08:36:35     25-07-2012
იოანე და გაბრიელ ათონელების ხსენების დღე
12 (ახალი სტილით 25) ივლისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს ღირსთა მამათა ჩვენთა ათონელთა: იოანესი და გაბრიელისა (X).
იოანე ათონელი გახლდათ ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და წინამძღოლი (თუმცა ათონის მთაზე ქართველები მანამდეც მოღვაწეობდნენ). ის დაიბადა X საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 920 წელს. მისი საერო სახელი უნდა ყოფილიყო ვარაზ-ვაჩე. „სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა“.
საოჯახო ტრადიციის მიხედვით მსახურობდა ტაოს მეფეთა კარზე. შემდეგ დაუტევა ამქვეყნიური ცხოვრება და ქრისტეს გზას შეუდგა ოთხთა ეკლესიაში. მისი ოჯახი წევრებზე, ცოლსა და შვილებზე სიმამრი და ცოლისძმები ზრუნავდნენ.
შემდეგში წმინდა იოანე ბიზანტიაში წავიდა და ულუმბოს მთაზე დამკვიდრდა. ამ დროს, ბიზანტიის იმპერატორმა ტერიტორიები გადასცა დიდ ქართველ ხელმწიფეს დავით მესამე კურაპალატს და სამაგიეროდ აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლად. ერთ-ერთი მძევალი იყო იოანეს ძე ეფთვიმე, მომავალი მნათობი ქართული ეკლესიისა.
წმინდა იოანემ გამოითხოვა თავისი შვილი იმპერატორისაგან და თან გაიყოლა ათონის წმინდა მთაზე, სადაც დაემკვიდრა იქ მოღვაწე წმინდა ათანასეს ლავრაში. ამ პერიოდში წმინდა იოანეს შეუერთდა ცნობილი ქართველი სარდალი თორნიკე, რომელსაც მონაზვნობაში იოანე უწოდეს. ოშკის 977 წლის ხელნაწერის - „კრებული სამოთხჱ“-ს ანდერძი გვაუწყებს: „მე, იოანე თორნიკ-ყოფილმან, და ძმამან ჩემმან იოანე ვარაზ-ვაჩე, ძეთა სულკურთხეულისა ჩორდვანელისათა, მოვიგეთ და დავწერეთ წმიდაჲ ესე წიგნი, რომელსა ეწოდების წმიდათა მამათა მიერ „სამოთხჱ.
ათონზე ბევრი ქართველი დაკვიდრდა, წმინდა იოანეს მეცადინეობით ქართველთათვის აშენდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და სენაკები.
ბიზანტიის სახელმწიფო ჩავარდა დიდ განსაცდელში. ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა მცირეწლოვან ბასილი იმპერატორს და მის ხელისუფლებას. ბასილისა და კონსტანტინეს დედამ დახმარებისათვის მიმართა ქართველებს... მრავალი მუდარის შემდგომ, ბიზანტიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა, დაიყოლიეს იოანე-თორნიკე ჩადგომოდა სათავეში დამხმარე ჯარს, თუ დავით კურაპალატი გადაწყვეტდა ბერძენთა დაცვას. კურაპალატი დათანხმდა. თორნიკემ და ქართველთა ჯარმა დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი.
ამ გამარჯვების აღსანიშნავად ბიზანტიის სამეფო კარმა გულუხვად დააჯილდოვა ქართველი მეომრები და განსაკუთრებით სარდალი თორნიკე. თავისი მონაგები იოანე-თორნიკემ მამა იოანეს გადასცა. წმინდა მამებმა ააშენეს და განამშვენეს იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიები.
ერთი პირობა მამა იოანეს, თორნიკეს გარდაცვალების შემდგომ, ეფთვიმესთან და რამდენიმე ქართველთან ერთად, დასავლეთში უნდოდა წასვლა „სპანიის ქართველთა“ მოსანახულებლად, მაგრამ ბიზანტიის პოლიტიკოსებმა და იმპერატორმა დიპლომატიური უარი უთხრეს ქვეყნიდან გამგზავრებაზე, უთქვენობას ვერ შევძლებთო...
მამა იოანე სიცოცხლის ბოლოს ავადმყოფობდა, მან მონასტრის წინამძღოლობა თავის ვაჟს, წმინდა ეფთვიმეს გადააბარა. მის საფლავზე წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესია ააშენეს.
მამა იოანეს დამსახურება ძალიან დიდი ათონის ივერთა სამონასტრო ცხოვრების წამოწყებისა და აღმავლობის საქმეში. ათონის ივერთა მონასტერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო ქართული კულტურისა. განსაკუთრებულია ისიც, რომ თავისი შვილი, ქართველთა სიამაყე - ეფთვიმე ქრისტეს გზაზე დააყენა, რაშიც, რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სურვილი შეიძლება დავინახოთ, რომელმაც სასწაულებრივად განკურნა სიკვდილის პირას მყოფი პატარა ეფთვიმე და ქართულად ბრწყინვალედ მეტყველების მადლიც მისცა.
წმიდა გაბრიელ ქართველიც ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა. სავარაუდოდ, იგი ერისკაცობიდანვე იცნობდა წმიდა იოანესა და იოანე-თორნიკეს.
ერთ მშვენიერ დღეს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. ბერები ნავით მიუახლოვდნენ ხატს, მაგრამ „ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმინდა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა. ყოვლადწმინდა გამოეცხადა მამა გაბრიელსაც და უთხრა შესულიყო ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაევლო და იხილავდა წყალობას მათი სავანისადმი.
მამებმა მოძებნეს მამა გაბრიელი. იგი ზღვას გაუყვა. წმინდა ხატიც მიუახლოვდა მამა გაბრიელს. ქართველმა წმინდანმა ხატი გულზე მიიქვა, გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა.
იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმინდა ხატი დააბრძანეს, სასწაულმოქმედმა წყარომ გადმოხეთქა.
ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში დააბრაძანეს. მაგრამ, დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენიმეჯერ. შემდეგ ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.
ბერებმა ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და წმინდა ხატიც იქ დააბრძანეს.
ასეთი წმინდა ადამიანი იყო გაბრიელ ქართველი.
მამა იოანესა და მამა გაბრიელის ლოცვა ნუ მოკლებოდეს ივერიას! მათი შეწევნით ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყოს ჩვენი სამშობლოსა და ქართველების მფარველი!
0