11:52:16     27-07-2012
მიხეილ ლერმონტოვი - „პოეტის სიკვდილი“
1840 წლის 15 (ახალი სტილით 27) ივლისს დუელში მოკლეს დიდი რუსი პოეტი მიხეილ ლერმონტოვი.
ლერმონტოვების გვარი წარმოშობით შოტლანდიიდანაა. დიდი პოეტის წინაპარი, პორუჩიკი ჯორგ (იური) ლერმონტი 1613 წელს მსახურობდა პოლონურ არმიაში და ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. შემდეგ რუსეთის სამსახურში ჩადგა. ასეთი მაგალითები ბევრია იმპერიებში. არსებობს ჰიპოტეზა, რომ ლერმონტების გვარი მომდინარეობს ლეგენდარული შოტლანდიელი პოეტიდან თომას ლერმონტი. ძნელი სათქმელია, რამდენად მართალია ეს. თომას ლერმონტის შესახებ ჩვენ სხვა დროს გვექნება საუბარი მკითხველთან.
დიდი პოეტი მიხეილ ლერმონტოვი დაიბადა 1814 წლის 3 (ახალი სტილით 15) ოქტომბერს, მოსკოვში. ბავშვობა პენზის გუბერნიის სოფელ ტარხანში გაატარა, დედულეთში. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. შემდეგ ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა. 1827 წელს მოსკოვში გადასახლდნენ. 1828 ჩაირიცხა უნივერსიტეტთან არსებული პანსიონის IV კურსზე, ხოლო 1830 წელს უნივერსიტეტში. 1832 ლერმონტოვმა მიატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი და პეტერბურგში გაემგზავრა. იქ დაამთავრა სამხედრო სკოლა. სამხედრო სკოლაში ცხენმა ფეხი დაუზიანა. შემდეგ, 1834 წლიდან ჰუსართა პოლკში მსახურობდა ოფიცრად.
ლექსების წერა 1828 წელს დაიწყო, გამოქვეყნება ცოტა გვიან, 1837 წლიდან. დიდ პოეტს სახელი გაუთქვა ლექსმა „პოეტის სიკვდილი“, რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. ლექსის დაწერის მიზეზი ცნობილია, დუელში დიდი პოეტის ალექსანდრე პუშკინის მკვლელობა. ეს ლექსი მამხილებელი პათოსის გამო არ მოეწონათ იმპერიის მესვეურებს, ის ხომ ორიგინალში ხელმწიფისადმი მიმართვით იწყება. პოეტს დაპირისპირება მოუხდა სხვადასხვა გავლენიან პიროვნებასთან, რომლებიც ამართლებდნენ დანტესს. ამ მიზეზის ლერმონტოვი კავკასიაში გადმოასახლეს. პოეტმა საქართველოში 2 - 3 თვე დაყო (დაახლოებით 1837 ოქტომბერ-დეკემბერი). საქართველოს დიდებულმა ბუნებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
1837 ბოლოს ლერმონტოვი რუსეთში დააბრუნეს. 1840 წელს ლერმონტოვი უმნიშვნელო საბაბით გადმოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველ ოფიცერთან, ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობერთან კონსტანტინე მამაცაშვილთან ერთად.
საბედისწერო აღმოჩნდა ლერმონტოვისათვის გადამდგარ მაიორთან, ნიკოლოზ მარტინოვთან ნაცნობობა. როგორც ამბობენ, ლერმონტოვი დასცინოდა თურმე მარტინოვს... გადამდგარი მაიორი დიდხანს ითმენდა...
ბოლოს დუელში გამოიწვია და მოკლა.
დიდი პოეტი დაკრძალეს მშობლიურ სოფელში, ტარხანში.
გავიხსენოთ მიხეილ ლერმონტოვის ლექსი „პოეტის სიკვდილი“, რომელიც ალექსანდრე პუშკინის გარდაცვალების გამო დაწერა აღშფოთებულმა და თავზარდაცემულმა ლერმონტოვმა. პუშკინი ხომ დუელში მოკლეს. ეს ლექსიც ერთგვარად თავისი აღსასრულის წინასწარმეტყველებაც არის ლერმონტოვისათვის, მასაც ეხება ...
პოეტის სიკვდილი
(თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ)
მოჰკლეს პოეტი! - ჭეშმარიტი მონა ღირსების!..
ცილისწამების სდაგეს სახმილით...
წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების,
და ტყვია, ამაყ გულში დახლილი…
ვერ აიტანა, ვერ იგუა პოეტის სულმა
წვრილმანი, ბილწი მიეთ-მოეთი,
და უგუნურთა უგულობას შეება უმალ,
მარტოდ შეება, როგორც ყოველთვის...…
და მოჰკლეს!.. მოჰკლეს!.. რაღას გვარგებს აწ მწუხარება?
ფუჭი გოდება გლოვის ჰანგების?
ან უგუნური, უსუსური თავისმართლება? -
ოჰ, გვიანია მდურვა განგების!
ხომ თქვენ იყავით, რომ სიავის სუსხით დააზრეთ
მისი დიადი, ელვარე ნიჭი!
ხომ თქვენ იყავით, მის სულში რომ ხანძრად დააგზნეთ
ნაპერწკალივით ნამცეცა იჭვი!
მაშ, გაიხარეთ! ამ წამებას ვერ მოერია,
აღსრულდა, გკლავდათ სურვილი რისიც:
ჩაჰქრა ლამპარი დიდებული უკვდავ გენიის,
დაჭკნა გვირგვინი დიდების ღირსი.
ო, რა გულგრილად დაახალა ტყვია ჯალათმა!
არ სჩანს საშველი!.. იმედიც მწირი!..
თუ ჰქონდა გული მკვლელს ქცეული ალბათ მჩვარადა,
რომ არც უთრთოდა დამბაჩა ცივი!
მაგრამ რად გვიკვირს? - ის ხომ ჩვენში მოხეტიალდა,
ვით ათასობით მოდიან სხვანიც, -
ბედის საცდელად, თუ საძებრად ჩინთა ტიალთა...
ალბათ განგების ერია ძალიც...
ის კადნიერად დაგვცინოდა, და ამაყობდა
თვის უცხოობით; ცხოვრობდა ლხენით,
და სპობდა ჩვენსას რომ დიდებას, როდი ნაღვლობდა, -
როს სისხლიანი აღმართა ხელი.
ვაგლახ! რად დასთმო მეგობარნი მან საკუთარი!
რად ამჯობინა მაღალი წრე, ცრუ და მუხთალი!
იქ რას ჰპოვებდა მისი გული უმხურვალესი?
რად მიიკარა, რად ირწმუნა ყალბი ალერსი?
რად მისცა ხელი მათ, რომელთაც დასწამეს ცილი? _
კაცთა ავ-კარგი ხომ სიყრმითვე ჰქონდა განცდილი!
ძველი წაართვეს, თავს ახალი დასდგეს გვირგვინი,
დაფნის რტოებით, ოქროს კიანთით, -
მაგრამ ეკლებმა, მის ფოთლებში დამალულებმა,
დაუიარეს შუბლი დიადი.
მოსშხამეს მისი ამოსუნთქვა უკანასკნელი
ენით მქირდავით, გესლად დაღვრილით,
და მოკვდა იგი შურისგებით გულანაგზნები
და იმედების მსხვრევით დაღლილი.
მისწყდნენ ბგერები საოცარის მისი ჰანგების,
წყარო ანკარა უკვე არა დის...
ბინა პოეტის მიწაშია უკვე ნაგები,
ბაგეც შეკვრია აწ და მარადის...
თქვენ კი, ო, თქვენ კი, მზვაობარო მემკვიდრეებო,
ღვარძლით, სიბილწით განთქმულ მამების,
მონური ქუსლით რომ დასწიხლეთ, რომ გადასთელეთ
აწ დაჩაგრულნი მსხვერპლნი განგების;
თქვენ, ჯალათებო ნიჭისა და თავისუფლების,
ურცხვად რომ დაძრწით ტახტის გარშემო,
დღეს სამართალიც და სამსჯავროც თქვენთვის სუფევენ
და არვინ არის, რომ შეგაჩვენოთ;
მაგრამ უწყოდეთ: ზეციური გელით სამსჯავრო! –
იქ მიგეგებათ მისაგებელი!
ფუჭად ეცდებით, ოქროებით რომ გადასძალოთ
იგი - ზენარი შურისმგებელი!
ფუჭად ეცდებით! - ვერა! თავი ვერ დაიძვრინოთ
ბილწთა ენათა ავად სხმარტალით! -
მურდალი სისხლით ვერ წარხოცოთ, ვერ გადასწონოთ
დიდი პოეტის სისხლი მართალი!
1837
0