როგორ ასულელებენ და ატყუებენ რუსი სამხედროები და სამშენებლო კომპანიები ცხინვალელებს როგორ ასულელებენ და ატყუებენ რუსი სამხედროები და სამშენებლო კომპანიები ცხინვალელებს />


  17:44:58     24-07-2012

როგორ ასულელებენ და ატყუებენ რუსი სამხედროები და სამშენებლო კომპანიები ცხინვალელებს

a20176.jpg

ცხინვალში მშენებლობის თემა ისევ ის „შავი ხვრელია“, რომლითაც რუსი ფულიანი ბიზნესმენები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ადგილობრივი მუშახელი კი პირში ჩალაგამოვლებული რჩება.

ასე დაემართათ მუშებს, რომლებიც ჯავაში, რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო განყოფილების კომენდატურის ტერიტორიაზე სამლოცველოს ასაგებად, ვითომცდა, „დაასაქმეს“. უფრო სწორედ, მუშებმა იმუშავეს და 18 მეტრიანი ნაგებობა ცხინვალიდან ჩანს კიდეც. მაგრამ საქმე ისაა, რომ დამსაქმებელი - სამშენებლო კომპანია „ედკორი“, რომელიც ვლადიმირსკის ოლქის ქალაქ კირჟაჩშია რეგისტრირებული, ისე გაქრა და გაიპარა ცხინვალიდან, რომ მშენებლებს კაპიკიც არ გადაუხადა.

არადა, ეს რუსული ფირმა ფულს არ ზოგავდა რეკლამისთვის. მის შესახებ ინტერნეტშიც ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. კომპანიის დირექტორმა კონსტანტინ კორკოდელმა ცხინვალელ მუშებს თავისი მიღწევები გააცნო კიდეც და იმაშიც დააჯერა, რომ ამ სამლოცველოს შემდეგ, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ სხვა სასაზღვრო კომენდატურებში დაიწყებდნენ დიდ მშენებლობებს.

მუშაობა ზამთარში დაიწყეს. ვინაიდან ცხინვალში სამუშაო ადგილები არ არსებობს, მშენებლობა ისევ ერთადერთ საშუალებად რჩება, რომ ადამიანმა სახლში პურის ფული მიიტანოს. ამიტომაც მუშები თავდაუზოგავად შრომობდნენ. თავად ფირმის დირექტორი კი რუსეთში იმყოფებოდა და იქიდან იძლეოდა დავალებებს. ცხინვალში სულ ორჯერ ჩავიდა. დროთა განმავლობაში კი აღარც სატელეფონო ზარებს პასუხობდა და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ „ფსბ“-ს სასაზღვრო განყოფილებამ მუშებს „მათი“ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როცა მშენებლობა დაამთავრეს და მესაზღვრეებს სამლოცველო ჩააბარეს.

შეთანხმების თანახმად, მუშებს ანაზღაურება მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა მიეღოთ. ბოლო სატელეფონო კავშირი სამშენებლო ფირმის დირექტორთან კი იმით დასრულდა, რომ მუშებს კატეგორიულად მოსთხოვეს, აღარ გაებედათ დარეკვა. ირკვევა, რომ „ედკორს“ ცხინვალი, თურმე, პირველად არ გაუწბილებია. საერთოდ ტენდენციააცაა ისეთი, რომ რეგიონში ჩასული, ძირითადად, რუსული სამშენებლო კომპანიები, მას შემდეგ, რაც ფულს აიღებენ, იპარებიან და თანაც ისე, რომ არათუ მუშებს არ უხდიან გასამრჯელოს, არამედ, ხშირად, სამუშაობს ბოლომდეც კი არ ასრულებენ. „ედკორიც“ არაერთხელ აღმოჩენილა ასეთი სკანდალებისა და სასამართლო განხილვების ეპიცენტრში, რომელთა მთავარი არსი ის იყო, რომ კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა.

რუსული კომპანიისგან გაწბილებულმა მუშებმა წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარს მიმართეს, რომელმაც მათი აშენებული სამლოცველო აკურთხა, მაგრამ, რასაკვირველია, მისგან ვერაფერი ნუგეში მიიღეს. ისევე როგორც, „ფსბ“-ს მესაზღვრეებისგან: მათ სამლოცველო ჩაიბარეს და ახლა, გადაუხადა თუ არა რუსულმა კომპანიამ დაქირავებულ ოსებს ფული, ეს საკითხი არც აღელვებთ და არც რაიმეს გარკვევას აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ „ედკორის“ შემკვეთები სწორედ მესაზღვრეები არიან.

ირკვევა ისიც, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ დაქირავებულ რუსულ სამშენებლო კომპანიას, მუშები, თურმე, უბრალოდ, სიტყვაზე ენდნენ და მასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. ახლა დირექტორს ვეღარსად პოულობენ და არც „ფსბ“ აპირებს ამ ადამიანებს რამეში დაეხმაროს და „ედკორის“ დირექტორი მოაძებნინოს მაინც.

0

ავტორი: