დანიელ ჭონქაძის გარდაცვალების დღისადმი დანიელ ჭონქაძის გარდაცვალების დღისადმი />


  10:49:56     18-07-2012

დანიელ ჭონქაძის გარდაცვალების დღისადმი

a20016.jpg

1860 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა შესანიშნავი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი დანიელ ჭონქაძე. 

გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა, 30 წლისა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ხანს არ უცოცხლია და ვერც ბევრი ნაწარმოების შექმნა მოასწრო, მაინც სეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი დიდი მწერალია. მხოლოდ დიდ მწერალს შეუძლია ასე დიდებულად გადმოგვცეს ადამიანის გადაგვარებული ბუნება: 

- „ეჰ, დედაკაცო, მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი! ხვალვე მზად იყავი! - უბრძანა ბატონმა და გაიცინა, იმიტომ, რომ ერთმა წევარმა რაღაცა სასაცილო ქნა. ოჰ, რა საზარელი იყო ის სიცილი დედი-ჩემის მწუხარებასთან! მე დარწმუნებული ვარ, რომ მასში არ იცინოდა კაცი, კაცში იცინოდა ეშმაკი. იმისთანა დროს, მხოლოდ ეშმაკს შეუძლიან გაცინება“. 

დანიელ ჭონქაძე დაიბადა 1830 წლის 18 მარტს, სოფელ ყვავილში. 

დანიელ ჭონქაძის დედას მელანია ერქვა. მამა, მღვდელი გიორგი მისიონერად მოღვაწეობდა ოსებს შორის. მისი ვერაგული მკვლელობის ისტორიას თავი ავარიდოთ... 

გავიდა დრო... მიუხედავად ამისა, მამა გიორგის ვაჟს, დანიელ ჭონქაძეს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ოსების წინაშე. ის შეისწავლიდა ოსი ხალხის ცხოვრებას, ოსურ ენას. ჰქონდა სპეციალური გამოკვლევები ოსების შესახებ. 

დანიელ ჭონქაძემ შეადგინა რუსულ-ოსური ლექსიკონი. ამ ლექსიკონის ნაწილი შემორჩენილია. მან ოსურ ენაზე თარგმნა ბასილი დიდის წირვა, ქართული ანდაზები, თქმულებები და ზღაპრები. დანიელ ჭონქაძემ შეაგროვა ქართული და ოსური სიტყვიერების ნიმუშები. მათი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა 1868 წელს, მწერლისა და მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ. 

სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა დანიელ ჭონქაზე, მაგრამ ოსი ხალხისათვის გააკეთა ძალიან ბევრი. 

ასევე ბევრი გააკეთა ქართველი ხალხისათვის. მართალია მისი ერთადერი გამოქვეყნებული ნაწარმოები იყო ცნობილი „სურამის ციხე“, რომელიც დაიბეჭდა 1859-1860 წლებში, თუმცა ამ ნაწარმოებს საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს: 

„მოთხრობაში გამოყენებულია სურამის ციხის აგების ლეგენდა, რაც განუმეორებელ კოლორიტს სძენს დღევანდელი გაგებით უკვე საკმაოდ ტრივიალურ თემაზე შექმნილ ნაწარმოებს (ყმა გლეხთა დუხჭირი ყოფა, ბატონსა და ყმას შორის არსებული სასტიკი წინააღმდეგობა, ჩაგრული ხალხის ფეხქვეშ გათელილი ადამიანური ღირსება, ცრუმორწმუნეობით აღძრული უბედურება, სავაჭრო ბურჟუაზიის პირველი ნაბიჯები საქართველოში). ლეგენდურისა და ყოფით-რეალურის საიმდროოდ უჩვეულო შერწყმა, ავტორის დახვეწილი ფსიქოლოგიზმი, საინტერესო ხასიათების გამოძერწვის უნარი, სიუჟეტისა და კომპოზიციის მახვილი გრძნობა და ორიგინალური სტილი იყო მიზეზი იმ ხიბლისა, რომელიც იმთავითვე ახლდა და დღემდეც შემორჩა „სურამის ციხეს“. მოთხრობას დაბეჭდვისთანევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას სპეციელური წერილები უძღვნეს ა. ორბელიანმა, ა. ფურცელაზემ, კ. ლორთქიფანიძემ. დავით მესხის მიერ პიესად გადაკეთებული „სურამის ციხე“ იდგმებოდა XIX საუკუნეში თეატრში. ჩვენი საუკუნის (იგულისხმება XX საუკუნე. - გ. მ.) 30-იან წლებში ნაწარმოები ხელახლა გადაკეთდა პიესად და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენას დიდხანს შერჩა. „სურამის ციხე“ არაერთხელ გამოიცა ცალკე წიგნადაც“ (ქართული მწერლობა, I, გვ. 438). 

სწავლობდა კავკავის სასულიერო სასწავლებელში (1839-1845) და ტფილისის სასულიერო სემინარიაში (1845-1851). სემინარია წარჩინებით დაამთავრა. დანიელ ჭონქაძემ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კარგად იცოდა ოსური ენა და ასწავლიდა ოსურს სტავროპოლის, მერე კი ტფილისის სასულიერო სემინარიაში (1855). ტფილისში მისივე მოთხოვნით გადმოუყვანიათ. პარალელურად მსახურობდა სასულიერო სინოდის კანტორაში მაგიდის უფროსად (1858 წლიდან). 

მისი მოწაფე იაკობ გოგებაშვილი იხსენებდა, რომ დანიელ ჭონქაძეს ჰქონდა მამისაგან დატოვებული სახლი და მამული დუშეთის მაზრაში. ზაფხულის გატარება იქ უყვარდა. ძალიან ჰყვარებია ახლგაზრდები. 

თვითონ ჭლექით დაავადდა. ცხოვრობდა ცუდ პირობებში. ბევრს მუშაობდა. როგორც ვთქვით, ადგენდა რუსულ-ოსურ ლექსიკონს. ერთ პირად წერილში წერდა: „მე ამ შრომას ხელი მოვკიდე მთელი ჩემი ენერგიით ისე, როგორც შეშვენის ახალგაზრდას, რომელსაც სურს კარიერა შეიქმნას, მაგრამ ეს შრომა სამ ასოზედაც არ მქონდა შედგენილი, რომ დამიწყო სისხლის ღებინება“. 

როგორც ამბობენ, „სურამის ციხის“ დასრულების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დაუწყია მოთხრობის - „ვინ არის დამნაშავის“ წერა. ეს ნაწარმოებიც სოციალურ თემაზე ყოფილა, ბატონისა და ყმის ურთიერთობაზე. ამის გარდა, როგორც ვთქვით, მწერალი აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების  ნიმუშებს. მისი ანდერძიდან ირკვევა, რომ თავისი ვაჟის – გიორგისათვის უანდერძებია „ძველი ხელნაწერები“. სამწუხაროდ, ამ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ, ხელნაწერები დაწვეს, როგორც ჭლექიანის ხელში ნამყოფი

 

„სურამის ციხის“ ნაწილი მწერალმა გამოაქვეყნა „ცისკრის“ 1859 წლის 14-ე ნომერში. ზოგიერთებმა, როგორც ეს ალექსანდრე ორბელიანს თავის ხელნაწერ შრომაში აქვს აღნიშნული, თავის თავზე მიიღეს „სურამის ციხეში“ გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. „ცისკრის“ რედაქტორს ივანე კერესელიძეს, რომელიც მწერალთან მეგობრობდა, „სურამის ციხის“ დაბეჭდვისათვის უსიამოვნება შემთხვევია. 

„სურამის ციხის“ გამოქვეყნების შემდეგ დანიელ ჭონქაძე მალე გარდაიცვალა ჭლექით. ანდერძის თანახმად იგი დაკრძალეს თბილისში,  ვერის სასაფლაოზე, თავისი მეუღლის გვერდით. 

მკითხველს ვთავაზობთ დასასრულს „სურამის ციხიდან“, რომელიც ძალიან ექსპრესიულია და საშინელი. შინაარსი ყველას გვახსოვს, დურმიშხანმა გააუბედურა ვარდო, ვარდომ სამაგიერო გადაუხადა. უამრავი ადამიანი უბედურდება და იღუპება ადამიანების სიხარბის, ამპარტავნობისა და შურისმაძიებლობის გამო. „სურამის ციხე“, მართლაც, შესანიშნავი ნაწარმოებია. 

სურამის ციხე

(დასასრული. ნაწყვეტი) 

დურმიშხანი მივიდა და იკითხა ვარდო. დურმიშხანს აჩვენეს ვარდუა. რასაკვირველია, ვერც ერთმა ვერ იცნო ერთმანეთი, ისე გამოცვლილიყვნენ ორივე შემდგომ გაყრისა. 

 - არ შეიძლება, ცალკე მოგახსენო რამე? - უთხრა იმას დურმიშხანმა. 

 - რატომ, აი, ახლავე გავათავებ და გეახლები, - უპასუხა ვარდუამ. 

 - თუ შეიძლება, დაითხოვე სუყველანი, მე ბევრი სალაპარაკო მაქვს შენთან, - უთხრა დურმიშხანმა ამღვრევით. 

 - ბატონი ბრძანდებით! - უპასუხა ვარდუამ. იმან არ უგდო ყური იმის ამღვრევას, იმიტომ, რომ ბევრჯელ შეხვედროდა იმას ნახვა იმისთანა მაგალითისა. 

 შემდგომ რამდენიმე წუთისა, ვარდო და დურმიშხანი შეიყარნენ ერთად ცალკე ოთახში. 

 - მიბრძანე, ბატონო, - დაიწყო დურმიშხანმა, - შენ უკითხე ვეზირს, რომ ჩემი შვილი დაეტანებიათ სურამის ციხეში? 

 ამ ლაპარაკში ვარდომ გააპარა ხელი და გამოიღო პატარა ხანჯალი მუთაქის ქვეშიდან. 

 - მე ვუკითხე, - უპასუხა ვარდომ სრულებით მშვიდად. 

 - რად?! შე წყეულო, რად! რა დაგიშავა?! 

 - დურმიშხან, აბა შემომხედე! ვერ მიცნობ? შენ მომიკალ გული, მე მოგიკალ შვილი! ახლა გავსწორდით!

 - ოჰ, შე წყეულო გულისვარდო. შენ ხარ? - თქვა დურმიშხანმა. 

ჩუმად მივარდა და ყელში წაუჭირა ხელები. სიმწარით აღარ მოაგონდა მოეხმარა სხვა იარაღი. 

 - მოდი, ჩემო დურმიშხან, ოცი წელიწადია ამ დღეს ველი! - თქვა ვარდუამ, მოეხვია და ბეჭში ჩაურჭო ხანჯალი. 

რამდენიმე საათს უკან მოსამსახურეთ ეპოვნათ ისინი მკვდარნი, მიწოლილნი ტახტზე, როგორც ორი საყვარელი მოხვეულნი ერთმანეთსა. ეტყობოდა, რომ არც ერთი მათგანი არ ცდილიყო სიკვდილისაგან დაცვას. 

დურმიშხანის ცოლს, ზურაბის დედას, შემდგომ შეცდენისა, შეუყვარდა სურამის ციხესთან სიარული. მივიდოდა ხოლმე საწყალი, იდგა, ფიქრობდა რაღაცას და შემდგომ გულისმოსაკლავი დაღონებით იტყოდა: ახ, ნეტავი კი მომაგონა... 

დაღონებულივე წამოვიდოდა შინ. ესე გაიარა თითქმის სამმა წელიწადმა, შიშმაც გადაიარა ისევ, როგორც ხანდახან გადაივლის ხოლმე ქუხილი. ქუხილი ბევრი იყო, წვიმა სულ არა. ზურაბის დედამ ერთხელ, როდესაც ჩვეულებრივ იდგა სურამის ციხის წინ და ფიქრობდა, მსწრაფლ დაიძახა საშინელის ხმით: ვაიმე, შვილო, ზურაბ! - და შეუწუხდა გული. დასუსტებულმა სხეულმა ვეღარ აიტანა ის გულისწუხილი. საწყალი მოკვდა, რომლის შვილმაც ასე საშინლად შესწირა თავი მამულს. 

ამბობენ, ვითომ იმ ადგილს, საცა დატანებული იყო საწყალი ზურაბი, სურამის ციხე არის ნოტიო და ცრემლივით ჩამოდის წვეთი და თითქმის აქამდის, მთვარიან ღამეში გამოდიოდა ერთი თმაგაშლილი დედაკაცი შავი ტანისამოსითა და ტირილით მოსძახდა:

 

 სურამისა ციხე,

 სურვილითა გნახე,

 ჩემი ზურაბ მანდ არის,

კარგად შემინახე!.

0

ავტორი: