18:54:46     15-07-2012
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სასულიერო პირი: „რა დროს წმინდა სინოდია...“

როგორც უკვე ვიუწყებოდით, „ქართული ოცნების“ მიერ გორში დაგეგმილი მიტინგის მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად გორისკენ დაძრულ კოლონებში სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ. უცნობია, იმ სასულიერო პირებმა, რომლებიც საკუთარი ავტომანქანებით დაიძრნენ გორისკენ, გადაადგილებისთვის საჭირო საწვავის ხარჯები თვითონ გაიღეს თუ „ქართულმა ოცნებამ“, კოლონის შემადგენელი სხვა მანქანების მსგავსად, ისინიც საწვავის ტალონებით დააფინანსა, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ აქციაში სასულიერო პირები ისევ მონაწილეობენ, უკვე საინტერესოა.
ქართულ სინამდვილეში ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, როცა სასულიერო პირს ურჩობა გამოუვლენია და აშკარად წასულა წმინდა სინოდის განჩინების წინააღმდეგ. როგორც გახსოვთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განჩინება მიიღო, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ სასულიერო პირები არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებში. ამ ჩანაწერის აუცილებლობა მცხეთაში „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილი აქციით იყო გამოწვეული, სადაც სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
ამის მიუხედავად, გორში „ქართული ოცნების“ აქციისკენ დაძრულთა შორის სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ. ორი ასეთი შემთხვევა „პრესა.ჯი“-მ უკვე აღწერა, თუმცა, ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ქარელიდან აქციაზე მისულ ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქს სასულიერო პირი მართავდა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არ ის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომ სასულიერი პირები არ ჩაერიონ პოლიტიკაში, სასულიერო პირმა განაცხადა: „რა დროს სინოდის გადაწყვეტილებაა...“
სასულიერი პირისა და ჟურნალისტის საუბრის კადრებს „პრესა.ჯი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ გორში 19:00 საათზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია იწყება.
0