08:17:28     19-07-2012
ჩრდილოკორეელმა კომუნისტმა ბელადმა საკუთარ თავს მარშლობა უწყალობა
ჩრდილოეთ კორეის ჯერ კიდევ ახალმოვლენილი ბელადი, კიმ ჩენ ინი კომკავშირული ასაკიდან სულ ახლახანს გამოვიდა და დიადი კომუნიზმის აზვირთებულ ტალღებშიც ეგრევე გადაეშვა. 2011 წლის 17 დეკემბერს, მამის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ წითელი კორეის მესაჭედ სწორედ ის დაინიშნა, ანუ ბელადი, უმაღლესი სახელმწიფო, სამხედრო და პარტიული მოღვაწე გახდა. იგი ქვეყნის უმაღლესი ხელმძღანელი, პარტიის, არმიისა და ხალხის ლიდერია, კორეის სახალხო არმიის უმაღლესი მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და უკვე მარშალიც გახდა. იგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც „დიად მემკვიდრედ“ არაოფიციალურად ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში 2007 წელს გამოცხადდა, ხოლო 2009 წლიდან ქვეყნის ბელადის, კიმ ჩენ ირისა და მისი მესამე ცოლის, ყოფილი მსახიობი ქალის, კო იონ ხის უმცროსი ვაჟი უკვე ოფიციალურად ხდება „დიადი მემკვიდრე“. კიმ ჩენ ინი ფხენიანში 8 იანვარს დაიბადა და ეს თარიღი ახლა ჩრდილოეთ კორეაში საყოველთაო ზეიმადაა გამოცხადებული. რაც შეეხება დაბადების აქ, ალბათ, გზა–კვალის ასაბნევად, „წითელი“ კორეული პრესა სამ სხვადასხვა წელს უთითებს – 1982–ს, 1983–ს და 1984–ს.
როგორც სამხრეთკორეული დაზვერვა ირწმუნება კიმ ჩენ ინს შვეიცარიაში, ბერნში საერთაშორისო სკოლა აქვს დამთავრებული, ხოლო 2002 წლიდან ინდივიდუალური წესით კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტსა და იმავე კიმ ირ სენის სახელობისვე სამხედრო უნივერსიტეტში სწავლობდა.
საერთოდ, კომუნისტ ბელადებს ტრადიციულად წესად ჰქონდათ ყველა სამოქალაქო და სამხედრო წოდებების თავგადაკლული ფილატელისტებივით მოგროვება და რაღა გასაკვირია, რომ კიმ ჩენ ინიც მათ კვალს გაჰყოლოდა.
საკმაოდ ნორჩ ასაკში კიმ ჩენ ინმაც საკუთარ თავს, როგორ წითელი ოფიციალური პრესა იუწყება, ამ დღეებში, მარშლის წოდებაც მიანიჭა. ცხადია, ეს მისი „სურვილი“ არ იქნებოდა, ალბათ, მაგრამ კორეის შრომის პარტიის პოლიტბიუროს ცენტრალურმა კომიტეტმა გადაწყვიტა და ისიც მას დაემორჩილა. არადა ეს მთლად უბრალოდაც არ მომხრადარა. პარტიამ აქაც კომუნისტურ ტრადიციებს არ უღალატა და „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გენშტაბის უფროსი, ვიცე–მარშალი ლი ენ ხო ყველა თანამდებობიდან მოხსნა. არადა, ეს უკანასკნელი ამ პოსტზე კიმ ჩენ ირის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა. იგი ახალ ბელადთან ერთად ტელევიზიითაც საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა და, როგორც ამბობენ, ახალგაზრდა კიმ ჩენ ინი გაბელადებას სწორედ მას უნდა უმადლოდესო.
მარშალი წითელ კორეაში უმაღლესი სამხედრო წოდებაა და მიმოხილველთა ვარაუდით, ახალგაზრდა ბელადს ამით საშუალება ეძლევა არმიაზე საკუთარი კონტროლი გაამყაროს. ამ წოდებას ატარებდა სიცოხლეში მამამისიც, მაგრამ გასულ წელს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიმ ჩენ ირს სიკვდილის შემდეგ გენერალისიმუსის წოდება მიენიჭა.
გამორიცხული არ არის, რომ კიმ ჩენ ინმაც საკუთარ თავს მალე ეს წოდებაც მიანიჭოს. დაუშლის ვინმე თუ რა?!
0