10:31:54     16-07-2012
აფხაზ ჩინოვნიკს, საკუთარ თავთან, ოფიციალური მიმოწერა ჰქონდა

ლეონიდ ძიაპშბა, თავის დროზე, ერთდროულად ე.წ. შს მინისტრიც იყო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც. ახლა მის საქმეს ე.წ. გენპროკურატურა იძიებს და ეჭვმიტანილს თანამდებობების ბოროტად გამოყენებასა და ფულის მითვისებაში უყენებს ბრალს. ძიებისას სამართალდამცავებმა მიაკვლიეს წერილებს, რომლებსაც ძიაპშბა საკუთარ თავს უგზავნიდა.
მაგალითად: შს მინისტრი ძიაპშბა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ძიაპშბას სწერდა, რომ სჭირდებოდა ფინანსური დახმარება 100 ათასი რუბლის ოდენობით. მეორე წერილით კი ახლა უკვე შს მინისტრი ძიაპშბა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ძიაპშბას სთხოვდა იგივე 100 ათასი რუბლი მილიციის თანადგომისა და მხარდაჭერის ფონდისთვის, დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი-ფეხბურთის ტურნირის ჩასატარებლად გადაეცა...
ძიაპშბას მთლიანად, 7 მილიონ 832 ათას 368 რუბლის გაფლანგვაში ედავებიან, რომელიც გამოძიების აზრით, მან პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა. ამასთან, როგორც ყოფილ ე.წ. შს მინისტრს, აფხაზური პასპორტების ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებზე უკანონოდ გაცემაშიც ედავებიან. აფხაზურ კრიმინალს გაგრძელებაც ორიგინალური აქვს. ძიაპშბას დასაცავად მთელი გვარი აღსდგა. მაგალითად, პრესკონფერენცია, რომელიც ე.წ. ექს-შს მინისტრმა ჩაატარა, ერთი კლანის მეორე კლანისადმი მიმართვას ჰგავდა: პრესკონფერენციაზე ე.წ. ექს-შს მინისტრმა ნათესავები და მეგობრები მიიყვანა, მათ შორის, ალექსანდრე ანქვაბის ყოფილი პრეტენდენტი ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე სერგეი შამბა, რომელიც მმართველი რეჟიმის ჯერჯერობით მდუმარე ოპონენტია. ძიაპშბების გვარმა კი სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამტკიცებენ, რომ მათი გვარის წარმომადგენელი პატიოსანი კაცია.
თუმცა, გააჩნია, რომელი კლანის გადმოსახედიდან შეხედავ საკითხს: ოფიციალური კლანისთვის ძიაპშბა ახლა თაღლითი და ლამის, სამშობლოს მოღალატეა, იმდენი ფულის აქვს გაფლანგულის, თავად ეჭვმიტანილი კი ფიქრობს, რომ მას ანქვაბის კლანი დევნის და თავის გასამართლებლად, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი მაგალითიც მოიყვანა: მინი-ფეხბურთის მოედნების მშენებლობის ფულის განიავებას ვერ შევძლებდი, რადგან ეს საქმე პირად კონტროლზე თვით მაშინდელ ე.წ. პრეზიდენტს - სერგეი ბაღაფშს ჰქონდა აყვანილიო.
პროკურატურას ჯერ არ უთქვამს, რომ ძიაპშბასთან ერთად, მაშინ, ბაღაფშსაც უთაღლითია, მაგრამ მთელი ეს ისტორია თავად აფხაზურ მედიაშიც კლანურ დაპირისპირებად რომ განიხილება, ფაქტია. „მე ვიყავი პირველი და მეორე პრეზიდენტების - ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის მომხრე და ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემს ხალხს. იმას, რომ ჩემს წინააღმდეგ გენპროკურატურამ საქმე აღძრა, მე დევნად ვთვლი“ - განაცხადა ბრალდებულმა.
0