12:20:08     19-07-2012
რუსმა სენატორმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარა

ცნობილია, რომ რუსეთმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების დროს, სადაც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებულ ტერიტორიებად იყვნენ მოხსენიებულნი, კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. ეტყობა, ეუთოში რუსეთის საპარლამენტო ასამბლეის თავკაცს, ნიკოლაი კოვალიოვს ძალზე მოკლე მეხსიერება აქვს, ან უფრო შეგნებულად ატყუებს აფხაზებს და ოსებს, რუსებს თავი არ შეგვიკავებია, ხმა წინააღმდეგ მივეცითო, მაგრამ ფაქტს ვერსად გაექცევი.
იმავე კოვალიოვმა ჯერ კიდევ გასულ კვირას ცნობილ ანტიქართულ ინტერნეტ–პორტალ „რეგნუმ.რუ“–საც კი განუცხადა, რომ რუსმა დელეგატებმა გადაწყვიტეს თავი შეეკავებინათ იმიტომ,რომ არ სურდათ სხვებთან კონფრონტაციაში შესვლა, რადგანაც რეზოლუციაში არის „გონიერი მოსაზრებებიც“. რუსი ჟურნალისტი, დემის პოლანდოვი ამ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზების პოზიციის შეტყობას შეეცადა და მარიონეტული ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ხინთბას ესაუბრა:
დემის პოლოანდოვი: დღეს (18 ივლისს, ავტ.) ეუთოში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის მეთაურმა ნიკოლაი კოვალიოვმა „თავხედური სიცრუე“ და „პროვოკაცია“ უწოდა ქართული მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა რეზოლუციაზე კენჭისყრისას თავი შეიკავა. არ ვიცი რა შუაშია აქ ქართული მასმედია, როცა „რეგნუმი“ თითქოს რუსულია და არა ქართული. ხომ ვერ გვეტყვით, რა მოხდა ასამბლეაზე და რატომ მოიქცა რუსეთი ასე და კიდევ, აფხაზურ საზოგადოებაში დღეისთვის ფართო ფენებში თუ არა, მაინც განიხილება საკითხი – რა უნდა ვქნათ, თუ რუსეთმა აფხაზეთის მიმართ პოლიტიკა შეცვალა. მითხარით, ამის თაობაზე რაიმე სტრატეგია თუ გაქვთ შემუშავებული?
ირაკლი ხინთბა: როცა გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა თავი შეიკავა, ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით მათ (რუსებს) და მუშა მდგომარეობაში მივიღეთ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც შემდგომ რუსეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა, ასე არ ყოფილაო. ამიტომაც ასეთ ნაჩქარევ დასკვნებს ნურასოდეს გავაკეთებთ, როცა საქმე პოლიტიკასა და დიპლომატიურ მუშაობას შეეხება.
თუმცა, ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ირაკლი ხინთბამ მაინც ვერ დაადასტურა, რომ რუსეთს კენჭისყრის დრო თავი არ შეუკავებია, მაგრამ რუსულ დელეგაციას ამის გამო გაკრიტიკებას განა გაუბედავდა. ამიტომაც ხინთბამ იმაზე არჩია საუბარი, რომ აფხაზეთს და რუსეთს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს და ისინი კვლავ კრემლის იმედად რჩებიან.
თუმცა, პოლანდოვმა მას ისიც შეახსენა, რომ ეს პირველად როდი ხდება, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხი მათთვის არასასურველი კუთხით იხილება. ასევე იქვე შეახსენა, რომ მაგალითად, რუსმა სენატორმა, ალექსანდრე პოჩინოკმა რეზოლუციას საერთოდ მხარიც კი დაუჭირა. ხინთბამ ამაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. პოჩინოკი უკვე ჩინოვნიკი არ არის და ჩემთვის ძნელია მის პირად მოსაზრებაზე რამე კომენტარი გავაკეთოო.
ამის შემდეგ პოლანდოვმა ხინთბას მიანიშნა, იმასაც ხომ ვერ უარყოფთ, ქართული დილომატია, საერთაშორისო სტრუქტურებში რომ მუდმივად იმარჯვებსო? ხინთბამ ამის უარყოფა ცხადია ვერ შეძლო და მხოლოდ ის აღნიშნა, ეს ასეა, მაგრამ საქართველო რასაც ითხოვს, ყოველთვის იმაზე ნაკლებს იღებსო...
0