20:20:03     12-07-2012
„იაპონჩიკის“ მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ილია სიმონიაა

რუსეთის კრიმინალური სამყაროს „პატრიარქად“ წოდებული ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე „იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა, რაც „იაპონჩიკის“ სიკვდილის შემდეგ , შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის განახლების საფუძველი შეიძლება გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვში ტიუმენის კოლონიიდან უკვე ჩაიყვანეს ივანკოვის მოსისხლე მტერი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ქართველი ილია სიმონია, მეტსახელად „მახო“. მას მოსკოველი გამომძიებლები დაკითხავენ. გარდა ამისა, „მახოს“ გენეტიკური ექსპერტიზისთვის ოფლისა და ნერწყვის სინჯებს აუღებენ.
ილია სიმონია „იაპონჩიკზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი თავიდანვე იყო, - მას შემდეგ, რაც 2009 წლის 28 ივლისს ივანკოვს ქილერმა ტყვია მუცელში ესროლა. ივანკოვი ამ დროს რესტორან „ტაისკი სლონ“-იდან გამოდიოდა.~
საქმე იმაშია, რომ „მახოსა“ და „იაპონჩიკს“ შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან, ქალაქ ტულუნის კოლონიაში ყოფნისას დაიძაბა. ამის გამო კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ივანკოვის უახლოესი „თანამებრძოლი“ - ასლან უსოიანი, იგივე „დედ ჰასანი“ და ასევე ქართული წარმოშობის ქურდი ტარიელ ონიანი - „ტარო“.
2010 წელს, დაკავების შემდეგ, „მახო“, „იაპონჩიკის“ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკითხეს, მაგრამ ე.წ. ქურდული წესებიდან გამომდინარე, გამოძიებამ მისგან პასუხი ვერაფერზე მიიღო. გამომძიებლებმა მაშინ ვერც ოფლისა და ნერწყვის სინჯები აიღეს, რათა დანაშაულის ადგილზე მოპოვებული მასალისთვის შეედარებინათ.
თავად ქურდულმა სამყარომ, „იაპონჩიკის“ მკვლელობაში, ეჭვი, მაშინვე ტარიელ ონიანზე მიიტანა და „ტაროს“ „სასიკვდილო განაჩენიც“ გამოუტანეს. მაშინ ონიანი იზოლატორ „მატროსსკაია ტიშინაში“ იმყოფებოდა, სადაც ქურდებმა წერილი გაგზავნეს და თავისიანებს შეატყობინეს, რომ მათთან მყოფი ონიანი „მოკვეთილია“ და მას „შესაბამისად“ უნდა მოქცეოდნენ.
გზავნილი ციხის ადმინისტრაციას ჩაუვარდა ხელთ, თუმცა მისი შინაარსი ყველა დაინტერესებული პირისათვის მაინც ცნობილი გახდა - წერს რუსული მედია. „იაპონჩიკის“ სიკვდილიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კი, ტვერსკაიაზე, ქილერმა, სნაიპერის შაშხანიდან თავად ასლან უსოიანს - „დედ ჰასანს“ ესროლა, მაგრამ მაშინ ის გადარჩა.
ამ მომენტების გათვალისწინებით, გამოძიება ფიქრობს, რომ ყველა საფუძველი აქვს სიმონიასთავის ბრალის წასაყენებლად, რადგან „მახოს“ ჰქონდა მოტივი: სწორედ „იაპონჩიკი“ იყო ინიციატორი, რომ მისთვის „კანონიერი ქურდის“ წოდება ჩამოერთვათ. ასევე, ივანკოვს არ მოსწონდა, რომ პირველი სასაჯელი სიმონიამ დაქირავებული მკვლელის როლის შსრულების გამო მოიხადა და რაც მთავარია, თვალში არ მოსდიოდა კიდევ იმიტომ, რომ „მახო“, თავის დროზე, კომკავშირის წევრი იყო.
თანაც, სიმონია 2010 წლის სექტემბერში სწორედ იმ ადგილზე დააკავეს, სადაც ივანკოვზე თავდასხმა მოხდა. გამოძიება აპირებს, საბოლოოდ გაარკვიოს „იაპონჩიკის“ მკვლელობის ისტორია. თუ „მახო“ ექსპერტიზისათვის საჭირო სინჯების აღებაზე კვლავ უარს იტყვის, გამომძიებელი ამას სხვა მეთოდებით გააკეთებს.
0