14:45:26     30-07-2012
ჟურნალისტი გიგა ლიპარტელიანი, ივანიშვილს მკვლელობის ორგანიზატორობაში ამხელს

პოლიტოლოგი გიგა ლიპარტელიანი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს რუსეთში მცხოვრები ე.წ კანონიერი ქურდის, ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებს. კანონიერი ქურდი 1994 წელს მოკლული იპოვეს.
პუბლიცისტმა, ადრე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებს ახალი წიგნი „სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს“ წარუდგინა.
ლიპარტელიანი ირწმუნებოდა, რომ 160 გვერდიანი წიგნი ასახავს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შავ-ბნელ საქმეებს. ავტორი კანონიერი ქურდის მკვლელობაზე სწორედ ამ წიგნში წერს.
პრესა.ჯი სკანდალური წიგნის ავტორს ესაუბრა:
„1994 წელს ქართველი კანონიერი ქურდის ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან და მის ბიზნესებთან რუსეთის ფედერაციაში. როცა ის მოკლეს, ბიძინა ივანიშვილი ბანკ ,,რასიისკი კრედიტის" პრეზიდენტის პოსტის ტოვებს და ორი წლით იკარგება და უფრო მეტი კაპიტალით შემოდის რუსულ ბაზარზე, რაც ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს“,- ამბობს ის.
ჟურნალისტის განცხადებით, კაპიტალის შეგროვების პირველ ეტაპზე კოალიციის ლიდერს კავშირი ჰქონდა მოსკოვის ყოფილ მერთან, იური ლუჟკოვთან და ძმებ კვანტრიშვილებთან, მოგვიანებით კი, ყაზახ ვასილ ანისომოვთან, რომელმაც ივანიშვილი ალუმინის ბიზნესში ჩართო.
„რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქართველი ხალხის ბედის განკარგვას რუსეთს მიართმევს“,- განაცხადა ლიპარტელიანმა.
- და რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის გამოშვება...
- წიგნი გამოიცა ჟურნალისტური გამოძიების საგენტო "რეპუტაციის" მიერ და ის ივანიშვილის დანაშაულებრივ საქმიანობასა და კონკრეტულ ფაქტებზეა აგებული. რომ არა ივანიშვილის პოლიტიკური ამბიციები, ამ წიგნს არ გამოვცემდი, მაგრამ ახლა მინდა ყველამ გაიგოს, რომ ივანიშვილი რუსეთში საბჭოთა კავშირის რეცეპტითაა დამზადებული. წიგნის ყველა დეტალს ვერ გეტყვით, მაგრამ მკითხველი ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს. რაც შეეხება კითხვას, თუ ვინმე იფიქრებს რომ ჩემი წიგნი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერაა შეკვეთილი, მათ გასაგონად ვამბობ, რომ სიმართლეს სასამართლოში გავარკვევთ. წიგნი ჩემი ხარჯებით გამოვეცი.
- თქვენ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს ახალი კანონის შემოღებაც სთხოვეთ...
- წინასაარჩევნოდ, აუცილებელია დაფინანსების შესახებ კანონი გამკაცრდეს და ეს არ ეხება მარტო „ქართულ ოცნებას“, უნდა აეკრძალოს ყველა ორგანიზაციას პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რომლებიც რუსეთისგან ფინანსდებიან.
რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 % აქვს ოკუპირებული და მასთან მეგობრობის მსურველი პოლიტიკოსების ბოგინი უნდა აღიკვეთოს".
პრესა:ჯი კომენტარისთვის ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა, რომელმაც პრესა.ჯი-ს ჟურნალისტს ჩვეული ირონიით უპასუხა.
„მე ახლა ყვარელში ვიმყოფები და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ვხვდები, რაც იმ სულელურ კითხვაზე მნიშვნელოვანია, რასაც „პრესა.ჯი“-ს დამოუკიდებელი ჟურნალისტი მისვამს. თქვენ იმდენი შეგნება უნდა გქონდეთ, რომ მსგავსი წიგნის შესახებ ჩვენ არ უნდა დაგვირეკოთ. ყველამ ვიცით, რას ემსახურება ეს ყველაფერი“ – განგვიცხადა ფანჯიკიძემ.
0