17:45:51     19-07-2012
„პლუშის დესანტი“ და წერილი ლუკაშენკოს: თქვენ შეიარაღებული ჯამბაზი ხართ (ვიდეო)

ლიტვასა და ბელორუსს შორის „პლუშის სკანდალი“ ისევ გრძელდება. მინსკის ცაზე ლიტვიდან შეფრენილმა თვითმფრინავმა, რომელიც ლუკაშენკოს რადარებმა ვერ დააფიქისირეს და რომლიდანაც ბელორუსებს წერილები ჩაუყარეს სიტყვის თავისუფლების მოწოდებებით, პოლიტიკური ანგარიშსწორების ახალ კამპანიას ჩაუყარა საფუძველი. ბელორუსში დააპატიმრეს ჟურნალისტი ანტონ სურიაპინი, რომელმაც ეს აქცია გადაიღო, თუმცაღა ლუკაშენკოს „კგბ“ ამტკიცებს, რომ მათ საჰაერო სივრცეში არანაირი უცხო ქვეყნის თვითმფრინავი არ შეფრენილა და საერთოდ, აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია, ფარსია.
აქციის ორგანიზატორი შვედეთის სარეკლამო სააგენტო „სტუდიო ტოტალი“ იყო, რომლის წარმომადგენელმა პერ კრომველმა ლუკაშენკოს წერილი მისწერა და მას „შეიარაღებული ჯამბაზი“ უწოდა. კრომველის თქმით, აქციის ორგანიზებისას სააგენტო შეგნებულად არ დაუკავშირდა ბელორუსულ ორგანიზაციებს, რათა ისინი საფრთხეში არ ჩაეგდო და ამდენად, დაპატიმრებული ანტონ სურიაპინიც არაფერ შუაშია, რომლის ბრალიც მხოლოდ ის არის, რომ ციდან ცამოყრილი პლუშის დათუნიების ფოტოები გამოაქვეყნა.
კრომველი ლუკაშენკოს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემასაც დასცინის. „ეს ცუდად მომუშავე მექნიაზმია, რომელიც ძირითადად აღლუმებისთვისაა განკუთვნილი. თქვენ დახარჯეთ მილიარდები სისტემაზე, რომელმაც ვერ შეძლო დაეფიქისირებინა თვითმფრინავი პლუშის დათუნიებით“ - წერს კრომველი. ამან კი მისი თქმით, გამოიწვია ის, რომ ბელორუსის პრეზიდენტს დასცინიან, როგორც ჯამბაზს. „თუმცა თქვენ უფრო საშიში, - შეიარაღებული ჯამბაზი ხართ, მაგრამ როცა ხალხი იცინის, მას არ აშინებს თვით კბილებამდე შეიარაღებული ჯამბაზიც კი“ - ამბობს კრომველი და ლუკაშენკოსგან დაპატიმრებული სურიაპინის გათავისუფლებას მოითხოვს.
მით უმეტეს, რომ ვინმეს დაკავებისა და პასუხისმგებლობის საკითხის დასმის საფუძველი არ არსებობს. თავად ოფიციალური მინსკი დღემდე ამტკიცებს, რომ ბელორუსის საჰაერო სივრცეში არასანქცირებულ ფრენას ადგილი არ ჰქონია და რომ „პლუშის დესანტი“ ბოროტი დასავლური ძალების მიერ მოგონილი ფარსია, რომელსაც ბუნებაში ადგილი არ ჰქონია. თუმცაღა სისხლის სამართლის საქმე სურიაპინის წინააღმდეგ აღძრეს. მართალია, ამ საქმეში პლუშის დათუნიები არ ფიგურირებენ და ადგილობრივი გაზეთის რედაქტორს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.
აქცია ბელორუსსში შვედურმა სარეკლამო კომპანიამ 4 ივლისს ჩაატარა. ისინი მინსკის მიმართულებით ლიტვიდან შეფრინდნენ და ციდან პლუშის დათუნიები ჩაყარეს, - ადამიანის უფლებების დაცვის მოწოდებებით. სოფელ ივენცის მოსახლეობამ განაცხადა, რომ დათუნიები ნახეს, თუმცა ისინი პოლიციამ წაიღო. პოლიცია და ბელორუსის „კგბ“ კი კვლავ ამტკიცებს, რომ „პლუშის დესანტს“ ადგილი არ ჰქონია.
ვიდეო