სოხუმი და ცხინვალი გაუგებრობაშია: აღიარა თუ არა მათი ოკუპაცია რუსეთმაც? სოხუმი და ცხინვალი გაუგებრობაშია: აღიარა თუ არა მათი ოკუპაცია რუსეთმაც? />


  10:45:42     18-07-2012

სოხუმი და ცხინვალი გაუგებრობაშია: აღიარა თუ არა მათი ოკუპაცია რუსეთმაც?

a20014.jpg

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კოვალიოვი ქართულ მედიას პროვოკაციაში ადანაშაულებს. საუბარია მონაკოში გამართულ სესიაზე, სადაც ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებადაა წოდებული.

როგორც რუსული მედია იუწყებოდა, აღნიშნულ რეზოლუციაზე კენჭისყრისას რუსეთის დელეგაციამ „თავი შეიკავა“ და არა „წინააღმდეგ“ მისცა ხმა, რაზეც თავად კოვალიოვმა კომენტარებიც კი აკეთა. მაგალითად, სააგენტო „რეგნუმთან“ საუბარში, კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგი, მან განაცხადა, რომ „რეზოლუციაში არის გონივრული რამეები, რომელთა წინააღმდეგ წასვლაც არამიზანშეწონილი იყო... ამიტომ მოცემულ შემთხვევაში (რეზოლუციის კენჭისყრისას) პოზიცია ბალანსირებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ურთიერთობების გამწვავებისკენ“ - განაცხადა კოვალიოვმა.

ეს კომენტარი რუსულ გამოცემებში გავრცელდა, მოგვიანებით კი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღშფოთების საგნად იქცა. სოხუმისა და ცხინვალის ცალკეულმა „საზოგადო მოღვაწეებმა“ თუ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციის საქციელი ღალატად მიიჩნიეს და მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციას კენჭი 9 ივლისს უყარა და რუსული გაზეთებიც მას შემდეგ ტირაჟირებენ კოვალიოვის განცხადებას, დღეს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც „ედინაია როსსიას“ წევრი და დუმის დეპუტატია, „ამ ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებას ქართულ მედიას აბრალებს და მას პროვოკაციაში ადანაშაულებს.

ძნელი დასაჯერებელია, რომ სოხუმმა და ცხინვალმა ქართული მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით აფრქვიეს რისხვა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ქართულ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის დელეგაციამ მათთვის საწინააღმდეგო დოკუმენტის მიღებისას „თავშეკავების“ გარდა არაფერი მოიმოქმედა. ძნელი დასაჯერებელია ისიც, რომ თუკი რუსეთის დელეგაციამ მართლაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, მოსკოვმა და მარიონეტულმა რეჟიმებმა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული სიცრუე მაშინვე არ უარყვეს. ან რატომ დროულად ვერ ჩააყენა მოსკოვმა თავისი ცხინვალელი და სოხუმელი მეგობრები საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ მედიაში ცრუ უნფორმაცია გავრცელდა?  მით უმეტეს, რომ სოხუმში, ლამის, თითქმის დარწმუნდნენ, რომ მოსკოვმა მათი „დამოუკიდებლობა“ „ჩააბარა“ და თავადაც აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

აფხაზეთში კიდევ უფრო შორს წავიდნენ და რუსეთის დელეგაციის „თავშეკავებულობიდან“ გამომდინარე, მოსკოვის მოქმედების შემდგომი გეგმაც „გაშიფრეს“: თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ამ ნაბიჯის შემდეგ უნდა მოხდეს დეოკუპაცია, ანუ რუსეთის ჯარების გაყვანა დასახელებული ქვეყნებიდან - წერს შეშფოთებული აფხაზი ავტორი.

მხოლოდ ამის შემდეგ და ამდენი ხნის მანძილზე, რატომღაც დღეს მოუნდა კოვალიოვს გავრცელებული ცნობების უარყოფა და რაც მთავარია, მათში ქართული მედიის დადანაშაულება.

ქართულ მხარეს გასარკვევი ნამდვილად არაფერი აქვს: რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიებია და დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.

ბევრი სარკვევი, ალბათ, არც მოსკოვს აქვს, რადგან მას თავისი პრიორიტეტები აქვს და პირველად არ ხდება, როცა კრემლს დიდად არ აინტერესებს, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე სოხუმი ან ცხინვალი.

ამ უკანასკნელთ კი გასარკვევი მართლაც აქვთ: კოვალიოვმა თავისი პირით აღიარა, რომ „რეზოლუციაში გონივრული რამეებია, რომელთა წინააღმდეგ წასვლაც არამიზანშეწონილი იყო...“ ამიტომ სეპარატისტებს მაინც ურჩევნიათ, ალბათ, გაარკვიონ, როდის იტყუებოდა კოვალიოვი - როცა აღნიშნულ კომენტარს იძლეოდა, თუ დღეს, როცა აჟიოტაჟის შემდეგ, მომხდარს, ქართულ მედიას აბრალებს.

0

ავტორი: