გრიგოლ აბაშიძე ბოლოს ნაღვლიან ლექსებს წერდა გრიგოლ აბაშიძე ბოლოს ნაღვლიან ლექსებს წერდა />


  09:01:03     30-07-2012

გრიგოლ აბაშიძე ბოლოს ნაღვლიან ლექსებს წერდა

a20302.jpg

როგორც აღვნიშნეთ, ამ დღეებში ორიოდე პუბლიკაცია უნდა მივუძღვნათ დიდ ქართველ პოეტს, მწერალს და მთარგმნელს გრიგოლ აბაშიძეს.

29 ივლისი მისი გარდაცვალების დღეა (გარდაიცვალა 1994 წელს). ძველი სტილით 19 ივლისი (ახალი სტილით 1 აგვისტო) მისი დაბადების დღეა. როგორც აღვნიშნეთ წინა პუბლიკაციაში, გრიგოლ აბაშიძემ გაამდიდრა ქართული ლიტერატურა შესანიშნავი ლექსებით თუ რომანებით, ასევე გვაჩუქა ბრწყინვალე თარგმანები. ქართველი მკითხველი კი ოდითგანვე დიდი ინტერესით ეცნობოდა უცხოურ ლიტერატურას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გვაქვს გრიგოლ აბაშიძის მიერ გენიალურად თარგმნილი დიდი ბულგარელი პოეტების - ქრისტო ბოტევისსა და ივანე ვაზოვის, დიდი რუმინელი პოეტის მიხაი ემინესკუს, დიდი ჩეხი პოეტის იან ნერუდას, დიდი უნგრელი პოეტის შანდორ პეტეფის, დიდი სპარსი პოეტის ნიზამი განჯელის რამდენიმე ლექსი.

უნდა აღინიშნოს, რომ შანდორ პეტეფის მშობლიურ ქალაქ კიშკოროშში მდებარე სახლ–მუზეუმის ეზოში (ე.წ. „პოეტების გალერეა,“ სადაც დგას პოეტების ძეგლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც პეტეფის პოეზია თარგმნეს) აღმართულია გრიგოლ აბაშიძის ძეგლიც (ძეგლის ავტორი - მოქანდაკე  თეზი ასათიანი).

დიდი პოეტი, გრიგოლ აბაშიძე, როგორც ვთქვით დაიბადა 19 ივლისს (ახალი სტილით 1 აგვისტოს) 1914 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს.
 
მკითხველს ვთავაზობთ გრიგოლ აბაშიძის რამდენიმე ლექსს. პოეტის ვაჟი დავით აბაშიძე იგონებდა: „ბოლოს ბევრ ნაღვლიან ლექსს წერდა, რადგან მისი ბოლო წლები სამოქალაქო ომისა და მთელი რიგი უბედურებების წლებს დაემთხვა“.

* * *

დაჰკრა ჟამმა და უკანასკნელი
გზის დასასრულიც თითქმის განაღმა,
თავს აღარ ვაქნევ როგორც ასკილი,
და ყველაფერზე არ ვარ თანახმა.
მაგრამ დინებას მაინც მივყვები,
თუმც თვალს არ ვხუჭავ
კლდეს რომ ვაწყდები
და მომჟივიან უკან სიტყვები _
წამოფრენილი ჩემი ბარტყები.
მათ ეშინიათ გზიდან აცდენის,
(მათ გზაზე ვარდი არვინ დაფინა),
მე მათგან ზოგი მაინც გავწვრთენი
და მათთან ერთად ცაში დავფრინავ.
გასულა დრო და უკანასკნელიც
განაღმულია გზის დასასრული,
თავს ვეღარ ვაქნევ, როგორც ასკილი,
და ვგრძნობ, ნაპირზე ჯერ არგასული,
რომ, ცეცხლის რკალით შემოგარსული,
ჩემი დროც უკვე არის წასული!..

1991

სინდისის განაჩენი

იჯდა ქრისტე და, მდუმარე დიდხანს,
 სილაზე თითით რაღაცას წერდა,
 ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან.
 და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.

 შუაში იდგა ტურფა ასული,
 შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას,
 წამით შეირხა ფიქრში წასული
 ქრისტე და წერას თავი ანება.

 - ამ ქალს, საჯაროდ, მრუში უწოდეს -
 თვალს ავლებს იქ მყოფთ, გულთამხილველი, -
 ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს,
 ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.

 და ყველამ ჰკითხა სინდისს ნებართვა -
 თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს?
 ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა,
 უხმოდ გაშორდნენ მსვერპლს სათითაოდ.

 ეს განაჩენი დღეს რომ გვსმენოდა,
 სულით მაღალის და გულით წმინდის -
 ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა?
 ბევრი ჰკითხავდა ნებათვას სინდისს?

 1991

* * *

ოცი წლის ბიჭებს ვაცილებ ცრემლით,
 ისინი ჩემი სისხლხორცებია...
 მე რაღად მინდა სიცოცხლე ჩემი,
 როცა შვილები იხოცებიან!

 მათ ნაცვლად სიკვდილს ვნატრობ ათასჯერ,
 ზეცა ჰქუხს, მიწას გააქვს ზანზარი...
 ღმერთო, რა ცოდვის გამო დამსაჯე,
 ღმერთო, ამ დღეებს რად მომასწარი!

 1992

0

ავტორი: