07:43:41     23-07-2012
ანჟეი ვაიდა: რუსეთში კვლავ არიან პოლიტიკური მკვლელები, ისე, როგორც დიქტატურის დროს

მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიულად წარმოაჩენს თავს, კვლავ არიან პოლიტიკური მკვლელები, როგორც დიქტატურის პერიოდში და ამ ფაქტმა არ შეიძლება არ გამოიწვიოს შეშფოთება - განაცხადა ცნობილმა პოლონელმა რეჟისორმა ანჟეი ვაიდამ, რომელიც იტალიურ გამოცემა Tempi-ს მის მიერ გადაღებული ფილმის „კატინი“-ს შესახებ ესაუბრა.
რეჟისორი რუსეთს გულისხმობდა, სადაც 1940 წელს 22 ათასი პოლონელი ოფიცრის მკვლელობასთან დაკავშირებით გადაღებული მისი ფილმი ყველაზე სკანდალურად აღიქვეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ვაიდამ უარყო საბჭოთა კავშირის ვერსია, რომ ოფიცრები კატინთან გერმანელებმა დახვრიტეს და თქვა ის, რასაც, როგორც თავად ამბობს, პოლონელები 60 წლის განმავლობაში ელოდნენ: რომ ეს დანაშაული სტალინმა ჩაიდინა.
რეჟისორის თქმით, „კატინი“ პოლონეთში სამ მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი. პრობლემა კი იმან შექმნა, რომ ფილმის გავრცელებაზე და საზღვარგარეთ გატანაზე პასუხისმგებლობა პოლონეთის სახელმწიოფ ტელევიზიამ აიღო, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფილმი მაყურებელთა ფართო ფენებს ენახათ. მათ ეს სურათი უხერხულობად ჩათვალეს.
„კომპანია New Media Distribution-ის შესახებ პოლონეთის ტელევიზიის ანგარიშში, - ამ კომპანიას ფილმის გაქირავებაზე უნდა ეზრუნა, მათ შორის რუსეთსა და აშშ-ში, მე ვნახე ხელით გაკეთებული შენიშვნა: ინიციატივა შეიძლება ჩავარდეს პოლიტიკური მიზეზებით. რელაურად, ბევრი იყო დაინტერესებული იმით, რომ ფილმი არ ეჩვენებინათ და ბევრ ქვეყანაში იყვნენ დისტრიბუტორები, რომლებმაც იმის გამო იყიდეს ფილმი, რომ ის არავის ენახა. ის ძალიან ვიწრო წრეებში აჩვენეს, ავანგარდულ კინოთეატებში სპეციალური პუბლიკისათვის. ყველაზე სკანდალური ჩვენება კი რუსეთში იყო“ - განაცხადა რეჟისორმა.
ანჟეი ვაიდსას თქმით, რუსეთში სტალინი დღემდე უყვართ. ის ჯერ კიდევ იკავებს ზედა პოზიციებს რეიტინგებში. მაგრამ პოლონელი ოფიცრების მკვლელობა კატინში ის დანაშაულია, რომელსაც გამართლება არ აქვს, რომელიც ყველა სამხედრო კონვენციის დარღვევით იქნა ჩადენილი, ამიტომაც, ვიღაცას არ სურს, რომ ეს გაიხსენონ.
„ვინ ეწინააღმდეგება ფილმის ჩვენებას? ის ხომ არა, ვინც გავლენა იქონია პროცესზე, რომელზეც ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელები გაამართლეს?“ - ასეთი კითხვა დაუსვა იტალიელმა კორესპონდენტმა რეჟისორს, რაზეც მან განაცხადა, რომ „მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში, რომელიც თავს დემოკრატიულად წარმოაჩნეს, კვლავ არიან პოლიტიკური მკვლელები, როგორც დიქტატურის დროს. ამ ფაქტმა არ შეიძლება შეშფოთება არ გამოიწვიოს“.
ვაიდას განცხადებით, პოლონეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირთან არ შეიძლება არსებობდეს ნორმალური ურთიერთობები იქამდე, ვიდრე ამ დანაშაულის შესახებ სიმართლე არ ითქმება.
პარალელურად, პოლონელები - კატინის მსხვერპლთა ნათესავები, აპირებენ აპელაცია შეიტანონ ევროპის სასამართლოს 2012 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე. მათ სურთ, რომ კატინის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილოს, რომელშიც 17 მოსამართლე შედის.
ევროპის სასამართლომ პოლონელი ოფიცრების დახოცვა სამხედრო დანაშაულად სცნო, თუმცა დამნაშავის ძებნა არ დაუწყია და არც იმ გამოძიების ხარისხისთვის მიუცია შეფასება, რომელიც რუსეთმა კატინის საქმეზე ჩაატარა. პოლონელი მომჩივანები შეეცდებიან სასამართლოსგან მიიღონ აღიარება, რომ რუსეთმა არასრულფასოვანი გამოძიება ჩაატარა. ისინი ევროპის კონვენციის მე-2 მუხლს ეყრდნობიან, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას და კრძალავს არა მარტო მკვლელობას, არამედ კონკრეტული შემთხვევის ეფექტურად გამოძიებას მოითხოვს. ეს კი პოლონელების აზრით, მომავალში დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას განაპირობებს.
კატინის საქმის გამოძიება, რომელიც რუსეთში 1990-2004 წლებში მიმდინარეობდა, არ შეიძლება ეფექტურად ჩაითვალოს. მომჩივანთა თქმით, რუსეთმა ვერ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს საფუძვლიანი არგუმენტაცია საქმის შეწყვეტისათვის. ამასთან, 15 ივლისს პოლონეთის სამხედრო ატაშემ განაცხადა, რომ ისინი რუსეთისგან კატინის ტრაგედიასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს მოითხოვენ, რასაც მოსკოვი დღემდე ასაიდუმლოებს და რაზეც ევროპის სასამართლომაც მიუთითა, რომ ეს დოკუმენტები ტრაგდიის მსხვერპლთა ნათესავებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
0