220 წელი დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან 220 წელი დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან />


  11:13:19     04-08-2012

220 წელი დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან

a20436.jpg

220 წლის წინ, 1792 წლის 21 ივლისს (ახალი სტილით 4 აგვისტოს) უკრაინაში, მირგოროდში გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი.

1787 წელს მან მოახერხა და გადასცა ერეკლე მეორის ვაჟს მირიანს, რომელიც ელჩად იყო წარგზავნილი რუსეთში, თავისი ერთადერთი ხელნაწერი წიგნი, „დავითიანი“, რომელშიც თავმოყრილი იყო მისი გენიალური ნაწარმოებები. ამ დროს უფლისწული მირიანი ეახლა უკრაინაში, კრემენჩუგში, თავად პოტიომკინს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა თითქმის მთელი იმპერიის პოლიტიკის წარმოება. გადმოცემის მიხედვით, რუსეთში ერთ-ერთი მდინარის გადაცურვისას ნავი გადაბრუნებულა, „დავითიანი“ პირადად მირიან ბატონიშვილს გადაურჩენია. ამგვარად შემოგვენახა სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი დიდი ქართველის შემოქმედება.

ძალიან ბევრს დაკარგავდა საქართველო „დავითიანი“ რომ არ გვქონდეს ეროვნული კულტურის საგანძურში. დავით გურამიშვილმა მოახერხა და დაძლია რუსთველის მიმბაძველთა სკოლის გავლენა თავის შემოქმედებაში. მისი პოეზია სრულიად ახალი სიტყვა გახლდათ, ახალი გამობრწყინება ქართული გენიისა. ის გახლავთ ერთ-ერთი ფუძემდებელი ახალი ქართული ლიტერატურისა.

როგორც ვიცით, დავით გურამიშვილს რთული ცხოვრება ჰქონდა. დაიბადა 1705 წელს, საგურამოში, გორისუბანში („მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორისუბანსაო“). მამას გიორგი ერქვა. თავადი გურამიშვილები ზედგინიძეების შთამომავლები იყვნენ. იოთამ ზედგინიძის გმირობის შესახებ ყველამ იცის. დედა, მზევინარი, ვახვახიშვილის ქალი იყო.
 
დაახლოებით 1727 წელს, პოეტი ლამისყანიდან მოიტაცეს ლეკებმა და დაღისტანში გადაიყვანეს. მოიტაცეს ვერაგულად, როგორც ჩვეოდათ, როცა წყაროსთან მივიდა და იარაღი მოიხსნა, თხუთმეტიოდე წუპაკი დაესხა თავს.

ლეკებს გამოეპარა და თერგის პირას დასახლებულ რუსებს შეაფარა თავი. შემდეგ 1729 წელს მოსკოვში ჩავიდა, სადაც ქართლის მეფე ვახტანგ VI ეგულებოდა. ემიგრანტმა მეფემ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. იმ დროიდან დაიწყო დიდი პოეტის აქტიური კულტურული მოღვაწეობა, რომელსაც ეწეოდა სხვა ქართველებთან ერთად, რომელნიც მეფეს გაჰყოლოდნენ რუსეთში.

მეფის მცდელობამ ნაყოფი ვერ გამოიღო. რუსეთს თავისი ინტერესები ჰქონდა. რუსეთის იმპერია ჯერ არ ფიქრობდა კავკასიის მიმართულებით თავისი პოლიტიკის გააქტიურებას. სამშობლოში დაბრუნება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ვახტანგ მეფის ქვეშევრდომი ემიგრანტებისათვის... არ იცოდნენ რა ელოდათ სამშობლოში, ექნებოდათ თუ არა არსებობის პირობები, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა მათი დაბრუნება და ა. შ.

ბევრმა მათგანმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. 1738 წელს შეიქმნა ქართველ ჰუსართა ასეული (შემდეგ პოლკად გადაკეთდა). რუსეთის იმპერიას აწყობდა ქართველი მეომრები ჯარში, პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურადაც. რუსებისათვის კარგი იქნებოდა ერთგული ქართველი არისტოკრატების ჩაბმა რუსულ სამხედრო საქმეში, რაც პოლიტიკაში გამოადგებოდათ მერე. ემიგრანტებმა მიიღეს მამულები რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში, ყველაზე მეტად უკრაინაში. ასეთი მამულები საქართველოში არც ექნებოდათ, ხშირად რუსი აზნაურები გაცილებით მდიდრები იყვნენ, ვიდრე მრავალრიცხოვანი ქართველი თავადები, გაღატაკებულნი და მამულდაკარგულნი.

დავით გურამიშვილმა მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში, მირგოროდსა და ზუბოვკაში. მონაწილეობდა რუსეთის ჯარის მოქმედებებში ოსმალეთის, შვედეთისა და პრუსიის წინააღმდეგ. თავიც ისახელა მამაცური ბრძოლით.

რუსეთ-პრუსიის ომი მიმდინარეობდა. კისტრინის ბრძოლაში გაქცეული პრუსიელების დევნაში ქართველ პოეტს ცხენი წაექცა, ჩამოვარდნისას მხარი იღრძო მამაცმა ქართველმა. თითქმის უგონო მეომარი პრუსიელებმა ტყვედ აიყვანეს. იჯდა მაგდებურგის ციხეში. 1759 წლის 4 ოქტომბერს მეომარ მხარეებს, რუსეთსა და პრუსიას, დაუდიათ ხელშეკრულება ტყვეთა გაცვლის შესახებ. იმავე წლის 7 დეკემბერს ქართველი პოეტიც გაუთავისუფლებიათ. 1760 წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს, ვინაიდან უკვე ვეღარ გამოჯანმრთელდა. ვეღარ შეძლებდა სამხედრო სამსახურს. ამ დროს პორუჩიკის ჩინი ჰქონდა. მეუღლესთან ერთად დასახლდა უკრაინაში, თავის მამულში, რომელიც მოვლას საჭიროებდა. თავი ხომ უნდა ერჩინა. სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო.

სხვა ქართველებიც დასახლდნენ უკრაინაში. მე პირადად შემხვედრია ლიტვაში, სამხედრო სამსახურში ყოფნისას იმ ემიგრანტების ერთ-ერთი შთამომავალი. მოვიდა ჩემთან ქერათმიანი ჯარისკაცი, გვარად ბარატოვი და მითხრა: „ჩვენ ბარათაშვილები ვართო“...

დიდი პოეტი გარდაიცვალა მირგოროდში. დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.

როგორც რამდენიმე დღის წინ ვწერდით, დღეს 4 აგვისტოს, 13:00 საათზე, დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმისა და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ ინიციატივით უკრაინის ქალაქ მირგოროდში დიდი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან 220 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.
 
ღონისძიების  მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ღონისძიებას ესწრებიან: საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე, უკრაინის კულტურის სამინისტროსა და რადას ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლები, უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელისა“და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონებიდან, ცნობილი ქართველი მწერალები, მირგოროდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლტავის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს, მირგოროდის ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მონაწილებას ქართული შემოქმედებითი კოლექტივები და  ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერიელი“. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებიან საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“ და „ცოტნე დადიანის“ დარბაზის გუნდი.

ამ წიგნთა გამლექსავის გვარისა და სახელის გამოცხადება

დავითიანი ვსთქვი დავით გურამისშვილმან გვარადო,
ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა ნორჩის მგვანადო;
ცხოვრების წყაროს უხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო,
ამად ვსთქვი ჯვარზედ ვნებული ცრემლნი იდინოთ ღვარადო.

ვენახის ღვინო დაძვირდა, ქართლს დაემტერა რა ჭარი,
ვიმცვრივე ჭალას ბაბილო ნაქაჯი და ნაჭაჭარი;
მოსახსენებლად ჩემდა ყრმად უმზადე ტკბილი მაჭარი,
ავს სარგებელსა არა იქს ამ უსასყიდლოს ვაჭარი.

ამისთვის მე არ შევსძეძვე, რაც დავრგე იგავთ ხე ველად,
უფრო ადვილად აღვლიან ზედ ყრმანი დასარხეველად.
სასმელად უძღვენ თერმონი, არ ცუდად დასანთხეველად.
ყრმათ შევავედრე ეს წიგნი, არ შექმნან დასახეველად.

ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,
ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა.
ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,
ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და.

ვით მხედარს - ყრმისა მცირისა წკეპლასა ზედან ჯდომანი
მიემზგავსების ცხენოსანს ჯოხით რბენა და ხლდომანი,
ეგრეთვე შოთა რუსთველსა ეს ჩემი ლექსთ მიხდომანი,
ცუდად მომიხდა გვაჯითა ბაძით უმზგავსო ნდომანი.

მე ყრმათა მზგავსად მომიხდა ნამცვრევთ წალკოტთა მცვრევანი.
ბზაკალითა და წიწკიტით მონადირეთში რევანი;
ვერც ხილი ვჰპოვე, ნადირთაც ძალა არ მაქვნდა რევანი,
ვა, შემრჩა ცუდსა მეთევზეს უბრალოდ წყალთა მღვრევანი.

მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით მარგალიტს - ჩალის ძირსა;
მაგრამ მიმროთიც კეკლუცნი ტურფად მოიკაზმენ პირსა;
ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა,
დრო მოვა რომ გატკბილდების, ხილად სჭამდენ პანტის ჩირსა.

ცხენი მარტო მორბენალი მუხლ მოკლედიც გამალდების,
სად მაღალი არცად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების.
თვალად ნასსა ალამაზებს, ვის ლამაზი არ ახლდების,
ამ წიგნს წიგნად მოიხმარებს, ვინც სხვას წიგნსა ვერ მიხვდების.

მე საწუთრომ ბერწოვნება მომახვედრა თავში კობლად:
ძე არ მომცა, არც ასული, შემქნა სახლ-კარ დასამხობლად,
ამ ლექსთ თავი მოუყარე, საცა მეთქვა თვითო ობლად,
ეგების რომ ბრძანო ვინმემ სიტყვა ჩემთვის შესანდობლად.

მე უშვილომ ეს ობოლი მძლივ გავზარდე დიდის ჭირით:
რაც ვიცოდი საცოდნელი, მას ვასწავლე სიბრძნე-მცირით.
მოვკვდი, დამრჩა უნათლავი, ვერ შევიძელ მე სიმწირით,
ვინც მონათლავს, მე მას ვლოცავ ცოდვილისა ჩემის პირით.

ბრძენსა კაცსა ვეხვეწები, ეს ობოლი მამინათლოს;
თუ რამ იყოს სხვის სჯულისა, მომიქციოს, გამიქართლოს,
ან თუ იყოს მატყუვარა, ეცადოს, რომ განმიმართლოს,
სხვასი ნურას მოინდომებს მაზედ მეტსა უსამართლოს.

ამად ვიხოტბე, შევკრიბე ცრუის საწუთროს ყბედობა,
მე ძე არ დამრჩა ბედკრულსა, ეს არის ჩემი ბედობა.
ყრმაო, შენ ძმობას გენუკვი, ასულო, მიყავ შენ დობა,
ვინც წაიკითხოთ ეს წიგნი, მიბრძანეთ ცოდვილს შენდობა.

ღმერთმან თქვენ, ძმანო ცოცხალნო, გიხსნასთ ყოვლისა ჭირითა!
გარდაგიქციოსთ სიცილად, რასაც რომ ღმერთს შესტირითა;
თქვენ მე ცოდვილს მკვდარს მიბრძანეთ ცხოვნება კაის პირითა,
აგების ღმერთმან დამიხსნას ჯოჯოხეთისა მწვირითა.

რაც დამრჩა, ვერ ვსთქვი, მეწადა მეთქვა გრძლად, თავი მეცადა.
ვერა ვსთქვი, მოცლას უცდიდი, ნეტამცა არა მეცადა!
მესწრაფა სევდის ლახვარი, საკვდავად გულსა მეცა და,
აწ ამას ვღონობ, არ ვიცი, ქვესკნად წავალ თუ მე ცადა!

ამისთვისა ვარ მოწყენით, ვსტირი და არ მემღერების,
პირს შემდები არს სიკვდილი, არავის დაეფერების;
არც ხვეწნით, არცა ქრთამითა, არც ხრმლითა მოიგერების,
მაშინვე ქვეშ ამოიდებს, ვისაც რომ დაეძგერების.

მამაო, თავსა მფარავი დაგედგა კარგი კარავი,
განიარი და მაღალი ხელთაგან მიუკარავი,
შიგ ვიყავ, სადღაც გამაგდე, პაღური ამამკარ ავი,
მით ცრემლი ჩემი ზღვად გახდა თვალთაგან ნაწანწკარავი!

ფუ, შენ, ცრუო საწუთროვო, რად არ მძულდი, რად მიყვარდი?!
შენ ყოფილხარ მწარე, შხნაკვი, მე მეგონე ტკბილი ყანდი.
აქ საკვდავად რად მოგყვანდი, თუ მუნ ცოცხალს წამიყვანდი?
რატომ აგრე უწყალო ხარ, სასიკვდილოდ არ შაგწყალდი?!

პაპის პაპა, ბებიანი, მამის მამა, დედის დედა,
მამა, დედა, ძმანი, დანი, ცოლი, შვილნი, ზედი-ზედა
ღმერთმან ყველა მას უცხოვნოს, თვით აშოროს მას წარწყმენდა,
ვინც ეს წიგნი განაწიგნა კითხვად შესაქცევლად ჩვენდა!

0

ავტორი: