აფხაზურ ბანდფორმირებებში კლანური დაპირისპირება განახლდა... აფხაზურ ბანდფორმირებებში კლანური დაპირისპირება განახლდა... />


  07:57:16     18-07-2012

აფხაზურ ბანდფორმირებებში კლანური დაპირისპირება განახლდა...

a19999.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზურ ბანდფორმირებებს შორის კლანური დაპირისპირება განახლდა. ამჯერად, 11 ივლისს, დაახლოებით 16 საათზე, როგორც მარიონეტული პრესა იუწყება, დაუდგენელი პირები ჩაუსაფრდნენ გალის ეგრეთ წოდებული სამხედრო კომისრის თანაშემწეს გაწვევის საკითხებში, „მაიორ“ ბესლან (ბესიკ) კირთაძეს. ცნობილი გახდა, რომ ამ დროს ბესიკ კირთაძე ადგილობრივი მოსახლეობის აწიოკების მიზნით რეიდს ატარებდა, რაც მის „მოღვაწეობაში“ საკმაოდ ხშირია.

როგორც აფხაზური მარიონეტული ხელისუფლების მედიის  წყარო იუწყება, როცა კირთაძე „ინგური–გალის“ ტრასით უკან ბრუნდებოდა, ჩასაფრებულმა პირებმა სროლა აუტეხეს. ცეცხლი მას ქვესადგამი ყუმბარმტყორცნი „ ვოგ–17“–დან და 7,62 მმ. კალიბრის სამი ავტომატიდან გაუხსნეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გალის ადგილობრივი მოსახლეობიდან მთლიანად განიარაღებულია და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება იმ მცირერიცხოვან ჯგუფსაც კი არა აქვს, ვინც აფხაზურ ადმინისტრაციას ემსახურება, ვისი შემოქმედება უნდა იყოს ბესლან კირთაძეზე თავდასხმა, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იქნეს. სროლის შედეგად კირთაძემ მხოლოდ ყუმბარის ნამსხვრევი ჭრილობები მიიღო და იგი საავადმყოფოში მოათავსეს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ 11 ივლისს მომხდარი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა წყაროებმა მხოლოდ 15 ივლისს გახადეს საჯარო და მარიონეტული ხელისუფლების „პროკურატურამაც“ ფაქტზე მაშინ აღძრა საქმე.

ბესლან კირთაძე ისევე, როგორც გალის რაიონში საშოვრად ჩასული ყველა აფხაზი, განსაკუთრებული სისატიკითაა ცნობილი. ისიც ფაქტია, რომ ბანდფორმირების ცნობილი მეთაურის, ვლადისლავ არძინბას დაცვის ყოფილი უფროსის, ვალმერ ბუთბას ჩაცხრილვის შემდეგ, გალის რაიონს მთლიანად სწორედ ბესლან კირთაძე აკონტროლებს. ასე რომ მას უამრავი თანხა შესდის გაწვევასთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა, სასოფლო–სამეურნეო პროდუქციისა და ჯართის ბიზნესიდანაც. მისი განკარგულებით, გალის რაიონში, სწორედ გალი–ენგურის ტრასის მიმდებარე ტერიტორიიდან წყლის უზარმაზარი მილები ამოიღეს და ჯართში ჩააბარეს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბუთბას გამოთავისუფლებელ ადგილზე ჩაჯდომა, სხვა რომელიმე გავლენიანი აფხაზური კლანის წარმომადგენელს მოსურვებოდა და ახლა „მზის ქვეშ ადგილის“ მოსაპოვებლად გაეჩაღებინა ბრძოლა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა კირთაძეზე დაპირისპირებული კლანების მხრიდან თავდასხმა ხდება. კერძოდ, 2008 წლის სექტემბერშიც, ოფიციალურად დღემდე დაუდგენელმა პირებმა, ბესიკ კირთაძის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაამონტაჟეს. მაშინ, გავრცელებული ცნობით, 10 სექტემბერს, დაახლოებით, დღის 14 საათზე, მანქანაში მყოფ კირთაძეს ტელეფონზე დაურეკეს. იგი მანქანიდან გამოვიდა და იმ დროს მანქანის სავარძლის ქვეშ, ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი დეტონატორიც ამოქმედდა. თავად კირთაძე აფეთქებას შემთხვევით გადაურჩა. ადგილზე მისულმა გამნაღმელებმა გალის მილიციის უფროსის, ლორენს კოღონიას მიერ მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის სავარძლის ქვეშიდან 1,5 კილოგრამი ტროტილის კოჭები და დაახლოებით 300 გრამამდე პლასტიდი ამოიღეს. კოღონიასვე იმდროინდელი განცხადებით, ამოქმედდა მხოლოდ დეტონატორი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ტროტილისა და პლასტიდის ასეთ რაოდენობას დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევა შეეძლო. მაშინ არაოფიციალურად გავრცელებული ვერსიით, ეს „საჩუქარი“ კირთაძეს ვალმერ ბუთბას ხალხმა მოუწყო, რომელსაც იგი წილში ჩაუჯდა. თუმცა,ალბათ იმის გამო, რომ მაშინ ვალმერ ბუთბა ჯერ კიდევ გარკვეული გავლენით სარგებლობდა, საქმე მალევე ჩაიფარცხა.

0

ავტორი: