10:56:58     10-07-2012
აფხაზეთში რუსი ტურისტების ძარცვა–დაყაჩაღება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა...

როცა ადლერში მდგარი ტაქსის მძღოლს ეტყვი, რომ აფხაზეთში მიდიხარ, შეშფოთდებიან: რას ამბობთ, გადაირიეთ! იქ ომია! ავტომატიანი ადამიანები დადიან! მოდით, სოჭის ნაცნობ სასტუმროში წაგიყვანთ... - ასე წარუდგინეს სოხუმში ჩასვლის მსურველ ჟურნალისტ ოლეგ უტიცინს ადლერელმა მძღოლებმა აფხაზეთი, სადაც წელს ტურისტების მოზღვავების დიდი იმედი აქვთ.
„აფხაზეთი შავი ხვრელი არ არის“ - უწევს მტკიცება მარიონეტული რეჟიმის ე.წ. გენერალურ პროკურორს, თუმცა დამსვენებლებს მოდუნებას მაინც არ ურჩევს: მოდუნება კარგია, მაგრამ თავის ქონებას მაინც უნდა გაუფრთხილდნენ - მობილურ ტელეფონებს, ფოტოაპარატებს და არა მარტო პლაჟზე, არამედ სასტუმროს ნომრებშიც კი - ამბობს საფარ მიქანბა.
ეს რაც შეეხება წვრილმან ქურდობას. მაგრამ რუსეთის მოქალაქეებს უფრო „მსხვილადაც აყაჩაღებენ“, მაგალითად, ართმევენ ფულს იმის სანაცვლოდ, რომ ბინების საკუთრების უფლებით ყიდვაში „ეხმარებიან“.
ერთ-ერთი ასეთი დახელოვნებული ქალბატონის საქმე ახლაც ძიებაშია. მან რამდენიმე რუსი მოატყუა და მის კისერზე ათზე მეტი კრიმინალური ეპიზოდია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აფიორების უამრავი ფაქტია ცნობილი, რუსები მაინც ხარბდებიან აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროზე ბინების ყიდვას, ძირითად შემთხვევებში კი გაწბილებულები და გაძარცვულები რჩებიან.
სამაგიეროდ, რუსებს აფხაზეთში ნარკოტიკი შეაქვთ - ამბობს პროკურორი. ძირითადად, მეტადონი. ქურდობენ კიდეც, შარშან კი, საერთოდ, დამსვენებელი მოკლეს. დამნაშავე დიდი ხნით დააპატიმრეს.
რუსეთი აფხაზეთისთვის კიდევ ერთი ნეგატივის მატარებელია: აფხაზი ახალგაზრდები ხედავენ, როგორ ცხოვრობენ იქ კანონიერი ქურდები და მათ მიბაძვას ცდილობენ - წუხს პროკურორი.
მისთვის ახალი ამბავი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომელიც რუსმა ჟურნალისტმა გაანდო: პოდოლსკელმა კრიმინალურმა ავოტორიტეტმა აფხაზეთის ერთ-ერთ საწარმოში ფული ჩადო.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ სეპარატისტული სოხუმი ვერ ამოწმებს, ვინ დგას რუსული ფულის უკან: „რუსი ინვესტორები დებენ ფულს აფხაზეთში, მაგრამ აქვთ თუ არა ამ ინვესტიციებთან კავშირი დამნაშავე ელემენტებს, ასეთ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ“ - ამბობს მიქანბა და ამ ყველაფრის შემდეგ ტურისტებს მიმართავს: მინდა, რომ ხალხმა იცოდეს, აფხაზეთი შავი ხვრელი არ არის - ნორმალური სახელმწიფოა... უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს, როცა პლაჟზე ხართ და მაშინაც, როცა არ ხართ სასტუმროს ნომერში, რადგან დაბრუნებულს, შეიძლება ის გაძარცვული დაგხვდეთ.
როგორც რუსული ინტერნეტპორტალი „სოლოვეი. ინფო“ წერს, სიამოვნების მიღება ფსოუდან აფხაზეთში შესვლისთანავე იწყება - გაუთავებელი რიგი ფსოუზე და უფასო მზის აბაზანები.
და აქაც ძარცვავენ: მებაჟეები ადგილობრივ ტაქსის მძღოლებთან არიან მოლაპარაკებულები, რომლებსაც „ნაზი რუსები“ სოლიდურ თანხად გადაჰყავთ აფხაზეთის მხარეს, თანაც, ფულს „გაიშნიკებსაც“ უყოფენ.
მიუხედავად ამისა, რუსებს აფხაზეთი მაინც არ ეთმობათ და „სოლოვეი. ინფოც“ სოხუმში დასვენების მსურველებს აფრთხილებს, თუ მაინც გადაწყვეტენ ეწვიონ „რუსეთის კუთხეს, სახელწოდებით აფხაზეთი“, მოთმინება იქონიონ“...
0