14:12:11     13-07-2012
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი და ბანკის დირექტორატი გათავისუფლებულია

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. პოსტი დაატოვებინეს ასევე „ქართუ ბანკის“ მთელ დირექტორატს.
შეგახსენებთ, რომ „ქართუ ჯგუფის“ და „პროგრეს ბანკის“ იძულებითი მართვის რეჟიმზე გადავიდა. იძულებით მმართველად კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა ,,ქართუ ჯგუფი“-ის აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე.
ამის შესახებ განცხადება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ვლადიმერ უგულავა ამ თანამდებობაზე პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა. იგი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტია.
ბანკებს იძულებითი მმართველი მანამდე ეყოლებათ, სანამ მართვის შედეგად მიღებული თანხებით, კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილება არ მოხდება.
მას შემდეგ, რაც იძულებითი მართვის შედეგად, მიღებული თანხით კრედიტორისთვის მისაღები თანხა ამოღებული იქნება, ქონება თავდაპირველ მეპატრონეს დაუბრუნდება.
საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქონებას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონზე უნდა გაყიდულიყო.
აუქციონზე გამოტანილი იყო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს ,,ქართუ ჯგუფში" და „პროგრეს ბანკში“ აქციების 21.7% , თუმცა აქციების რეალიზაცია არ მოხდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ვინაიდან აუქციონზე ბანკები არ გაიყიდა.
ამის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქონების ეს ნაწილი იძულებითი მართვის რეჟიმზე გადასულიყო. სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.
0