ვაჟა-ფშაველა - „ომის წინ ჯარის სიმღერა“ ვაჟა-ფშაველა - „ომის წინ ჯარის სიმღერა“ />


  10:49:08     17-07-2012

ვაჟა-ფშაველა - „ომის წინ ჯარის სიმღერა“

a19971.jpg

ჩვენს მტრებს ისევ უჭირავთ თვალი სრულიად საქართველოს გადაყლაპვაზე. ახლა მისდგომიან ჩვენს ოკუპირებულ მიწა-წყალს და სჯიჯგნიან. ასეთ დროს აქტუალურია ვაჟა-ფშაველას ლექსები. 

შარშან ქართველმა ხალხმა იზეიმა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავი. საზოგადოებამ, როგორც შეძლო ისე აღნიშნა ეს განსაკუთრებული თარიღი განსაკუთრებული ადამიანისა, ზეკაცისა. როცა უფრო მდიდარი და შეძლებული იქნება ჩვენი სახელმწიფო, უფრო მეტად გაიგებს მსოფლიო ქართველი ბუმბერაზების კეთილშობილებას და ნიჭს. 

წელსაც დიდი სიყვარული გამოხატა საზოგადოებამ ჩვენი მთის პოეტ-ბუმბერაზისადმი. 

ჩემია აზრით, სანამ მსოფლიო კარგად არ შეიცნობს საქართველოს, მის მისიას, თუ გნებავთ ფუნქციას, მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილშობილების დამკვიდრების საქმეში, სანამ საქართველოს ბუმბერაზთ კარგად არ გაიცნობს კაცობრიობა, მანამდე სამართლიანობის საკითხი სრულად გადაწყვეტილი ვერ იქნება მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში, კავკასიაში მაინც.

ვაჟა-ფშაველა ჩვენი ერის ერთ-ერთი უდიდესი სიამაყეა. როგორი უნდა იყოს ადამიანი? ვაჟასნაირი, გნებავთ მინდიასნაირი. ვაჟა-ფშაველა თავის თავში ატარებდა იმ კეთილშობილებას, რასაც შეიძლება დაარქვას ადამიანმა სამყაროსადმი ჰარმონიული დამოკიდებულება, რაც თავისი გენიალური ნაწარმოებებით გამოხატა კიდეც. 

ვაჟა-ფშაველა ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, ის ჩემი აზრით, ღვთისშვილი გახლდათ, საგანგებოდ მოვლენილი უფლის მიერ კავკასიის მთებში, რათა ქართველი ხალხისათვის უზარმაზარი სამსახური გაეწია, როგორც სამსახური გაუწია ღვთისშვილმა კოპალამ და დევები მოაშორა ხალხს. 

„პოროფლიანი“ ვაჟა-ფშაველა იღწვოდა თავისი ხალხის გაუმჯობესებისათვის, მის დასახმარებლად, მისთვის შვების მისაცემად, მის გასანათლებლად, როგორც დიდი პოეტი, რომელმაც კარგად იცის თავისი დანიშნულება. მის მერე ქართველები მართლაც უკეთესები გავხდით, ჩვენ ვიცით, რომ სხვა გენიოსებთან ერთად, გვყავდა მსოფლიო დონის საამაყო შემოქმედი. მაგალითი, როგორ უნდა იცხოვროს კაცმა, როგორი უნდა იყოს პოეტი თუ მუშაკი, თავდადებული თავის საქმისათვის და საზოგადოების ერთგული, მოყვარული სტუმრისა და დამცველი ერისა... 

მისი ვაჟი წერდა (ვახტანგ რაზიკაშვილის მოგონებებიდან, „მამაჩემი ვაჟა ფშაველა“): 

„მამას მეტად უცნაური ხასიათი ჰქონდა. თუ რამეზე გული მოუვიდოდა, იყო მძვინვარე, როგორც ვეფხვი, ახლოს ვერ გაეკარებოდი, იყო სრულიად უშიშარი და უკან დაუხეველი თვით სიკვდილის წინაშეც კი. ჩვეულებრივ კი მამა იყო მეტწილად მშვიდი, წყნარი, დარბაისელი, გულალალი, ბავშვივით მიამიტი, უეშმაკო და მეტისმეტად მგრძნობიარე. მაშინვე ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალზე, თუ ისეთ რამე ამბავს ეტყოდა ვინმე. 

თუ ვინმეს სიკვდილს გაიგონებდა, ჭირისუფალივით შეწუხდებოდა ხოლმე. სოფელს ჭირსა და ლხინში გვერდში ედგა და არ გამოირჩეოდა მათგან, თავს არავისზე მაღლა არ აყენებდა. პირიქით, უყვარდა შინაურობაში თავმდაბლობა, პატიოსნება, სინდისი, ადამიანის სამსახური და ხალხის ზნე-ჩვეულების პატივისცემა. არ დააკლდებოდა არც ხატობას, არც ქორწილს, არც ხალარჯობას, ყველგან გაჩნდებოდა თავისი საკლავით. 

სადაც საკლავი, სასმელი, ქადა-პური, ზედაშე, საწირავი ან ფული იყო საჭირო, ყოველთვის და ყველაფერში მონაწილეობას იღებდა და ირჯებოდა. თავის წილს არავის არ აკლებდა, არც ხატსა და არც ხალხსა. 

თუ დასტურობა ევალებოდა (ლუდის დუღება სამარიამოდ), დასტურობდა, მასპინძლობდა ფშაველი გლეხებივით, რომ არავის დაეყვედრებინა გადაგვარება და დიდკაცობა. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მცირე თქმაში ბევრს იტყოდა. ახასიათებდა მოკლე და აზრიანი მეტყველება, დარბაისლური კილო. 

ადამიანის დაჩაგვრას ვერ იტანდა. სხვებთან ყოველთვის ამაზე მოსდიოდა უსიამოვნება. იტყოდა ხოლმე საჯაროდ: „კაცნო, ერთურთს ნუ სჩაგრავთ, ერთურთი უნდა გავიტანოთ!“ 

მამა დიდად აფასებდა ოჯახს, მშობლიურ კერას. მახსოვს, სტუმრები გვყავდა, ჩვენსა იყვნენ: ბიძაჩემი გრიგოლი, მეზობლები და სხვები. ყველანი ხინკალს შემოსხდომოდნენ. მამა მათ ღვინოს ასმევდა, იჯდა ტახტის წინ და მუხლზე ღვინიანი ხელადა ედგა. ილოცებოდა, ჩვენი სახლის ჭერის სადღეგრძელოს სვამდა და ადარებდა ცას. მხატვრულად თქვა ეს სადღეგრძელო და კარგად ვერ დავიხსომე. შექეიფებული იყო იმ დღეს, რაღაც არაჩვეულებრივი გულგახსნილობა და მხიარულება ეტყობოდა. 

მისი ნათქვამი სადღეგრძელოდან რამდენიმე სიტყვა დავიმახსოვრე. გამოვედი საჯალაბო ოთახში და მამაჩემს მივაძახე, ხმამაღლა ვყვიროდი: გაუმარჯოს ჩვენი სახლის ჭერს! დედა და ჩემი და-ძმები იცინოდნენ, თან მაჩუმებდნენ, მაგრამ მე არა ვჩუმდებოდი და მამის სიტყვებს ვიმეორებდი ამაყად. 

მამაჩემმა და სტუმრებმა შენიშნეს და არ დამტუქსეს. პირიქით, დამიძახეს, სადღეგრძელო გამამეორებინეს და ღვინოც შემომთავაზეს. მეც კვლავ რიხიანი ხმით წარმოვთქვამდი: ჩვენს ჭერს გაუმარჯოს! ჩვენი სახლის ჭერს გაუმარჯოს! სტუმრებმა ქება-დიდება მიძღვნეს და მომეფერნენ“. 

ვაჟა-ფშაველა საქართველოში განსაკუთრებით უყვართ - იმიტომ, რომ ლიტერატურულ დიდოსტატობასთან ერთად, მისი შედევრები დიდი ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის მქადაგებელია, იმიტომ რომ, ამგვარივეა ქართული ბუნება. 

გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე ლექსი.

 

1795 წლის სახსოვრად

 

აგერ ამოდგა აჩრდილი,

აკლდამის კარი გაიღო;

რა ფრიად შეწუხებულა,

ხელში ფრანგული აიღო...

 

მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი,

ნალმა ძგრიალი გაიღო.

თვალთაგან ცრემლ-დანადენსა

სისხლი უცინის მკლავზედა,

მაინც არ ტყდება მოხუცი,

ხელი უვლია ხმალზედა;

გასცქერის ტფილისისაკენ,

აღშფოთებული ძალზედა;

იწვება ჩვენი ქალაქი,

ალი შემჯდარა ალზედა.

იქ მიშველება სწადიან,

თავს ესხმის გუნდი მტერისა;

უხმობს იმერთ და ამერთა,

ვისაც თავი აქვს შველისა.

მოუვლენ არაგველები, -

გულ-გადალევით ელისა.

სადა ჰყავს შავარდნის გუნდი,

ვაჟკაცნი ლომის ფერანი?

ტახტი დაუწვეს მეფესა,

ქვეყანა ქმნილა ვერანი.

სრულ სისხლით გადაბასრულან

მწვანე ივერთა ველანი.

ფარფაშობს აღა-მაჰმადი,

თამაშობს იმის მერანი.

 

სადაა ქართველთ ბიჭები,

ვით გასძლონ ამის მზერანი?

- ვაჰმე, სადა და სადღაა,

კრწანისზე გასწყდენ ყველანი.

უხმობს, უწოდებს მხედართა...

დადუმებულან ენანი...

თამარს და ვახტანგს მიართვეს

ტანზედ წყლულების თმენანი.

ვაჰ, რომ მათ შთამაოებას

დაგვეხშო ყურთა სმენანი:

სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს

ქაღალდს ნათითხნი მელანი.

 

გულო, არ გასტყდე!

 

 (სიმღერა)

 

 გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,

 კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!

 რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,

 მეცა გყევივარ ავადა.

 ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,

 ნუ დავბერდებით შავადა.

 

 სინათლე ნუმც გაგიქრება

 და სხივი - მოძმეთ ნუგეში,

 ანდერძსა მამა-პაპისას

 ფრთხილად ვინახავ უბეში.

 ძალნო ცისანო, გვიშველეთ,

 საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!

 

 გულს ნუ მომიკლავ, უფალო,

 იმედს ნუ დამინიავებ,

 დაზიანებულს სიცოცხლეს

 მეტად ნუ დამიზიანებ;

 მიშველე რამა, შენს მადლსა,

 წამალს ნუ დამიგვიანებ!

 

 არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,

 უსულოდ გდებულს, ტიალად;

 სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი

 მათრევდენ, მჭამდენ ზიარად.

 ნუ გადამაქცევ, უფალო,

 შხამისა სასმელ ფიალად!

 

 კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე

 გავტყდე, ეს რაღა შნო არი?!

 სიმტკიცე მიჭირს დიადი,

 ეხლა ისეთი დრო არი.

 გამშორდი, სულით სიდაბლევ,

 გზაო, მაშინებ ვეღარა, -

 იმ თავად, ჩემო სავალო,

 შენზე ეკალი ეყარა.

 გაკაწრულ-გაფხაჭულები

 დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.

 ვიცოდი ძალიან კარგად,

 ეს უნდა გადამეყარა

 და დღესაც ისევ ძველებრივ

 უნდა ვიხადო ბეგარა.

 გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,

 ნისლი ნუ გადაგეფარა:

 თუ აქამომდე გავძელით,

 დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.

 

ომის წინ ჯარის სიმღერა 


გული გავლესოთ გრძნობითა,

საცაა დაჰკრავს ნაღარა;

ერთი დავსძახოთ ქართულად,

ხვალ არ გვეცლება, აღარა;

ხვალ გვინდა ცემა მტრისადა,

ხმლის ქნევა, ფარის ფარება,

შავის, შავხალის ხანჯრისა

მტრისად გულ-ღვიძლში ტარება.

სისხლის სმა ღვინის მაგივრად,

ცხენთა ფიცხელთა მალება.

დაე, იტირონ დედათა

შვილთა ლაშქარში წასვლაზე:

ან ვისახელოთ, ან გავწყდეთ

ომში პირველად ჩასვლაზე.

იხილოს მიწამ მშობელმა:

გული გვაქვს პაპათეული,

სისხლი გვიფუის ძარღვებში,

სისხლი ლაშქრობას ჩვეული,

მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი,

არა ვართ გამორჩეული!

0

ავტორი: