, კოალიციის ტურნე ბათუმშიც სტანდარტულია. საოცრებათა მოედანზე დამონტაჟდა სცენა, რა თქმა უნდა, ტყვიაგაუმტარი მინებით, პარტაქტივის მობილიზება კი სხვადასხვა რეგიონიდან ხდება.
ბათუმის აქციაზე მხარდამჭერები თბილისიდანაც წაიყვანეს. პრესა.ჯი - სთვის ცნობილი გახდა, რომ პარტიის სათაო ოფისიდან დღეს დილით 5 მიკროავტობუსი და 6 სამარშუტო ტაქსი გავიდა.
მძღოლები, რომლებსაც კოალიციის მხარდამჭერების გადაყვანა ევალებათ, აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომსახურების საფასური და საწვავი გუშინ უზრუნველყო.
ვრცელდება ინფორმაციაც რომ კოალიციის წარმომადგენლები რეგიონებში დადიოდნენ და მოსახლეობას ბათუმში წასვლას სთხოვდნენ. „ოცნების“ წევრები ახალგაზრდებს დასვენებას, ხოლო საკუთარი მანქანის მქონე მძღოლებს ბენზინის ავზის ავსებას ჰპირდებოდნენ.
პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი უკვე ბათუმში იმყოფება. ის გუშინ ურეკის რეზიდენციაში მანანა ბერიკაშვილთან ერთად მისასალმებელ სიტყვას იზუთხავდა.
ოლიგარქი აჭარაში გუშინ შუამთობის დღესასწაულზე მივიდა, თუმცა ადგილობრივები მას ოვაციით ნამდვილად არ დახვედრიან. გუშინ „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. ბიძინა ივანიშვილი, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, მმართველი გუნდის აქციაზე პარტაქტივთან ერთად მივიდა, რამაც ადგილობრივთა გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ოლიგარქს სოფლის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. „წადი, წადი, პუტინი უკან“,- სკანდირებდა ხალხი. სიტუაციის განსამუხტავად ოლიგარქს მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კეპის დახურვაც მოუწია.
ინცინდენტი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში არ გადაზრდილა. პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა შეძლო. ივანიშვილმა კი უძველეს დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებს ითვლის, მიხეილ სააკაშვილის დღესასწაული უწოდა. რაც შეეხება დღეს დაგეგმილ აქციას, ორგანიზატორებმა „სხვა აქციის“ მსგავსად, ბერას თაყვანისმცემლებს არც ბათუმში დაწყვეტეს გული. აქციაზე ივანიშვილის ვაჟის რეპიც აჟღერდება.
„მეოცნებეთა“ პრესსპიკერს თუ დავუჯერებთ, ბათუმში დღეს, “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქცია განსაკუთრებულია, რადგან ის არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ პირველია.ფანჯიკიძის განცხადებით, აქციაზე იქნებიან ადგილობრივი გამომსვლელები, ხოლო მთავარი სიტყვით აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
მანამდე კი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კოალიციის წევრის დაკავების შესახებ გაავრცელეს იფორმაცია და მომხდარი ამჯერადაც ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციად შეაფასეს. თუმცა როგორც პრესა.ჯი- მ გაარკვია, მახინჯაურიდან წაყვანილი გიორგი ხურციძე მოწმის სახით იკითხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის სალომე მახარაძის ინფორმაციით, კოალიციის ინფორმაცია თითქოს ხურციძე დაკავებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ამ წუთებში იწყება.
0