რუსეთის სპეცსამსახურების მორიგი „სკანდალური“ ზღაპარი, ალდამოვის გახმოვანებით რუსეთის სპეცსამსახურების მორიგი „სკანდალური“ ზღაპარი, ალდამოვის გახმოვანებით />


  13:02:52     27-07-2012

რუსეთის სპეცსამსახურების მორიგი „სკანდალური“ ზღაპარი, ალდამოვის გახმოვანებით

a20256.jpg

ხიზრი ალდამოვმა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთში ჩავიდა და საქართველოს ხელისუფლების ლანძღვით კრემლისა და რამზან კადიროვის წყალობა მოიპოვა, მორიგი პრესკონფერენცია გამართა დამაინტრიგებელი სახელწოდებით: „თბილისის საიდუმლო თამაშები კავკასიაში“.

თუმცა ალდამოვის მიერ დაზუთხული „ფსბ“-ში შედგენილი ტექსტები იმდენად ზღაპრული იყო, რომ ძნელი წარმოსადგენია, მისი განცხადებები თვით რუსულ მედიასაც კი დაეჯერებინა.

ალდამოვს, პრინციპში ახალი არაფერი უთქვამს, - იმისგან განსხვავებული, რითაც მან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პირველი საჯარო გამოსვლისას მოიპოვა ნდობა. ანუ ილაპარაკა იმაზე, რომ რუსეთსა და ჩეჩნეთს მიხეილ სააკაშვილის გარდა მტერი არ ჰყავს, რომ სააკაშვილის გუნდს მისი მოშორება ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარ ტერაქტებს მიხეილ სააკაშვილი გეგმავს და მის გარეშე, თურმე, ერთ ტყვიასაც არ ისვრიან არც კონკრეტულად რუსეთში და არც ჩრდილოეთ კავკასიაში.

ყველაზე კომიკურად ბესლანის ტერაქტის ორგანიზებაში მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება გამოიყურებოდა. სხვათა შორის, ეს აზრი ალდამოვს პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა „ჩააწოდა“ და ალდამოვმაც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის ეს ერთ-ერთი ყველაზე „შავი ლაქა“ სააკაშვილს გადააბრალა, - რასაკვირველია, ხომ ვთქვი, ყველა ტერაქტი მისი დაკვეთით ხდება და ბესლანიც არ იქნებოდა გამონაკლისიო.

მოკლედ, თავის მეორე პრესკონფერენციაზე ალდამოვმა ძალიან მოინდომა მოსკოვის გულის მოგება და დავალება „გეგმის გადაჭარბებითაც“ კი შეასრულა. თუმცა, არც მისი „საიდუმლო თამაშების“ ანატომიაა რთულად ამოსაცნობი. პრესკონფერენცია ალდამოვმა იმით დაიწყო, თუ როგორ „მოწამლეს „თბილისში 2004 წელს.

მაგრამ ალდამოვის „სიმართლის“ დადგენა, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით მარტივად შეიძლება. ინტერნეტში მოიპოვება ზუსტად 2004 წელს მასთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ქართულ სპეცსამსახურებთან და ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვს და რომ მისი მოწამვლა რუსული სპეცსამსახურების მცდელობა იყო.

„ეს ხომ გასაგებია. ქართულებთან (სპეცსამსახურებთან) მე ნორმალური ურთიერთობა მაქვს. მე საერთოდ კარგი ურიერთობა მაქვს საქართველოს მთავრობასთან. ხოლო ვის არ სურს მშვიდობა ჩეჩნეთში? ვინ შექმნა ჩეჩნებისგან ტერორისტები, თუმცაღა თავად თესავს ტერორიზმს, ვინ ანადგურებს ხალხს?.. ისინი რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოსულიყვნენ ჩემზე, - განადგურების მიზნით, - დასასრული იქნებოდა!.. რა გააკეთა რუსეთმა მათთვის (ჩეჩნებისთვის)? დაბომბა, გაყარა ყინულიან მთებში... თუ ამბობ, რომ ჩეჩნეთი შენია, მისი მაცხოვრებლები კი შენი მოქალაქეები, მაშ, დაიცავი ისინი და ნუ ხოცავ. ნუ მიიყვან ხალხს უკიდურესობამდე, როცა აგრესია ერთადერთი დაცვაა“.

და კიდევ ერთი. ალდამოვი, როგორც აღმოჩნდა, რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად ძალიან ნერვიულობს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას პარლამენტის შენობა თბილისიდან ქუთაისში გადააქვს. სხვა საკითხებთან ერთად, რუს ჟურნალისტებს, მან, „გულისტკივილი“ ამ თემაზეც გაუზიარა.
0

ავტორი: