15:57:13     12-07-2012
იარაღით, რომელიც მოსახლეობაში დაგროვდა, ცხინვალელები ერთმანეთს ხოცავენ

ცხინვალის მოსახლეობა შეშფოთებულია. ყოველდღიურად ხდება გარჩევები - იარაღის გამოყენებითა და მსხვერპლით. მოსახლეობა შიშობს, რომ მათ ხელშივე არსებულმა იარაღმა, შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკებების პრვოცირებაც მოახდინოს.
იარაღის უკანონო ბრუნვის შესაჩერებლად მმართველი რეჟიმი არაფერს აკეთებს. რეგიონში დღემდე მოქმედებს 90-იან წლებში მიღებული კანონი „იარაღის შესახებ“, რომელიც რეგისტრირებული იარაღის შენახვის უფლებას იძლევა. თუმცა ამ კანონში მას შემდეგ არანაირი ცვლილება არ შესულა.
ე.წ. დეპუტატი ვადიმ ცხოვრებოვი ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ იარაღის ამოღებაზე მითითება იყო, მაგრამ ხალხი უკვე მიეჩვია იარაღს და ამის წინააღმდეგია.
ოპოზიციონერი ფატიმა მარგიევა, რომელიც ედუარდ კოკოითის დროს იარაღის უკანონო შენახვის გამო გაასამართლეს, თვლის, რომ ადამიანები არ ჩქარობენ იარაღის ჩაბარებას, რადგან უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს. ხელისუფლება კი ამ იარაღს, რომელიც გადასარევად იცის, რომ უკვე 20 წელია აქვს მოსახლეობას, თავისი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. მაგალითად, მარგიევას, როცა ის ღიად დაუპირისპირდა კოკოითს, საბრძოლო მასალის შენახვა წაუყენეს ბრალად, რომელიც მას, სახლში, 20 წელია ჰქონდა.
წინა რეჟიმი იარაღით კარგად მანიპულირებდა. კანონს არ ცვლიდა, მაგრამ იარაღის ჩაბარებას მოითხოვდა. ცხინვალელები ამბობენ, რომ კოკოითს სურდა, მხოლოდ ერთი შეიარაღებული სუბიექტი ყოფილიყო - ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელიც მისი პირადი „გვარდია“ იყო. მან გამოიყენა კიდეც ამ პირადი მცველების იარაღი ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში, როცა შესაშინებლად და ზემოქმედებისათვის ისინი ხან ე.წ. პარლამენტში შეუშვა და ხანაც ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ცხინვალელები კიდევ იმიტომ არ ჩქარობენ იარაღის ჩაბარებას, რომ კარგად ახსოვთ კოკოითის „ვაჟკაცობა“ 2008 წლის აგვისტოში. როცა რუსული აგრესიის დროს თავად ჯავაში გაიქცა.
„უკეთესია, ხელში АКМ გვეჭიროს, ვიდრე მთავარსარდლის დახმარებას ველოდოთ“ - ამბობენ ცხინვალელები.
თუმცა, ჯერჯერობით, ეს იარაღი მხოლოდ ერთმანეთის ხოცვაში „ადგებათ“ და ბოლო
დღეებში მომხდარი მკვლელობებისა თუ მკვლელობების მცდელობაც ამის დასტურია.