წმინდა ილია მართლის ხსენების დღე („ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“) წმინდა ილია მართლის ხსენების დღე („ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“) />


  10:46:21     02-08-2012

წმინდა ილია მართლის ხსენების დღე („ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“)

a20386.jpg

20 ივლისს (ახალი სტილით 2 აგვისტოს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს.

ეს დღე ილიას სიცოცხლეში აღინიშნებოდა მის ანგელოზის დღედ და ძალიან უყვარდა საქართველოს უგვირგვინო მეფეს. 20 ივლისს (ახალი სტილით 2 აგვისტოს) არის ელია თეზბიტელის ხსენების დღე. დიდი ილია ყოველთვის პატიჟებდა სტუმრებს და განსაკუთრებით აღნიშნავდა ამ დღესასწაულს. ჩვენც აღვნიშნოთ და მივულოცოთ სრულიად საქართველოს.

ილია ჭავჭავაძე ქართველმა ხალხმა დავით აღმაშენებელთან ერთად ყველა დროის უდიდეს ქართველად აღიარა.

ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი უდიდესი ქართველი იყო... მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, იდეოლოგი, ისტორიკოსი, ფილოლოგი, სალიტერატურო ენის რეფორმატორი, მთარგმნელი, ბანკირი, ეკონომისტი და ა. შ. და ა. შ.

ეს მარტო იმიტომ კი არა, რომ საქართველოს მოღვაწეები აკლდა. ილიას დროინდელი საქართველო დიდი მოღვაწეების რაოდენობით არ ჩამოუვარდებოდა არც ერთ ევროპელ ერს (თუნდაც პროცენტული თვალსაზრისით).

ილია ჭავჭავაძის ზეკაცურმა ბუნებამ დაიტია უამრავი ტალანტი, სულ სხვადასხვა მიმართულებისა. მისი ტიტანური მოღვაწეობა ეყოფოდა ათეულ ადამიანს, რომ ერის ისტორიაში შესულიყო როგორც დიდი საზოგადო მოღვაწე.

ქართველ ხალხს ვულოცავთ წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს! დე, მისი ლოცვითა და მისი იდეოლოგიით გაიმარჯოს ჩვენმა სამშობლომ!

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ დიდი ილიას წერილს „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“. წერილი ძალიან საინტერესოა, დიდმა ქართველმა წინასწარ განჭვრიტა ევროპის მილიტარიზმის შედეგი. მართლაც, მილიტარისტულმა პოლიტიკამ ევროპა პირველ მსოფლიო ომში ჩაითრია. შედეგად უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი, ნგრევა, ეკონომიკის მოშლა. პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი შედეგი და გაგრძელება იყო მეორე მსოფლიო ომიც... ამ პერიოდში კი ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერდებოდა, დემოკრატიულ სტრუქტურებს ავითარებდა, ეკონომიკურად ვითარდებოდა...

მართალია, დღეს ამერიკა ყველაზე კარგად შეიარაღებული ზესახელმწიფოა, შეიძლება ითქვას, ჰეგემონიც კი მსოფლიო გეოპოლიტიკისა, მაგრამ ეს გამოწვეულია მისი სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო. სახელმწიფოთა შორის კონკურენცია მუდმივია...

ორივე მსოფლიო ომის შედეგად, ევროპას ამერიკამ გაასწრო ყველა მიმართულებით. ევროპული ქვეყნები დაასუსტა ომებმა, ამერიკა კი გააძლიერა... ამ თემაზე უამრავი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ სხვა დროისათვის გადავდოთ. დღეს კი უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ მსოფლიო პოლიტიკურ აქტორებს შორის, მომავლისათვის ყველაზე პერსპექტიიულად ილია ჭავჭავაძეს ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნდა, როგორც ჩანს ამ წერილიდან და ილია მართალი, როგორც ყოველთვის მართალი გამოდგა.

ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი

ერთაშორისი დაუნდობლობა, ომი და სისხლის ღვრა რომ კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სულის შემხუთავი და დამღუპავია, ეს დიდი ხანია შეგნებული აქვსთ მეცნიერებისა და მწერლობის წარმომადგენელთ. იმისდა მიუხედავად, რომ ეგ აზრი მეტად ადვილი გასაგებია, მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს; ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ. ასორმოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი მონტესკიე სჩიოდა, რომ ევროპა თანდათან უმატებს ჯარებსა და თოფ-იარაღს, ამისათვის არა ჰზოგავს არავითარ ხარჯს და ამითი თავს იღარიბებს და იღატაკებსო.

მონტესკიეს სიტყვას არავინ გაუფრთხილებია და დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ-იარაღში სხედან და მზად არიან ერთმანეთი სისხლის მორევში დაარჩონ. ევროპის ამგვარს ყოფა-მდგომარეობას ერის გაღარიბება, გაღატაკება მოსდევს. ამჟამად ევროპას თექვსმეტ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს. ამ მოკლე ხანში ოც მილიონამდე შეისრულებს. ერთის სიტყვით, მთელს ევროპას თოფ-იარაღის ქვეშ ჰყავს ერთი მერვედი მთელის მუშა, მწარმოებელი ხალხისა. ეს ერთი მერვედი წლიდგან წლამდე არაფერს აკეთებს, მხოლოდ სამხედრო ხელობაში ვარჯიშობს და თავის თანაოძმეთა ნაშრომითა და ნაღვაწით იკვებება. საფრანგეთი, რომელსაც ოთხ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს, ჯარსა და ფლოტს ანდომებს წელიწადში 900 მილიონ ფრანკზე მეტს.

ეს ფული ყველა მკვიდრზე რომ გავანაწილოთ, გამოვა, რომ თითო მკვიდრი ჯარისა და ფლოტის შესანახად იხდის წელიწადში 24 ფრანკსა და ნახევარს. ინგლისის თითო მკვიდრი იხდის წელიწადში 21 ფრანკს, და გერმანიისა 12 ½-ს.

ეხლა ვნახოთ, რამდენი ჯარი ჰყავს ჩრდილო ამერიკის შტატებს და რამდენი ეხარჯება. ამ შტატებს ჰყავს მხოლოდ 27 000 ჯარისკაცი. ამ მცირე ჯარის შესანახად თითო მკვიდრი წელიწადში იხდის 4 ½ ფრანკს.

როგორც ჰხედავთ, ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩება ევროპისას. სამაგიეროდ ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპაზე და თანდათან იმორჩილებენ ევროპას. თუ საქმე ამგვარად წავიდა, იმედია, რომ შტატები ეკონომიურად სულ ერთიანად დაიმორჩილებენ ევროპას, რომელიც აუცილებლად გაკოტრდება. მაშინ, როდესაც შტატები თანდათან იხდიან სახელმწიფო ვალებს, ევროპის სახელმწიფონი - კი თანდათან ვალებში სცვივიან.

რაც დრო მიდის, ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება.

ამ მხრით ამერიკა სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს. ამერიკის სახელმწიფოთ აზრად აქვთ სახელმწიფოთა ძმური კავშირი დაადგინონ, რისათვისაც ქალაქ ნიუ-იორკში კონგრესი შეიკრიბება. ამ კონგრესზე ლაპარაკი ექნებათ იმის შესახებ, თუ რა პირობითა და რა საშუალებით უნდა შეერთდნენ ამერიკის სახელმწიფონი ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო ამერიკისა არ დაიჩაგროს. სხვათა შორის, კონგრესზე ისიც გადაწყდება, რომ სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგებითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე. უეჭველია, რომ რაკი ამერიკის სახელმწიფონი ძმურად მორიგდებიან, მხედრობით გატაცებულს ევროპას კიდევ უფრო დასცემს ეკონომიურად და მსოფლიო მეთაურობასაც დაიმკვიდრებს ამერიკა.

ტფილისი, 25 თებერვალი, 1889 წელი

0

ავტორი: