09:16:51     01-08-2012
ქოლაგირი (ცურტავის ციხე)
ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელი სიმაგრეთაგანია ქოლაგირის ციხე-გალავანი. იგი აგებულია ერეკლეს მეუღლის, დარეჯან დედოფლის მიერ 1788 - 1798 წლებში. ციხის დანიშნულება იყო დაეცვა სამხრეთიდან ქვემო ქართლზე მომავალი გზა და ამავე დროს, ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობაც დაეფარა საჭიროების შემთხვევაში. როცა მტრებს ამ ციხის მშენებლობის დაწყება გაუგიათ, ხელის შეშლა განუზრახავთ და რამდენიმეჯერ თავდასხმა მოუწყვიათ. საჭირო შექმნილა სპეციალური დაცვა, რომელიც მომხდურთ საკადრის პასუხს გასცემდა. ციხე აშენდა, მაგრამ მას ქვეყნის დაცვისათვის სამსახური ცოტა ხანს მოუხდა.
ციხე დგას ბილნისის რაიონში, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირას, ვაკეზე. მისი გეგმა კვადრატულია და მეტად ვრცელი ტერიტორიაც უჭირავს. კუთხეებში დიდი ზომის ცილინდრული კოშკები დგას. გარდა ამისა, გალავანს სამხრეთითა და ჩრდილოეთით გარედან ხუთ-ხუთი ნახევარცილინდრული კოშკი მიუყვება, ორ დანარჩენ მხარეს კი ასეთი კოშკი ოთხ-ოთხია. იმავე მხარეების ცენტრებში დგას ოთხკუთხა კოშკები, რომელთა ქვედა სართულებში ციხის ჭიშკრებია მოწყობილი. კოშკებიდან აღმოსავლეთისა დიდია და სწორედ აქედან იყო მთავარი შესასვლელიც.
მთავარი ჭიშკრის კოშკი სამსართულიან, რთულ ნაგებობას წარმოადგენს. პირველ სართულში თაღოვანი გასასვლელია. მის ორივე მხარეს მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებია. აქ რამდენიმე ოთახია. მესამე სართული უფრო მრავალფეროვანია, იგი აღჭურვილია საცხოვრებელი და საბრძოლო ელემენტებით.
კუთხის კოშკები ერთნაირადაა გადაწყვეტილი. ოთხი სართულიდან მეორე და მესამე კამაროვანი გადახურვითაა. მეოთხე კი ქონგურებიანი ბანია. სართულების კედლებში განლაგებულია სარკმლები, ნიშები, ბუხრები, სათოფურები და სხვა. ბანი კი მხოლოდ საბრძოლო იყო. მის კედლებში მხოლოდ საზარბაზნეები, სალოდეები და სათოფურებია.
ციხის კედლების ორი იარუსიდან ქვედა ყრუა, ზემოთ კი სათოფურებია ჩამწკრივებული. უხვადაა საბრძოლო ელემენტები კვდლვბის გასწვრივ მდებარე კოშკებშიც.
მშენებლებს ციხის მორთვაზეც უზრუნიათ. შესანიშნავადაა მორთული მთავარი შესასვლელის ფასადები, სადაც გამოირჩევა მიჯაჭვული ლომების ბარელიეფები.