10:48:06     18-07-2012
მანანა ფრუიძე - „გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის“
უახლესი ქართული პოეზია ისევ მდიდრდება მშვენიერი ლექსებით.
მათ შორის, ისევ იქმნება ქართული ემიგრანტული ლიტერატურა...
კარგი იქნება ყველა ქართველი, მათ შორის პოეტი, შემოქმედი, სამშობლოში ცხოვრობდეს და აქ ამდიდრებდეს ჩვენს ლიტერატურას...
თუმცა, იქნებ ემიგრანტ პოეტს განგებამ განგებ ბედად დაუსახა ემიგრაცია, რათა უფრო მწვავე იყოს სიყვარული, მონატრება და შესაბამისად ლექსებიც ემოციური... ვინ იცის.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ - მანანა ფრუიძე ამდიდრებს ქართულ პოეზიას, ემიგრაციაში. ვინც წაიკითხავს მის ლექსებს, დაგვეთანხმება ამაში, იმაშიც, რომ პოეტი სამშობლოშიც გაგვახარებდა მშვენიერი ლექსებით... რა შუაშია ნამდვილი შემოქმედისთვის ემიგრაცია, ადგილმდებარეობა, დრო და ამინდი...
არ ვიცი...
ერთი კია, მისი ლექსები გვხიბლავენ და გრძნობებსა და პოეზიის მშვენიერებას შორიდან, სივრციდან განგვაცდევინებენ თითქოს...
მისი ლექსები სავსეა გრძნობებით, რომელთაც მშვენიერი და დახვეწილი პოეტური ხერხებითა და სახეებით გადმოგვცემს .
მანანა ფრუიძის ლექსები წაკითხული არ მქონდა. რამდენიმე დღის წინ, ასევე მშვენიერმა პოეტმა ლიკა ყიფშიძემ მიმითითა მის ლექსებზე... მგონი არც იცნობენ ერთმანეთს...
სამაგიეროდ, ნიჭი ნიჭს ცნობს და მშვენიერება მშვენიერებას აფასებს... სანამ ასეა, საქართველოს არაფერი ემუქრება...
სანამ საქართველოში და საქართველოდან ძალიან შორსაც, მშვენიერი ქართული ლექსები იქმნება, ქართულ პოეზიას მუდმივი წინსვლა აქვს დაბედებული.
მანანა ფრუიძე დაიბადა ლეჩხუმში. სწავლობდა სოფელ ალპანის სკოლაში. შემდეგ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი.
ლექსების წერა მეორე კლასიდან დაიწყო. მისი პირველი ლექსი რაიონულ გაზეთში გამოქვეყნდა, როცა 15 წლის იყო. მერე სხვა გაზეთებშიც აქვეყნებდა ლექსებს.
შემდეგ დიდი პაუზა ჰქონდა 2000 წლამდე. სიმბოლურია, XX- XXI საუკუნეთა გასაყარზე ისევ მიუბრუნდა პოეზიას... 14 წელია ამერიკაში ცხოვრობს... ჰყავს შვილი და შვილიშვილი.
მანანა ფრუიძის წიგნი „გაზაფხულიდან შემოდგომამდე“ შარშან გამოვიდა. მის რამდენიმე ლექსზე სიმღერაა დაწერილი.
პრესა.გე-ს მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ მანანა ფრუიძის რამდენიმე შესანიშნავ ლექსს.
მამული
ხელი არ მახლოთ, ფეხშიშველა დამტოვეთ ხნულში!
აქ მინდა მოვკვდე, მიწად ჩავყვე სიმინდის მარცვალს,
სისხლის მაჭარი ავბედითად თუხთუხებს გულში,
ცა თვალში მაყრის ნაღვერდალში არეულ ნაცარს.
რიჟრაჟის სხივი დაშაშრული პეშვებით შევსვი,
მივეცი წარსულს, რაც გამაჩნდა ჯერ კიდევ გუშინ,
აქ სველ წვივებზე ოჯალეშის მეხვევა ფესვი,
ხელი არ მახლოთ, გევედრებით, დამტოვეთ ხნულში!
* * *
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს...
* * *
პატარა თოვლის ფიფქის მეშინია,
პატარა ნაპერწკალიც მათბობს,
სამყარო კივილამდე შეშლილია,
სამყაროს უმეცრება არ თმობს.
იუდას საცალფეხო ბეწვის ხიდზე
ცხოვრება თავდაყირა დგება.
ობოლი სიყვარული შევიხიზნე,
მუდმივი წამება და ვნება.
სიცოცხლე უსაშველო ტკივილია,
სიკვდილი უმეტესად შვება,
სისხლის საუკუნე მიილია,
სულის წაწყმედისა დგება.
მიწა ხორცის გახრწნამ გადარია,
ზეცამ სულის კვდომა იგრძნო,
ღმერთო, შეგავედრებ ადამიანს!
ღმერთო, მომისმინო ვინძლო...
* * *
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად
ბინდით ჩაღამებულ ტყეში...
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა
დილით აგორებულ მზეში...
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით. . .
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში...
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე, საქართველოს მთებში...
* * *
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.
უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.
მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.
სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.
0