09:21:39     04-08-2012
აშშ-ის ჰელსინკის კომისია რუსეთს სამხედრო წრთვნების გაუქმებისკენ მოუწოდებს
ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კრის სმიტმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს სამხედრო წრთვნა „კავკაზ 2012“, რომელიც სექტემბერში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრეა დაგეგმილი.
აღნიშნული განცხადება გამოქვეყნებულია საქართველო-აშშ-ის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სმიტის თქმით, რუსეთი სამხედრო სწავლებას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იწყებს, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიებია. „სწავლება უნდა გაუქმდეს. ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ეუთოს ჰელსინკის შეთანხმებითაა დაცული“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სამხედროს სწავლება „კავკაზ 2012“ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წრთვნა უნდა იყოს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ის ჩატარდება არა მარტო რუსეთის, არამედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე.
როგორც ამ წრთვნებთან დაკავშირებით „ნეზავისიმაია გაზეტა წერს, „ეს იქნება მასშტაბური და ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ რეალიებთან მიახლოებული სწავლება“ და დასძენს, რომ ეს განსაკუთრებული სამხედრო მანევრი იქნება.
„კავკაზ 2012“-ში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ჯარები მიიღებენ მონაწილეობას - იტყობინებიან რუსეთის ოფიციალური წყაროები. სამხედრო უწყებები კი არ მალავენ, რომ ეს იქნება 2012 წლის მთავარი მოვლენა სამხედრო ძალების მოღვაწეობისა.
კრის სმიტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი წრთვნების ჩატარების გეგმა მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-მა უნდა გაზარდოს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვნების ჩატარება არის უხეში ფანდი დაშინებისათვის. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს“ - განაცხადა კონგრესმენმა.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო, რომელსაც ევალება, თვალი ადევნოს ჰელსინკის შეთანხმებების შესრულებასა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკური, ეკოლიგიური და სამხედრო თანამშრომლობის მდგომარეობას 65 ქვეყანასთან. კომისიის შემადგენლობაშია აშშ-ის სენატის 9 წევრი, წარმომადგენელთა პალატის 9 წევრი და სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვისა და ვაჭრობის სამინისტროების თითო-თითო წარმომადგენელი.
0