ლარისა ბურაკოვა: როგორ უნდა გახდეს რუსეთი საქართველო ლარისა ბურაკოვა: როგორ უნდა გახდეს რუსეთი საქართველო />


  16:09:18     10-07-2012

ლარისა ბურაკოვა: როგორ უნდა გახდეს რუსეთი საქართველო

a19843.jpg

ქართულ რეფორმებზე გამოცემული წიგნის - „რატომ გამოუვიდა საქართველოს?“ - რუსი ავტორი ლარისა ბურაკოვა რუსეთს რეცეპტს სთავაზობს: როგორ უნდა გახდეს რუსეთი საქართველო.

ეს მარტივია, აქ არაფერ შუაშია დასავლეთი და დასავლური განათლება. უბრალოდ, საჭიროა, მოტივაცია და კორუფციის არარასებობა - ამბობს ავტორი.

მისი თქმით, რუსები მუდმივად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და უნიკალურ რეფორმებს.

„თავიდან მეზობლებში მიმდინარე ცვლილებების შესახებ პრაქტიკულად არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ინტერესი გაიზარდა. გარკვეული პერიოდიდან ქართული რეფორმების თემა აღარ არის ტაბუირებული. და როცა წარმატებული რეფორმის ფაქტი, მაგალითად, იგივე ქართული პოლიციისა აღარ შეიძლება რომ უარყო, ბრუნდება ნეოიმპერიული სნობისტური მიდგომა, როგორც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა მედვედევმა თქვა  - რას ამბობთ, როგორ ვისწავლით ჩვენ ამ „ერთი ბეწოებისგან? ახლა ხშირად გაიგონებთ, რომ ქართული ექსპერიმენტი არ გამოვიდა... თუმცა გატარებული რეფორმები უკვე ფაქტია“ -წერს ბურაკოვა და აღნიშნავს, რომ „ვიდრე ჩვენ არ გავიმეორებთ საქართველოს ბევრ პარამეტრში, ქართულ რეფორმებზე მხოლოდ ვილაპარაკებთ...“

ბურაკოვა ასკვნის, რომ ქართული პოლიციის რეფორმას, სავარაუდოდ, არ გაიმეორებენ, იმიტომ, რომ ეს „ტექტონიკურ“ ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული და რუსეთში დღეს ამაზე არავინ წავა. იგულისხმება კორუფციის და ზოგადად, ძველი სისტემის ნგრევის ნების არარსებობა. მაგრამ სახელმწიფო მომსახურების სისტემის ქართული რეფორმის გამეორება ხომ შეიძლება? - კითხულობს ის და მაგალითი მოჰყავს, რომ „საქართველო უკვე იქცა სახელმწიფო სერვისებში კორუფციასთან ბრძოლის სინონიმად“.

მოქალაქეებთან დამოკიდებულებაში კომფორტსა და სიმარტივეზე ლაპარაკობს ყველა, ვინც იქ ჩადის... რატომ? რატომ არ შეიძლება იგივე გამეორდეს რუსეთშიც? - აინტერესებს ავტორს და ხელისუფლებას მცირე რეცეპტებს აძლევს:

საქართველოს იუსტიუციის სამინისტროში გადაწყვიტეს გაეიოლებინათ მოსახლეობის ცხოვრება იმ ბიუროკრატიული ბარიერებისა და პროცედურების გაუქმებით, რაც ელემენტარული სახელმწიფო მომსახურებისას არსებობდა. თუ თავიდან კორუფციის დამარცხება იყო საჭირო, შემდეგ უკვე დოკუმენტაციის რაოდენობის შემცირება მოხდა, დღესდღეობით კი ყველა შესაბამისი სამსახურის ერთ გეოგრაფიულ და ვირტუალურ სივრცეში მოქცევა ხდება.

სიმარტივისა და ოპერატიულობის მაგალითად ბათუმის იუსტიციის სახლი მოჰყავს, რომელმაც 250 სხვადასხვა მომსახურება გააერთიანა და აღნიშნავს, რომ ასეთი დაწესებულება საქართველოში დღეს ექვსია, წლის ბოლოსათვის კი 15 იქნება. მთავარი კი ისაა, რომ ისინი ერთიანი კონცეფციით არიან გაერთიანებულები: იქ შემსვლელი „მთხოვნელი“ არ არის, არამედ არის მოქალაქე, რომელსაც აქვს უფლება მომსახურება მიიღოს სახელმწიფოსგან. და სულაც არ არის საჭირო მოსთხოვო მას ცნობები და დოკუმენტები, რადგან ყველა ინფორმაცია კომპიუტერშია.

არ გსურთ პასპორტის მისაღებად ოფისში მისვლა? მონაცემთა ბაზაში არის ფოტო, თითის ანაბეჭდისთვის კი იუსტიციის სახლის თანამშრომელი თავად გესტუმრებათ თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ეს, მართალია, დამატებითი თანხა ღირს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ თანხის ოდენობა ოფიციალურადაა ყველასთვის ცნობილი და დაახლოებით 100 ლარს შეადგენს.

მაგალითად, თუკი ბათუმში ჩასულს სტუდენტური ბარათი სახლში, ვთქვათ, თბილისში დაგრჩათ, პრობლემა არ არის - შეხვალ ბათუმის იუსტიციის სახლში და ახალს მაშინვე, საშუალოდ, 40 წამში მოგცემენ.

ან:

რატომღა შეხვალ შენობაში, როცა ცნობის აღება მანქანიდან გადაუსვლელადაა შესაძლებელი, ან კაფეში ყოფნის პერიოდში? და საერთოდ, რატომღა გჭირდება დაბადების მოწმობა, როცა ყველა ინფორმაცია ერთ ბაზაშია მოქცეული, რომლითაც ყველა სახელმწიფო ორგანო სარგებლობს და თავად პოულობენ იქ საჭირო ინფორმაციას?

ბურაკოვას აზრით, ამის გაკეთებას ფული და დიდი დანახარჯები სულაც არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ მონდომება, მით უმეტეს, რომ ასეთი იუსტიციის სახლები თავადვე შეინახავენ თავს, თანაც ისე, რომ გარკვეული დოკუმენტებისა და ცნობების გაცემა უკვე საერთოდაც უფასოა.

არც განსაკუთრებული ხალხია საჭირო. უბრალოდ, საჭიროა, ადამიანები, რომლებიც საერთო საქმეში იქნებიან ჩართულები და ახალი იდეები ექნებათ.

რა გვიშლის ხელს გავიმეორეოთ ქართული მაგალითი? - წერს ბურაკოვა. და პასუხობს: არაფერი, თუკი სახელმწიფოს მიზანი მოქალაქეებთან თანამშრომლობა იქნება.  ასეთი მიზანი რუსეთის ხელისუფლებას, მართალია, ჯერ არ დაუსახავს, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული რეფორმების თემა ზედა და ქვედა ფენებშიც აქტუალურია.

0

ავტორი: