სიმონ ჩიქოვანი - „მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი“ სიმონ ჩიქოვანი - „მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი“ />


  11:51:06     27-07-2012

სიმონ ჩიქოვანი - „მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი“

a20252.jpg

სიმონ ჩიქოვანმა გაამდიდრა ქართული პოეზია თავისი შესანიშნავი შემოქმედებით. დიდი  პოეტი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს სამეგრელოში, სოფელ ნასაეკავოში (მაშინდელი 27 დეკემბერი ახალი სტილით 9 იანვარია).

მამა, ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი ყოფილა. დედა დაბადების წელსვე გარდაეცვალა... მამას ოცნება ჰქონდა, სიმონი სამთო ინჟინერი გამოსულიყო.

დედაც ადრე გარდაეცვალა. მის აღზრდაში დიდი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ. ბავშვობის წლები გაატარა მეზობელ სოფელში, ტყვირში, ბებიასთან. ბებია განათლებული ქალი იყო და შვილიშვილს ქართული მწერლობისადმი სიყვარულს უნერგავდა. „ჩემი გვარეულობა, ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით - ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და მე ვფიქრობ, რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ჩამესახა ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში“ - წერდა პოეტი.

სიმონ ჩიქოვანის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია დედის, დის, მამის უდროო გარდაცვალებამ. მთელი ცხოვრების მანძილზე პოეტის შემოქმედებაში მათ მონატრებას და ბავშვობის ტკივილებს დიდი ადგილი ეკავა:

„სიყრმის ჟამიდან მოვუხმობ დედას,
მომხედოს ობოლს, მომაპყრას თვალი!“
(„ნანგრევის სურო“),

„დედავ, ხატება არ დაგრჩა არსად,
ჭაში ვიცქირო, დამჩემდა სენი,
შენ ხომ იდექი გვიმიან ჭასთან,
ეგებ შიგ ჩარჩა სახება შენი.“
(„დედაჩემი“).

„დაახამხამებს თვალებს ნაწვიმარს,
ცრემლად დააგდებს ვარამის ფიორს:
შენს დას დავეძებ, გარეთ დავძრწივარ,
სად არის ბავშვი, არ გამიციოთ!“
(„მამა“).

„ეშვება მშვიდად ზაფხულის ღამე,
ოთახში მესმის შენი ხმა სუსტი.
როგორ შემთხოვდი: მიშველე რამე!
როგორ იწვოდი და როგორ წუხდი.“
(„დის დარგული უნაბი“).

დიდი სიყვარულითა და ტკივილით იხსენებდა პოეტი ძიძასაც:

„სახლმა ჭვარტლივით მოისხა ძაძა,
საყდრის ჭადრებიც შეეწყვნენ ტირილს.
ჰგავდა გოდება უცეცხლო ხანძარს,
დარცხვენილს ჰგავდა ტაძარი ტყვირის“
(„ძიძის საფლავი“).

ამგვარი, ბავშვობისდროინდელი მწუხარებით აღბეჭდილი ლექსები ბევრი აქვს დიდ პოეტს.

1914 წლიდან სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც დაასრული 1921 წელს. ზაფხულობით სოფელში მიწას ამუშავებდა და ბავშვებს ამეცადინებდა, ამგვარად აგროვებდა სწავლის ფულს. 1918 წელს მამა გარდაეცვალა. რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1922 წელს თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

თავიდან გატაცებული იყო ავანგარდიზმის ერთ-ერთი რადიკალური ფორმით, ფუტურიზმით. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოაქვეყნა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – „საქართველო – ფენიქსი“. 1924-28 წლებში მისი ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: “H2SO4″, „ლიტერატურა და სხვა“, „დროული“, და „მემარცხენეობა“.

„ჩემი ნამდვილი არსებობა დაიწყო მას შემდეგ, რაც დაიწერა ლექსები: „წვიმაში“, „უშგული“, „მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი“, „თეიმურაზ პირველი“, „განშორება“, „შენი ჩრდილის საძებნელად“. სიმონ ჩიქოვანი სამშობლოს სიყვარულით აღვსილი პოეტია, ბუნების ფაქიზი მხატვარი...

პოეტის პირველი კრებული „ფიქრები მტკვრის პირას“ გამოვიდა 1925 წელს. ამას მოჰყვა კრებული „მხოლოდ ლექსები“, რომელიც 1930 წელს გამოვიდა.

1934 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი გახდა. 1944-1951 წლებში ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირს. 1954-1960 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი.

სიმონ ჩიქოვანი აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ესეებს, თარგმნიდა. მისი ლექსები თარგმნილია არა ერთ ენაზე.

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1966 წლის 24 აპრილს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი

გაუქმებული, ვით სახარება,
კლდეზე ეკიდა ვარძიის კარი,
ზე ჩანდა ფიქრი და გაქანება,
ქვეშ – ხეობაში შეჭრილი მტკვარი.

ღამდებოდა და ვარძიის თაღებს
გაოცებული მე გავყურებდი.
გავდა ლოდები გადმომსხდარ ტალღებს
და ტალღებს აჩნდა ნაფეხურები.

უსინათლო და მრავალთვალება
კლდე დაგვცქეროდა, ოსტატო ჩემო,
საკვირველება, საკვირველება
გადმომდგარიყო მდინარის ზემოთ!

და მე ვფიქრობდი: როგორ ახველი,
როგორ დაჭედე ვარძიის კარი.
როგორ გავარდა შენი სახელი,
ვით გავარდნილი მდინარე მტკვარი.

ვიწრო სენაკში როგორ ფიქრობდი,
ღელავდი, სცლიდი უხელო სურას…
ერთგულ შეგირდთან როგორ მირბოდი
და უთარგმნიდი ბუნების სურათს.

როგორ ზომავდი მთას და პიტალოს,
როგორ ხაზავდი გვირაბებს ფიქრში.
როგორ მოქარგე შემდეგ მიდამო
და მტკვრის ნაპირზე ვარძიად იშვი!

კლდეში შთანერგე სვეტი და თაღი,
კლდეში გახსენი დარბაზთა რკალი,
მთას წარუშლელი დაარტყი დაღი
და აუხილე ოთხასი თვალი!

ახლა ოცნებით თითქოს გასცქერი
თმოგვის ციხეს და დანგრეულ ქალაქს,
აქ შენი ძალა, როგორც ლანქერი,
დასჯახებია კლდეების ძალას.

როგორც რუსთველის ერთი სტრიქონი,
ვარძიის წყაროს კამკამი ვნახე,
და მე ვიგრძენი, შენი ციკლონი
როგორ იღებდა დარბაზის სახეს.

საკვირველება. საკვირველება
როგორ მოთავსდა განვლილ ხანაში:
შენი ოცნება და გაელვება,
გამოხატული ქვის მასალაში!

გული დაგეძებს, შენი სახელი
მტვრად დაფრქვევია ვარძიის უბეს.
ვიცი, მტკვარია შენი მნახველი,
მაგრამ დაბლობში დუმილი სუფევს.

რად წარიშალე, შენ უკვდავება
გეძახის, გეძებს მთების უბეში!
დიდო ოსტატო, ჩვენი თაობა
გიხმობს მშრომელთა საუკუნეში.

ჟღერდა რუსთველი და სტრიქონებმა
ხალხს შეუნახეს მელექსის გვარი, -
ქვა მდუმარეა და მოგონებას
აღარ ინახავს ვარძიის კარი.

სად წარიშალე, ეგებ მოგკვეთეს
ხელი მარჯვენა, ელვის მაგვარი.
ეგებ დაგღუპეს ხალხის მოკეთე
და დასადაგე გახდა აკვანი.

სული ჩაგიქრეს აღორძინების,
რომლით დასძარი კლდენი პიტალო,
ოცნების ქვასთან დაქორწინებით
რომ აამღერე მტკვართან მიდამო, -

რომლით იპოვე ვარძიის წყარო
და ვენახივით მაღლა ახველი,
ახლა წამოდექ, მძლე წინაპარო,
გვამცნე გული და შენი სახელი.

სად წარიშალე შენ უკვდავება
გეძახის, გიხმობს მთების უბეში,
შენი ოცნება და გაელვება
ცოცოხლობს მშრომელთა საუკუნეში.

შენ ჩვენთანა ხარ, როგორც გულისთქმა,
და გვაამაყებს შენი მარჯვენა.
შენმა სვეტებმა, შენმა ჩუქურთმამ
მაღლა აგწია და დაგამშვენა.

მძლავრი ფიქრები ქვაზე აქარგე,
ქვაზე დაღვარე სულის ნაღველი,
რადგან სახელი უკვე დაკარგე,
ვარძია იყოს შენი სახელი.

1936

0

ავტორი: