08:39:25     26-07-2012
ბერნარდ შოუ - „შენი მშობლიური ენა შექსპირის, მილტონის და ბიბლიის ენაა“
1856 წლის 26 ივლისს დუბლინში, ირლანდიაში, ბრიტანეთის იმპერიაში, დაიბადა დიდი ბრიტანელი (ირლანდიელი) მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი - ჯორჯ ბერნარდ შოუ (George Bernard Shaw). ამბობენ, რომ მისი გვარი ირლანდიურად გამოითქმის როგორც - შო.
ახალგაზრდობიდან გატაცებული იყო სოციალისტური იდეებით. იყო წევრი ფაბიანური კავშირისა. ჩვენს მკითხველს ახსოვს, რომ ცნობილი ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი ჰერბერტ ჯორჯ უელსი, ასევე 1903-1909 წლებში გაწევრიანებული იყო ფაბიანურ კავშირში. ფაბიანური კავშირის წევრები თვლიდნენ, რომ კაპიტალიზმიდან ახალ ფორმაციაზე, სოციალიზმზე გადასვლა უნდა მომხდარიყო ნელ-ნელა, ფრთხილად, ყოველგვარი ძალდატანებისა და რყევების გარეშე. თუმცა, სოციალური სამართლიანობის დამყარება აუცილებლად მიაჩნდათ.
ახალგაზრდობიდანვე წერდა რეცენზიებს თეატრისა და მუსიკის საკითხებზე. შემდეგ პიესების წერაც დაიწყო. ხშირად მისი ნაწარმოებები ნატურალისტურია და სატირული. ის აკრიტიკებს ბრიტანულ ბურჟუაზიულ და ყალბ საზოგადოებას.
ბერნარდ შოუმ ნობელის პრემია მიიღო 1925 წელს, „იდეალისტური და ჰუმანური შემოქმედებისათვის, გულწრფელი სატირისათვის, რომელიც ხშირად შერწყმულია პოეტურ სილამაზესთან“. ბერნარდ შოუმ უარი თქვა პრემიაზე, ფულზე და მხოლოდ ლაურეატის მედალი აიღო.
სხვათა შორის, 1930-იან წლებში, ბერნარდ შოუმ იმოგზაურა სსრკ-ში, გაიცნო სტალინი. ის მოიხიბლა სტალინით და გახდა „სსრკ-ს მეგობარი“, „სტალინისტი“, როგორც უწოდებდნენ.
1932-1933 წლებში უკრაინაში შიმშილით სამ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა (ზოგი მონაცემებით მეტი). ამ მოვლენას „გოლოდომორი“ უწოდეს. არის ვარაუდი, რომ 1932-1933 წლების „გოლოდომორი“ ხელოვნურად იყო გამოწვეული სტალინის, სსრკ-ს სხვა ხელმძღვანელებისა და უკრაინის მთავრობის წევრების მიერ, უკრაინელების „დამშვიდების“ მიზნით (სხვა წლებშიც იყო „გოლოდომორი“, მანამდეც და მერეც, თუმცა ნაკლები მასშტაბით).
დიდი ნაწილი უკრაინელი ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსებისა ამ მოვლენას უკრაინელი ერის გენოციდის კვალიფიკაციას აძლევს. ეს დასკვნა არ გაიზიარა ევროპის საპარლამენტო ანსამბლეამ, თუმცა თავის სხდომაზე 2010 წლის 28 აპრილს დაგმო „გოლოდომორის“ ორგანიზება საბჭოთა რესპუბლიკებში, როგორც დანაშაული საკუთარი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, ჰუმანისტსა და იდეალისტ ბერნარდ შოუს არ სჯეროდა „გოლოდომორის“ დანაშაულის არსებობა, თავის ღია წერილში გაზეთ „მანჩესტერ გარდიანისადმი“ (Manchester Guardian), ბერნარდ შოუმ პრესაში გავრცელებულ ცნობას „გოლოდომოროს“ შესახებ სიცრუე უწოდა. ასეთი მიამიტი გახლდათ დიდი მწერალი ბერნარდ შოუ.
ბერნარდ შოუ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ენის კარგად ცოდნას. ალბათ ყველას ახსოვს მისი პიესა „პიგმალიონი“, რომელიც 1913 წელს დაიწერა. ფონეტიკის პროფესორი ჰიგინსი ნიძლავს დებს, რომ მას შეუძლია ვულგარული გოგონა, ელიზა დულიტლი, ისეთი დახვეწილი გახადოს, რომ მასთან მოსაუბრეებს იგი არისტოკრატ ქალად მოეჩვენოთ. დახვეწილობის უმთავრეს ელემენტად პროფესორს ბრწყინვალე მეტყველება მიაჩნია, ერთ-ერთ უმთავრეს სიმდიდრედ კი მშობლიური ენა.
პიესაში ბერნარდ შოუ თავის გმირს, პროფესორ ჰიგინსს ათქმევინებს: - „ქალს, რომელიც ასე ლაპარაკობს და ასეთ საშინელ ბგერებს უშვებს, საერთოდ არა აქვს ცხოვრების უფლება. ნუ დაგავიწყდება, რომ შენ ადამიანური არსება ხარ, ადამიანური სული გიდგას და ღვთისაგან მეტყველების უნარი გაქვს მონიჭებული, რომ შენი მშობლიური ენა შექსპირის, მილტონის და ბიბლიის ენაა. ჰოდა, ასე საცოდავად ნუ ზიხარ მანდ და ნუ კრუსუნებ“.
1938 წელს ბერნარდ შოუმ მიიღო ამერიკის კინო-აკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“, პიესის „პიგმალიონის“ სცენარისათვის, რომლის ეკრანიზაციაც მოხდა.
ბერნარდ შოუ შექსპირის მერე ყველაზე პოპულარულია ბრიტანეთის თეატრალურ ცხოვრებაში.
დიდი მწერალი ჯორჯ ბერნარდ შოუ გარდაიცვალა 1950 წლის 2 ნოემბერს.
ბერნარდ შოუ გამოირჩეოდა ენამოსწრებულობით. მის ენამახვილობაზე არა ერთი გადმოცემა არსებობს.
რამდენიმე მათგანი:
1. თურმე, ახალბედა მსახიობი მოსვენებას არ აძლევდა ბერნარდ შოუს და სთხოვდა თეატრში მისთვის რეკომენდაცია გაეწია. დრამატურგი იძულებული გახდა მართლაც დაეწერა სარეკომენდაციო წერილი: “გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს. იგი თამაშობს ჰამლეტს, რომეოს, კეისარს, ბილიარდს, მაგრამ ყველაზე უკეთ ის თამაშობს ამ უკანასკნელს”
2. ინგლისელმა მსახიობმა ქალმა უთხრა ბერნარდ შოუს :
- თქვენ რომ ჩემი მეუღლე იყოთ, თქვენს ყავაში უსათუოდ შევურევდი საწამლავს .
- მე კი თქვენი ქმარი რომ ვიყო, - უპასუხა შოუმ, - იმავე წუთში დავლევდი ყავას.
3. შოუმ ერთხელ მიიღო მიწვევა ახალი პიესის პრემიერაზე, სპექტაკლის შემდეგ რეჟისორმა ჰკითხა
დრამატურგს :
- რა განსხვავებაა კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის?
- ყმაწვილო,- უთხრა ბერნარდ შოუმ
- ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ ხვდებით განსხვავებას კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის, ეს პირადად ჩემთვის კომედიაა, მაყურებლებისათვის - დრამა, თქვენთვის კი - ტრაგედია.
4. გზად მიმავალ უკვე სახელგანთქმულ მწერალს, ბერნარდ შოუს ველოსიპედი დაეჯახა. ორივე უვნებლად გადარჩა. ველოსიპედისტი ბოდიშს იხდიდა. შოუმ შეაწყვეტინა და უთხრა:
- თქვენ ბედმა არ გაგიმართლათ, სერ! უფრო მეტი ენერგია და თქვენ უკვდავებას დაიმსახურებდით, როგორც ჩემი მკვლელი...
0