11:45:06     12-07-2012
პეტრე მოციქული - ეპისტოლე პირველი
29 ივნისს (ახალი სტილით 12 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი - პეტრეპავლობის დღესასწაულს.
წმინდა მთვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: „პეტრეს თვით ქრისტემან უწოდა კლდედ. შენ ხარ კლდე, - რჰქვა მას უფალმან, და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკკლესია ჩემი... კლდე იყო სარწმუნოება მისი; მას აქვნდა სარწმუნოება მტკიცე და შეურყეველი, ვითარცა კლდე“.
წმინდა პეტრე მოციქული იყო, ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი, საქართველოს ეკლესიის დამაარსებელი ერთ-ერთი მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ძმა. იგი გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად თავია მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის. პეტრე კლდეს ნიშნავს.
იგი იყო ძე იონასი, გალილეველი მეთევზისა. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში. ოჯახს მებადურობით არჩენდა. შრომობდა ძმასთან ერთად.
ანდრია პირველწოდებული იყო იოანე ნათლიმცემლის მოწაფე. სწორედ ანდრიამ ახარა ძმას მაცხოვრის განკაცება, მანვე მიიყვანა იგი იესოსთან. „მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.
ერთხელ სიმონი იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამე უშედეგოდ იშრომეს. იქ მისულმა მაცხოვარმა სიმონს ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.
სასწაულის ხილვით გაოცებულმა სიმონ-პეტრემ მაცხოვარს მიმართა: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. იმ დღიდან პეტრემ დაუტევა ყველაფერი და მაცხოვრის მოწაფე გახდა...
მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ პეტრემ სისუსტე გამოიჩინა, უფალმა არ მიატოვა ის და დიდი მისიისთვის მოამზადა: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“.
მაცხვარმა მას ხომ კეფა, „კლდე“ უწოდა, კლდეზე უნდა აშენებულიყო ქრისტეს ეკლესია.
უფლის სიტყვის საქადაგებლად წმინდა მოციქული პეტრე დიდად მოღვაწეობდა, წარმართებსაც ეწვეოდა ხოლმე. სხვადასხვა დროს იგი ქადაგებდა ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში და აფუძნებდა ეკლესიებს. მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან.
რომის იმპერატორი ნერონი ეძებდა წმინდა პეტრეს დასასჯელად. მოციქული გავიდა რომიდან, მაგრამ გზაში გამოეცხადა მაცხოვარი.
წმინდა პეტრე რომში დაბრუნდა. მხეცმა იმპერატორმა ის წამებით მოაკვლევინა, ჯვარზე გააკრეს. მოციქულმა არ ინება ჯვარზე მაცხოვარივით გაკვრა და ის თავქვე გააკრეს ჯვარზე...
ხშირად ხატებზე წმინდა პეტრე გასაღებით ხელში გამოისახება. ეს იმის სიმბოლოა, რომ სამოთხის კლიტენი მას აბარია...
წავიკითხოთ მისი პირველი ეპისტოლე, სადაც ჩანს რაოდენ დიდი მოღვაწე იყო იგი.
პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკე.
პირველი
თავი 1
1. პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა, 2. წინაწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ!
3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით, 4. სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ, 5. რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა. 6. რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალ-ფერთა შინა განსაცდელთა. 7. რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოვოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა. 8. რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა. 9. და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ. 10. რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ მადლსა მას გიწინაწარმეტყუელებდეს, 11. გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი, წინაწარ უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა. 12. რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.
13. ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა. 14. ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმათა, 15. არამედ მწოდებელსა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა. 16. რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ. 17. და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელი-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითეულისა საქმეთაჲ, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით. 18. უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა, 19. არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა, 20. წინაწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს; 21. რომელთა-ეგე მის მიერ გრწმენა ღმრთისა მიმართ, რომელმან-იგი აღადგინა იგი მკუდრეთით და მისცა მას დიდებაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და სასოებაჲ იყოს ღმრთისა მიმართ.
22. სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა, სულითა ძმათ მოყუარებისათჳს შეუორგულებულ იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად. 23. მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყჳთა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე. 24. რამეთუ ყოველი ჴორცი თივაჲ არს და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ყუავილი თივისაჲ: განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა. 25. ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყუაჲ, რომელი გეხარა თქუენ.
თავი 2
1. განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ. 2. ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აჰღორძნდეთ. 3. უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, 4. რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან. 5. და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ. 6. რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არსადა ჰრცხუენეს. 7. თქუენდა უკუე არს პატივ, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს - ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების, 8. რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს. 9. ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა. 10. რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაჲ, რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით.
11. საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის თქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა. 12. სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომლითა-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთასა, კეთილთა საქმეთაგან შეიკდიმონ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა.
13. დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს; 14. გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს. 15. რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა. 16. ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი 17. ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცედით. 18. მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა. 19. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით. 20. რამეთუ რაჲ უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან. 21. და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა; 22. რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა; 23. რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა; 24. რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით. 25. რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოარნი შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მის მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა.
თავი 3
1. ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღათუ ვინმე ურჩ არიან სიტყჳსა მის, დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ, 2. ხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა, 3. რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაჲთა და შესხმითა ოქროჲსაჲთა, გინა შემოსითა სამოსლისაჲთა, შემკობაჲ, 4. არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან. 5. რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა, 6. ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა. 7. ქმარნი ეგრეთვე მსგავსად თანა-მკჳდრ ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა. 8. ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ. 9. ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ. 10. რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ ზაკუვასა, 11. მოიქეცინ ბოროტისაგან, ქმენინ კეთილი, მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას, 12. რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა, ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა. 13. და ვინ-მე არს ბოროტის მყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილის მობაძავ იქმნენით? 14. და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხარ, ხოლო შიშისა მის მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით. 15. არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით. 16. გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა. 17. რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით, ეგრე თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე-ღა არა ბოროტსა თუ იქმოდით. 18. რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, 19. რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა. 20. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან. 21. რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესუ ქრისტესითა, 22. რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი.
თავი 4
1. ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ, რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან, 2. რაჲთა არღარა კაცთა გულის თქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად. 3. რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულის თქუმათაჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთ-მსახურებითა. 4. რომლისაგან უკჳრს არა სლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ. 5. რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელნი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა. 6. რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა.
7. ხოლო ყოველთაჲ აღსასრული მოახლებულ არს, განიწმიდენით უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად. 8. ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ. 9. სტუმრის მოყუარე იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტჳნვისა. 10. კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი. 11. რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა; რომელი ჰმსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ ქრისტეს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
12. საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ. 13. არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ. 14. უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით. 15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა. 16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა. 17. რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ? 18. და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს? 19. ამიერითგან რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა ვითარცა სარწმუნოთა დამბადებელსა, შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილის საქმითა.
თავი 5
1. ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა. 2. იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინეთ. 3. ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას. 4. და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი. 5. ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
6. და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა. 7. ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს. 8. განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა. 9. რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით.
10. ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ. 11. მისა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
12. სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე, გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ. 13. გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს, ძე ჩემი, 14. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა.
მშჳდობაჲ თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, ამინ.
0