13:14:40     25-07-2012
არტურ ბეკოევი: ცხინვალის რეგიონის ანეკდოტამდე დასული „სახელმწიფოებრიობა“

მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტული რეჟიმები და მოსკოვი ყველანაირად ცდილობენ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობამ არ მიმართოს ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს და არ მიიღოს „მტრის“ სამედიცინო დახმარება, რუსეთი, თავისი „მზრუნველობით“ სხვა შანსს ადამიანებს არ უტოვებს.
გარდა არაპროფესიონალიზმისა, ამ რეგიონებში სახეზეა ბარიერად აღმართული ბიუროკრატიული მანქანა, რომლის გადალახაც, შესაძლოა, საბოლოოდ, ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდეს პაციენტისათვის.
ასე მოხდა ერთ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რომელზედაც „ეხო კავკაზას“ ბლოგზე არტურ ბეკოევი წერს.
ბეკოევის მეგობრის გოგონას, ცხინვალში, სასწრაფოდ დასჭირდა კარდიოლოგიური ოპერაცია და რასაკვირველია, მთელმა სანაცნობომ დაიწყო სირბილი ექიმებში, საავადმყოფოებში, მოუხდათ ძვირადღირებული წამლების ყიდვა, რასაკვირველია, ვალების აღებაც. თუმცა ბავშვის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა.
„სამამულო მედიცინის ძირგამომპალი მანქანა კი მრიცხველს ატრილებდა“ - წერს ბეკოევი. გოგონას მშობლები ცხინვალსა და ვლადიკავკაზს შორის გზაზე იყვნენ „გადებულები“, რათა ფული მოეძიებინათ, რომ რომელიმე ფედერალური პროგრამის პარამეტრებში მაინც ჩამჯდარიყვნენ, რათა ბავშვისთვის უკვე გადაუდებელი ოპერაცია გაეკეთებინათ.
პასუხისმგებელი პირები თავს იქნევდნენ, სადღაც რეკავდნენ, ვიღაცას ეჩხუბებოდნენ და სიტუაციის „დაძვრას“ ჰპირდებოდნენ, მაგრამ გვიანდებოდა... სწორედ ამ დროს ოჯახს დახმარება შესთავაზა ძველმა მეგობარმა თბილისიდან და ბავშვის მამამ გულის კანკალით გადაწყვეტილება მიიღო.
გოგონა სახლში სამ კვირაში დაბრუნდა, თანაც, უკვე „კარგი“ დიაგნოზით. ერთადერთი სერიოზული ხარჯი კი „აქეთ“ გადასვლისას და „მიმღები“ მხარისთვის სიმბოლურ საჩუქრებში გადახდილი ფული იყო ოჯახისთვის და მეტი არაფერი. „თუ არ ჩავუკირკიტებთ მტრულ სპეცპროექტებს... შეიძლება, წერტილი აქვე დავსვათ“ - წერს ბეკოევი და აინტერესებს, რატომ არ შეუძლია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაც კი თავის „ქვეყანას“, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი იმპერია ეხმარება ფეხზე დადგომაში, ხოლო საქართველოს კი ძალუძს, ლამის, მთელი ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას შეღავათებით უმკურნალოს?
და ვის დაჰყავს ანეკდოტამდე ჩევნი სახელმწიფოებრიობის გაგება - საქართველოს, სადაც უამრავი და ყოვლისშემძლე სამედიცინო დახმარების პროექტები აქვთ, თუ ჩვენ, რომლებმაც 4 წლის განავლობაში პირველადი სამედიცინო მომსაურების პრობლემაც კი ვერ გადავჭერით? - წერს ბეკოევი.
მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული რეგიონების ქართულ მხარეზე მკურნალობის ტენდენცია მოსკოვისა და მარიონეტული რეჟიმებისთვის უკვე „საშიშ“ ხასიათს იღებს, ჯერაც ვერ მოხერხდა ელემენტარული პირობებით უზრუნველყოფილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულებების შექმნა. სულ ცოტა ხნის წინ, როცა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვიტარების საკითხებში ტატიანა გოლიკოვამ ახალგორის რაიონი დაათვალიერა - როგორც სტრატეგიული ზონა, მას ახლადგარემონტებული საავადმყოფოც აჩვენეს, რომლითაც დირექტორი თავს იწონებდა. თუმცა მოსკოველმა სტუმარმა თავმომწონე დირექტორს ცივი წყალი გადაასხა, როცა განუცხადა, რომ მისი ახლადგარემონტებული საოპერაციო განყოფილება „უვარგისია“. 0