09:49:08     24-07-2012
ვინ არის დუმბაძის მკვლელი? ორი თვის წინ დაჭერილი კაცის გვარ-სახელს ახლა არკვევენ

რომან დუმბაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებას ახალი ვერსიები აქვს. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ უკვე დაკავებული ქილერი შოთა ტარუგეშვილი სინამდვილეში სულ სხვა ადამიანია. გამომძიებლები ახლა მის რეალურ ვინაობას არკვევენ, რათა მკვლელობის შემკვეთები დაადგინონ. თავად შოთა კი კვლავ იმას ამტკიცებს, რომ სრულიად უდანაშაულოა.
როგორც „იზვესტიას“ საკუთარმა წყაროებმა აცნობეს, გამოძიების მასალებში ახალი ეპიზოდები და სახელები შეიძლება გაჩნდეს.
- დაკავებებისა და ჩხრეკების დროს ეჭვმიტანილებს რამდენიმე ქართული პასპორტი უპოვეს, სხვადასხვა გვარებზე გაფორმებული. ეს ყველაფერი იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ტარუგეშვილის გვარი და სახელი მოგონილია. ოპერატიულმა მუშაკებმა ამ ადამიანზე ძალიან ცოტა რამ იციან: ცნობილია, რომ ის 1951 წელს თბილისში დაიბადა. მოსკოვში 90-იანი წლებიდან ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა. ჰყავს მეუღლე და შვილი. დაკავების მომენტში უმუშევარი იყო.
„ახლა ამ დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებული სიტუაცია ბუდანოვის საქმეს მოგვაგონებს. მაშინაც დააკავეს მკვლელი, მაგრამ მისი ნამდვილი გვარი და სახელი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაადგინეს“ - უთხრეს „იზვესტიას“.
საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომ გაარკვიოს ტარუგეშვილის ბიოგრაფია, რაც მათი აზრით, გენერალ დუმბაძის მკვლელობის შემკვეთთა კვალზე და მკვლელობის მოტივზე გაიყვანს.
ამასთან, გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ქილერი სწორედ ტარუგეშვილი იყო. ის უკვე ამოიცნო სამმა თვითმხილველმა. გარდა ამისა, აღიარებითი ჩვენებები აქვს მიცემული მკვლელობის თანამონაწილეს ალექსანდრე ბერიშვილს. მან არა მარტო აჩვენა გამომძიებლებს, თუ სად იყო დამალული მკვლელობის იარაღი, არამედ მოყვა, თუ როგორ მზადდებოდა მკვლელობა.
თავად შოთა ტარუგეშვილი, რომელიც ახლა ლეფორტოვოს იზოლატორში ცალკე კამერაშია მოთავსებული, ამტკიცებს, რომ სრულიად უდანაშაულოა.
- ჩემი კლიენტი ამტკიცებს, რომ ის არ არის დაკავშირებული მკვლელობასთან და არ ყოფილა დანაშაულის ადგილზე - განუცხადა „იზვესტიას“ ეჭვმიტანილის ადვოკატმა ალექსანდრ ლომჟინმა.
რომან დუმბაძე, ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, რომელიც საქართველოში სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და შემდეგ რუსეთს 2008 წლის ომის შედეგად დატყვევებულ პირებში გაუცვალეს, მოსკოვში 21 მაისს მოკლეს. ყოფილ გენერალს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულში სამი პირი მონაწილეობდა: რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და შოთა ტარუგეშვილი. სამივე ახლა დაკავებულია. მათ შორის როლები ასე იყო გადანაწილებული: რომან ბელქანია დუმბაძის გადაადგილებას ადევნებდა თვალს, უშუალოდ მკვლელობაში კი ბელქანია და ტარუგეშვილი მონაწილეობდნენ. პირველი მძღოლი იყო, მეორემ კი სასხლეტს გამოჰკრა ხელი.
ერთ-ერთი ვერსიით დუმბაძის მკვლელობა შესაძლოა, კრიმინალურ გარჩევებთან იყოს დაკავშირებული: თითქოსდა, დუმბაძეს კავშირი ჰქონდა გავლენიან ე.წ. კანონიერ ქურდთან ტარიელ ონიანთან. „იზვესტიას“ წყაროს ცნობითაც, ოპერატიული ინფორმაციით, 90-იანი წლების ბოლოს კრიმინალურ წრეებში შოთა კარგად იყო ცნობილი, თუმცა სრულიად სხვა გვარითა და სახელით.
0