18:01:35     23-07-2012
ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველი ფოტოები: რუსიშვილი, გოგბერაშვილი, აგლაძე, ჯოხაძე

საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოკლული 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძის სასამართლო პროცესი.
მას, ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებისთვის გასამართლებულ ივერი გოგბერაშვილთან და ნარკოტიკების მოხმარებისათვის გასამართლებულ დავით რუსიშვილთან ერთად ბრალად ედება განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად და წინასწარ განზრახვით ჩადენილი მკვლელობა.
ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს დავით რუსიშვილი, რომელიც მკვლელობიდან მესამე დღეს დაიჭირეს. მეტიც, ნაფიცმა მსაჯულებმა მოსამართლეს მიმართეს რეკომენდაციით და სასჯელის დამძიმება მოითხოვეს. რუსიშვილს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ჯერჯერობით არ მომხდარა კიევში დაკავებული ივერი გოგბერაშვილის საქართველოში ექსტრადაცია. ხოლო ირაკლი აგლაძე კი, რომელიც ადრე შეიარაღებული თავდასხმისთვის იყო გასამართლებული (12 წელი აქვს პირობითი სასჯელი) დღემდე დაკავებული არაა. ამიტომ, მას, სასამართლო დაუსწრებლად გაასამართლებს.
სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოკლულის დედა და და, რომლებმაც დეტალურად გაიხსენეს თუ როგორ დაუნდობლად მოკლეს ირაკლი აგლაძემ, დავით რუსიშვილმა, ივერი გოგბერაშვილმა და სხვებმა 23 წლის უიარაღო ჩოგბურთელი, ზურა ტარყაშვილი.
მას, საკუთარ სახლთან, მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე ჩაუსაფრთდნენ, სროლით სდიეს რუსთაველის გამზირზე და სადისტურად დაცხრილეს. ტარყაშვილს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, აქედან ორი თავში.
„პრესა.ჯი“ აქვეყნებს მკვლელობის მომენტში, ვიდეოთვალით გადაღებულ ფოტოებს, სადაც ნათლად ჩანს, შეიარაღებული რუსიშვილი, აგლაძე და გოგბერაშვილი როგორ მისდევენ უიარაღო ზურა ტარყაშვილს.
ასევე ვაქვეყნებთ დავით ჯოხაძის ფოტოს, რომელიც მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ გარბის ჯოხაძე მკვლელობის ადგილიდან, ხოლო გამოძიებით დადგენილია, რომ ის, ტარყაშვილის მკვლელობის მთავარ ორგანიზატორთან, ივერი გოგბერაშვილთან ერთად მიიმალა.
მათ ბესიკის ქუჩის კუთხეში ტაქსი გააჩერეს და გაიქცნენ. თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ გოგბერაშვილი კიევში დააკავა, ჯოხაძე კი, აგლაძის მსგავსად, ამ დრომდე იმალება.
მას, ჯერჯერობით არ აქვს წაყენებული მკვლელობის ბრალდება, თუმცა, პროცესზე, დავით რუსიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ მაგრაქველიძე ამტკიცებდა, რომ ჯოხაძე ერთ-ერთი მკვლელია.
სხვათაშორის, არსებობს უამრავი მოწმე, მტკიცებულება, რომელიც ტარყაშვილის მკვლელობაში ჯოხაძის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ამიტომ, არ არის გამორიცხული, დავით ჯოხაძეს, გამოძიებამ ტარყაშვილის მკვლელობა წაუყენოს. ჯერჯერობით კი, იგი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იძებნება.
ერთი საინტერესო დეტალი: მოკლულის და და დედა აცხადებენ, რომ ირაკლი აგლაძე, დავით ჯოხაძის ავტომანქანით, ჯერ კიდევ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ორთაჭალის ციხესთან ელოდებოდა ზურა ტარყაშვილს მოსაკლავად. ვაქვეყნებთ ამის დამადასტურებელ ფოტო-მასალასაც. ხოლო, მას შემდეგ, რაც აგლაძე მიხვდა, რომ ზურა ტარყაშვილის დედამ შეამჩნია, ის ჯოხაძის მანქანით წავიდა და რამდენიმე წუთში, სხვა მანქანით მივიდა ციხესთან. ფოტოზე სწორედ ეს მანქანაა გამოსახული.
და ბოლოს, როგორც ჩანს, ტარყაშვილის მკვლელობის დაგეგმვასა და განხორციელებაში შესაძლოა იმაზე მეტი ადამიანი ფიგურირებდეს, ვიდრე ამ დრომდე დადგენილია.
ამის საილუსტრაციოდ ისიც გამოდგება, რომ მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე, ტელეკომპანია პირველი არხის ვიდეო-კამერამ დააფიქსირა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ერთ-ერთი პირის ძმა. ასევე დაფიქსირებულია რამდენიმე ეჭვმიტანილიც, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
წინაისტორია
გამოძიების მასალების მიხედვით, 23 წლის ახალგაზრდის სადისტური მკვლელობის მოტივი ბრმა შურისძიება გახდა. რამდენიმე წლის წინ, ზურა ტარყაშვილი, გრიბოედოვის ქუჩაზე შეხვდა ნაცნობ სანდრო გოგბერაშვილს. შეხვედრის დროს თავზე გადაუსვა ხელი, გოგბერაშვილმა თავზე ხელის გადასმა იუკადრისა, რის გამოც ტარყაშვილი და გოგბერაშვილი წაკამათდნენ.
საქმეში არსებული მასალემის მიხედვით, ამ ინციდენტის შემდეგ სანდრო გოგბერაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ზურა ტარყაშვილს და მეორე დღეს, საღამოს გრიბოედოვის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ „არკასთან“ სთხოვა მისვლა, საქმის გარჩევის მიზნით.
შეხვედრა შედგა, ზურა ტარყაშვილს თან ახლდნენ მეგობრები: ძმები დავით და ლევან ჩიჩუები. მეგობრები ახლდნენ გოგბერაშვილსაც, მათ შორის თორნიკე კაჭარავაც.
გამოძიების ინფორმაციით, „არკაში“ სანდრო გოგბერაშვილმა გადატენილი იარაღი თავზე დაადო ზურა ტარყაშვილს, ტარყაშვილის მეგობრებმა, დავით და ლევან ჩიჩუებმა, გოგბერაშვილს იარაღიანი ხელი დაბლა დააწევინეს. რა დროსაც გოგბერაშვილმა ასფალტის მიმართულებით გაისროლა.
საქმის მასალების მიხედვით, სროლის ხმაზე, „არკაში“ შევარდა გოგბერაშვილის იარაღმომარჯვებული მეგობარი, თორნიკე კაჭარავა და ტარყაშვილისა და ჩიჩუების მიმართულებით დაიწყო სროლა.
კაჭარავას მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ფეხსა და ხელში დაიჭრა ზურა ტარყაშვილი, გულ-მკერდის არეში დაიჭრა ლევან ჩიჩუა ხოლო ფეხში დავით ჩიჩუა.
ექსპერტიზის დასკვნით, კაჭარავასვე გასროლილი ბრმა ტყვია მოხვდა თავის არეში, მისივე (კაჭარავას) მეგობარს, სანდრო გოგბერაშვილს (იმ მომენტისთვის გრიბოედოვის ქუჩაზე გათიშული იყო ელექტროენერგია, ბნელოდა, წვიმდა, ჭირდა ხილვადობა...), რომელიც გარდაიცვალა.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სანდრო გოგბერაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვია, იდენტური იყო ძმებ ჩიჩუებისა და ტარყაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვიისა. ანუ ერთი და იგივე იარაღიდან გასროლილი ტყვიები მოხვდათ: ზურა ტარყაშვილს, დავით ჩიჩუას, ლევან ჩიჩუასა და სანდრო გოგბერაშვილს. გოგბერაშვილი, მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
საქმეში ფიგურირებს მოკლულ სანდრო გოგბერაშვილისა და თორნიკე კაჭარავას მეგობრის, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის შვილის ჩვენებაც, სადაც იგი დეტალურად აღწერს იმას, თუ როგორ შევარდნა იარაღმომარჯვებული თორნიკე კაჭარავა „არკაში“ სროლით, გაისროლა რამდენჯერმე და მიიმალა...
საქმეში ასევე ფიგურირებს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ დაინახა გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში მყოფი პიროვნება, რომელიც სროლით გარბოდა... ამ პიროვნებაში მან თორნიკე კაჭარავა ამოიცნო, ხოლო, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩის კუთხეში ნაპოვნი მასრა მკვლელობის იარაღიდან იყო გასროლილი.
გამოძიების მიერ მოკვლეული მასალების, მოწმეების ჩვენებების, უტყუარი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის საქმეში დამნაშავედ სცნეს მიმალვაში მყოფი მისივე მეგობარი, თორნიკე კაჭარავა და მას დაუსწრებლად, სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ზურა ტარყაშვილსა და ძმებ ჩიჩუებს, რომლებიც სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის საქმეში დაზარალებულად სცნეს, ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს. სასამართლომ ტარყაშვილს 2, ლევან და დავით ჩიჩუებს კი 4-4 წელი მიუსაჯა. ზურა ტარყაშვილმა საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე თვით ადრე - 2011 წლის 4 ოქტომბერს დატოვა...
გამოძიების მიხედვით, სანდრო გოგბერაშვილის მამამ, ივერი გოგბერაშვილმა იცოდა მისი შვილის მკვლელის ვინაობა. იცოდა რომ თორნიკე კაჭარავამ ტარყაშვილისა და ჩიჩუების მკვლელობა სცადა და შემთხვევით ტყვია მის შვილს, თავისივე მეგობარ სანდრო გოგბერაშვილს მოარტყა.
მიუხედავად ამისა, ივერი გოგბერაშვილმა, დავით რუსიშვილთან, ირაკლი აგლაძესთან და ჯერჯერობით დაუდგენელ პირებთან ერთად, საფლავზე დაიფიცა, რომ ყველას მოკლავდა, ვინც მისი შვილის მკვლელობის მომენტში მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა, დამნაშავე.
სწორედ ველური შირისძიების მსხვერპლი გახდა უდანაშაულო ზურა ტარყაშვილი. 23 წლის ჩოგბურთელი, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ, დავით რუსიშვილმა და სხვებმა, მხეცურად, დღისით, შუა რუსთაველზე მოკლეს.
ამ სადისტური მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ დავით რუსიშვილი დააკავა, მან თავდაპირველად დანაშაული აღიარა. მაშინ, რუსიშვილმა დეტალურად მოყვა თუ როგორ დაგეგმეს და განახორციელეს მკვლელობა მან, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ და სხვებმა, თუმცა, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და განაცხადა რომ უდანაშაულოა.