ტერენტი გრანელი - „აღსარება ქუთაისს“ და „მატარებლიდან ქუთაისი“ ტერენტი გრანელი - „აღსარება ქუთაისს“ და „მატარებლიდან ქუთაისი“ />


  08:36:23     26-07-2012

ტერენტი გრანელი - „აღსარება ქუთაისს“ და „მატარებლიდან ქუთაისი“

a20219.jpg

დიდი ქართველი პოეტის, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთ ფუძემდებელის - ტერენტი გრანელის ნამდვილი გვარია კვირკველია.

ტერენტი სამსონის ძე კვირკველია დაიბადა 1898 წლის 25 ნოემბერს ღარიბი გლეხის ოჯახში. ხუთი წლისას დედა გარდაეცვალა. ზრდიდა მამა, რომელიც დაქორწინდა მეორედ, დარია მებონიაზე. დედინაცვალს ძალიან ჰყვარებია გერები, ტერენტი და მისი დები, მაშო და ზოზია. სწავლობდა ცნობილი პედაგოგის იაკობ შანავას ხელმძღვანელობით, თან მამას ეხმარებოდა და წაღებს კერავდა. მეექვსე კლასში იყო სახლი დაეწვათ... სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. მამა გარდაეცვალა. მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ამ სასწავლებელს გიმნაზიის სრული უფლებები ჰქონდა მინიჭებული. დაამთავრა 1920 წელს.

„წალენჯიხელის“ ფსევდონიმით ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს „სახალხო საქმეში“ და „ახალ ნაკადში“. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1919 წელს. ამავე წელს გამოსცა ერთდროული ლიტერატურული გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“...

1921 წელს გობრონ აგერელთან ერთად გამოსცა წიგნაკი „პანაშვიდები“. მერე გამოვიდა მისი „სამგლოვიარო ხაზები“. 1922 წელს გამოვიდა ტერენტი გრანელის კრებული “სულიდან საფლავები“. წიგნს კრიტიკა აღფრთოვანებული შეხვდა (ტრისტან მაჩაბელი, პაატა ორბელიანი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები).

 1924 წელს გამოვიდა მისი კრებული MEMENTO MORI (გახსოვდეს სიკვდილი). რომელიც ასევე აღფრთოვანებით მიიღო საზოგადოებამ. იმ წელსვე, რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან შესანიშნავ პოეტს და პატრიოტს, ბოლშევიკების მოწინააღმდეგეს და საქართველოს თავისუფლებაზე მეოცნებეს, - რომელსაც უკვე გაზეთები ლექსებსაც აღარ უბეჭდავდნენ და რომელსაც არც სამსახური ჰქონდა, - სულიერი დეპრესია დაეწყო...
 
ტერენტი გრანელი გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს. დაკრძალული იყო პეტრე-პავლეს ეკლესიის საასფლაოზე. შემდეგ გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

გავიხსენოთ ტერენტი გრანელის ორი ლექსი.

აღსარება ქუთაისს

 მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, -
 ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
 ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
 და მომდევს ქარი შორი აპრილის.

 ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
 შენი დღეები ამწვანებული.
 მოვედი შენთან თბილისის ნისლით
 და ღამეებით გაწვალებული.

 ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
 ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
 და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
 ველი სხვანაირ დღის გათენებას.

 ავალ კიბეზე და მე მივმართავ
 ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს:
 რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
 რომ გული სევდას აქაც აგროვებს.

 ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
 და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი.
 უამინდობამ მე დამამძიმა
 და ისევ მელის გზა დამღუპველი.

 ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,
 მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
 ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
 და ეს ტირილი შენ მაპატიე…

მატარებლიდან ქუთაისი

გაშლილია მოწყენილი შარა.
მე მივდივარ, ყველაფერი მორჩა.
მე მივდივარ მატარებლით ჩქარა
და შორიდან ქუთაისი მოჩანს.

იქ აგდია სადღაც ძველი ლოდი,
ჩემთან მორბის მატარებლის ჩრდილიც.
და ვიგრძენი, რომ ზეციდან მოდის
სიხარული ამნაირი დილის.

ახლა მორჩა, დამავიწყდა ისიც,
ქარი მისდევს გაყვითლებულ ფურცლებს,
ისევ ვდარდობ და სიმღერა ისმის,
და ძვირფასო, მაგონდები უცებ.

ახლა ვატყობ, რომ ეს ბედი გღუპავს,
და ღონდები, რადგან ჩემთან არ ხარ.
მიხარია და მადლობა უფალს,
რომ მეღირსა ქუთაისის ნახვა.

გაშლილია მოწყენილი შარა,
მე მივდივარ, ყველაფერი მორჩა.
მე მივდივარ მატარებლით ჩქარა
და შორიდან ქუთაისი მოჩანს.

0

ავტორი: