17:29:31     28-07-2012
რატომ „გააწევრიანეს“ ზუგდიდის გამგებელი „ქართულ ოცნებაში“?

„ივერონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის გამგებელი, ალექსანდრე ქობალია შესაძლოა "ქართულ ოცნებას“ შეუერთდეს, ქობალიას პრესსამსახური აბსურდსა და ბოდვას უწოდებს. თენგიზ შანავა „პრესა.ჯი“- სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ალექსანდრე ქობალიას ოცნებაში გაწევრიანების შესაძლო სურვილზე ფიქრიც კი გამორიცხულია“.
"პრესა.ჯი": ბატონო თენგიზ საინფორმაციო სააგენტო „ივერონმა“ გაავრცელა ინფორმაცია, ალექსანდრე ქობალიას „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით...
- ბატონი ალექსანდრე რჩება ქვეყნის სამსსახურში და არსად გადასვლას არ აპირებს. მსგავსი ტიპის ბოდვაზე დამატებით კომენტარს ვერც მე და ვერც ბატონი ალექსანდრე ვერ გავაკეთებთ. იგივე მითხრა მანაც, როცა ეს შეკითხვა მივაწოდე, რომ მსგავსი სისულელეების კომენტირებისთვის არ სცხელა.
ეს ჭორი ემსახურება იმ აბსურდის გაგრძელებას, რომელიც თავის დროზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაახმაურა, თითქოს ზუგდიდში ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ზონდერ-ბრიგადები შექმნეს, რაც კარგად გახსოვთ, ალასანიამ ვერ დაამტკიცა.
ამიტომ, გთხოვთ, მსგავსი ტიპის კითხვით ინფორმაციის პირველწყაროს მიმართოთ. ქობალია რჩება დაკავებულ თანამდებობაზე. ის თავისი პრინციპის ერთგულია.
პრესა.ჯი ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძესაც დაუკავშირდა:„ალექსანდრე ქობალიას პარტიაში ან კოალიციაში შესაძლო გაწევრიანების საკითხი კოალიციის არც ერთ წევრისთვის არ არის ცნობილი. ამიტომ, ამ ფაქტს გამოვრიცხავ“, - განაცხადა მან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში მედიით გავრცელებულ ინფორმაციას დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ჭორი გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ააგორეს.
0