08:41:52     24-07-2012
ლიკა ყიფშიძე - „მე კი კენჭებით ლექსს ვაწყობ“
ლიკა ყიფშიძე - არა მარტო პოეტია, ეს პრესა.გე-ს მკითხველებმა, საერთოდ, პოეზიის მოყვარულებმა კარგად იციან, არამედ სხვა, მისი თანამედროვე პოეტების მოყვარული, ახალი, მშვენიერი ლექსების მაძიებელი და „სარეკლამო აგენტიც“ სხვისი პოეზიისა...
დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, კორესპონდენტად, ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.
გამოცემული აქვს საბავშვო წიგნი – „მარიკელას მოთხრობები, ანუ, ობოლას თავგადასავალი“. არის გამომცემლობა „პალიტრის“ მიერ გამოშვებული „ანბანის“ ტექსტის ავტორი...
რა სჯობს ზღვას, მით უმეტეს ზაფხულში, სხვა დროსაც, რამდენ ფიქრს აღძრავს და რამდენ პოეტს აღაფრთოვანებს. ზღვამ აღაფრთოვანა ლიკა ყიფშიძეც და ჩვენც წავიკითხოთ მისი “კენჭებით აწყობილი“ ლექსები, განვიცადოთ მისი საზღვაო პოეზიის ტალღები...
საღამო ზღვაზე
ზღვა ცის სილურჯეს ნებდება,
ირგვლივ ნელ–ნელა ბნელდება,
მზერა ჩემს მკერდზე ხელდება,
მკერდი კი კენჭებს ეკვრება!
კენჭები ასოებია,
ზღვას ლექსი გადმოებნია,
ვაგროვებ რითმებს ვნებიანს,
ვნებით აფრები თვრებიან!
ზღვაც ნასვამივით ტორტმანობს,
ტალღამ ჩაყვინთა და ნანობს,
ცა ზღვას შეერწყა და ხარობს,
მე კი კენჭებით ლექსს ვაწყობ!
ცეკვა ზღვაზე
ზღვის მაქმანისგან,
საქორწილო კაბას შევკერავ
და ტალღის ქაფის გვირილების
დიადემას დავიდგამ თავზე...
წყლიდან ასხლეტილ ბრილიანტებს
გადამაბნევს, თავად, ნეფტუნი
და მე ვიცეკვებ, შენს მკლავებში,
ზღვის, ლურჯ ვალსს, ასჯერ!
იქნებ–ათასჯერ?
შენს თვალებში...
შენით სუნთქავს გაზაფხული,
არ თქვა–არა, არაო!
შენს თვალებში ზღვა ლივლივებს,
მის ტალღებზე ვნანაობ!
ანა, ბანა, ანა, ბანა, ანა, ბანა, ანაო...
მე, ზეცა და ზღვის ტალღები
შენს თვალებში ვქანაობთ!
ზღვას
მე მომენატრე!
და მოვიწყინე!
მე ისევ მოსვლა მომინდა შენთან!
მე გამახსენდა
არშიყი შენი,
თავაწყვეტილი არშიყი მზესთან!
ცისფერი კაბა,
ცის ნაჩუქარი,
მზემ ყვითლად როგორ აგილივლივა,
მზე და ცა ერთად,
მზე და ცა ერთად,
ორივე ერთად მკერდს გიკოცნიდა!
მზესთან არშიყი,
ცასთან ლაციცი,
დადამიწა კი მთლად გადარიე!
შენი ამბორი,
ხან გიჟი კოცნა,
მის ყელზე ვნებით მიმოაბნიე!
ანცი ხარ, ანცი!
სულით კეკლუცი...
შენთან შეხვედრა მომნატრებია,
მე მოვალ შენთან
და მოგიყვები,
ამ გულში რაც კი დამგროვებია!
ნეტავი ასე
რად მენატრები,
მე და შენ, კარგო,რა გვაქვს საერთო?!
რატომაც, არა!
მზე, ცა და მიწა
დაუსაბამოდ ჩვენთვის პაექრობს!
ისევ ზღვას
მომიჭერი,
მზის სხივებით მოჩითული,
შენი კაბის,
ჭრელი კალთა!
შემიკერე,
ზღვის სურნელით გაჟღენთილი,
სარაფანი,
სიფრიფანა!
ჩამომაცვი,
მე კისერზე,
ნიჟარების მძივის წყება
და მომიწყე
შენს ნაპირზე
საოცნებო ნეტარება!