შალვა აფხაიძე - „ვარდობა იყო“ და „დადგება ჯამი“ შალვა აფხაიძე - „ვარდობა იყო“ და „დადგება ჯამი“ />


  08:17:45     20-07-2012

შალვა აფხაიძე - „ვარდობა იყო“ და „დადგება ჯამი“

a20082.jpg

1894 წლის 20 ივლისს, სოფელ ძუყნურში, იმერეთში, დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე შალვა ნიკოლოზის ძე აფხაიძე.

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში.1917 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მისი პირველი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა 1914 წელს. პირველი ლექსი „სონეტი ასონანსებით“ გამოქვეყნდა 1917 წელს ქუთაისის გაზეთ „ხალხის მეგობარში“. იყო ცისფერყანწელთა ლიტერატურული ჯგუფის წევრი. შალვა აფხაიძის ლექსების პირველი წიგნი გამოვიდა 1941 წელს.

ამას მოჰყვა მისი წიგნები: „ლექსები“ (1949), „ერთტომეული“ (1954), „გაზაფხულის მელოდიები“ (1957, „გაზაფხულის განთიადები“ (1963), „კრიტიკული წერილები“ (1954) და სხვა.

შალვა აფხაიძე იყო ავტორი მონოგრაფიებისა ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე. გამოცემული ჰქონდა ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა და მონოგრაფიების რამდენიმე წიგნი. მათ შორის მონოგრაფიები: „ვერიკო ანჯაფარიძე“ (1956), „სანდრო ახმეტელი“ (1958), „აკაკი ხორავა“ (1962) და სხვა. მან თარგმნა მ. გორკის, დ. ფურმანოვისა და სხვების ნაწარმოებები.

შალვა აფხაიძემ შეადგინა „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“.

დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და სხვა ჯილდოებით.

შალვა აფხაიძე გარდაიცვალა 1967 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

პრესა გე-ს მკითხველს ვთავაზობთ შალვა აფხაიძის რამდენიმე ლექსს.

ვარდობა იყო...

ვარდობა იყო, როცა წახვედი,
ზლაზნია ღრუბლებს რომ მიეფარე
და შორს ამღერდი თბილისის მტრედი.
ვარდობა იყო, როცა წახვედი,
მშობლიურ ქართლის გაჰყევი ქარებს...
ახლა მანდ გალხენს ველი ხმოვანი,
და ის ყაყაჩო - შენ რომ ჰკრავ ძნებად.
კაკლების ჩრდილი ათასწლოვანი.
ახლა მანდ გალხენს ველი ხმოვანი,
ის მზეც, შენს მკერდზე რომ დადუღდება.
როგორ შევნატრი, ნეტავ იცოდე,
ყვავილს, რომელსაც შენ ახებ ხელსა.
 ბულბულს მომლხენსაც კი შეიცოდებ.
როგორ შევნატრი, ნეტავ იცოდე,
სადაც შენა ხარ - იმ სამოთხესა.
ნუთუ იმიტომ ვარ გაჩენილი,
რომ შენზე ტკბილი ოცნება მეყოს,
შენგან შორს ვიყო მარად შთენილი?
ნუთუ იმიტომ ვარ გაჩენილი,
რომ შენი ლანდიც კი არ შემეხოს?

დადგება ჟამი

დადგება ჟამი
და ღრმა წყვდიადი
მეც სასიკვდილოს
მომდებს მარწუხებს,
მე ის მაწუხებს,
რომ ვეღარ ვნახავ:
ჩემი ცის ლაჟვარდს,
ჩემი ველების ყვავილთა ბიბინს,
მზის სილამაზეს,
და გაზაფხულის ჩანჩქერთა სირბილს,
სალამს ვერ მივცემ
ქართველს სალამზე.

რაა სიკვდილი!
მე ის მაწუხებს,
რომ შეწუხდება
შენი პატარა უმანკო გული,
და მე გავხდები იმის მიზეზი,
რომ შენ, რომელიც ასე მიყვარდი,
ჩემით გეწვევა, გულს ამოგიწვავს,
პირველი დარდი.

0

ავტორი: