წმინდა კირიონ II - „„სამშობლო, საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვდომილო“ წმინდა კირიონ II - „„სამშობლო, საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვდომილო“ />


  08:39:36     10-07-2012

წმინდა კირიონ II - „„სამშობლო, საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვდომილო“

a19830.jpg

27 ივნისს (ახალი სტილით 10 ივლისს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა კათალიკოს-პატრიარქის კირიონ II-ს ხსენების დღეს.

1918 წლის 27 ივნისს (ახალი სტილით 10 ივლისს) მარტყოფის მონასტერში ღვთისა და საქართველოს მტრებმა მოკლეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II საძაგლიშვილი.

შეუფასებელია წმინდა კირიონ II-ის, - ისტორიკოსის, ფოლკლორისტის, ფილოლოგის, ლექსიკოლოგის, ნუმიზმატის, ხელოვნებათმცოდნის, საეკლესიო მოღვაწის, მამულიშვილის... - ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.

ასევე დიდია მისი დამსახურება ოსი ერის წინაშე. მან შეისწავლა ოსური ლეგენდები და გამოსცა.

მომავალი კათალიკოსი, საერო ცხოვრებაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი, დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს, გორის მაზრის ქვემო ნიქოზში, მღვდლის ოჯახში.

7 წლისა მიაბარეს ანანურის სასულიერო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ ტფილისის სემინარიაში. 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.

1883-1897 წლებში პედაგოგიურ მოიღვაწეობას ეწეოდა გორის, თელავის, ქუთაისისა და ტფილისის სასულიერო სასწავლებლებში. 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაღოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების ინსპექტორად. იღვწოდა სამრევლო სკოლების, წიგნთასაცავებისა და ბიბლიოთეკების დაარსებისათვის (დაარსა და აღადგინა 19 სკოლა). ქართულ და რუსულ ჟურნალებსა და გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ სიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე, ივერიელის, საძაგელოვისა, ლიახველის და ნიქოზელის ფსევდონიმებით. აგროვებდა ძველ მონეტებს, ხელნაწერებს...

1896 წელს გრიპის ეპიდემიის დროს ცოლ-შვილი დაეღუპა. აღიკვეცა ბერად, ეწოდა კირიონი და  ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრობა ჩააბარეს.

 კვლავ განაგრძობდა მეცნიერულ კვლევას, აგროვებდა და მუზეუმებს გადასცემდა იშვიათ ხელნაწერებს...

1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხეს. „ივერია“ დიდი სიხარულით გამოეხმაურა ამ მოვლენას.

ეპისკოპოსად კურთხევისას წმინდა კირიონმა წარმოსთქვა:

„მე სრულიადაც არ წარმოვიდგენდი ამ თვრამეტი წლის წინათ, როცა კურსი შევასრულე კიევის სასულიერო აკადემიაში, თუ ჩემთვის ასეთი ბედნიერი და დიდმნიშვნელოვანი დღე დადგებოდა… მე კურსის შესრულების შემდეგ დავიწყე სამსახური სასულიერო წოდების ახალ თაობის აღმზრდელის ასპარეზზედ. მას უკან ბევრ რასმეს ვფიქრობდი, ბევრ გეგმას ვაწყობდი ჩემის მომავლის მოღვაწეობისას, ბევრს ადგილს ვირჩევდი სამსახურისას, მაგრამ უფლის განგებულებამ დღეს ნაჩვენებ გზაზედ დამაყენა: სხვებსავით მეც ვფიქრობდი მომეპოვებინა მყუდროება და ბედნიერება ოჯახურს ცხოვრებაში, მაგრამ ბედმა აქაც მიმუხთლა. და ამის გამო სამსახური ეკლესიის მიმართ მონაზვნის წოდებაში ჩემთვის აუცილებელ-აუშორებელი შეიქმნა. სწორედ ოცი თვის წინათ ამავე ადგილს, სადაც ახლა ვდგევარ, ვიდექი მონაზონის უბრალო ტანსაცმელში და ვაძლევდი აღთქმას მონაზონური ცხოვრებისას… დიდი მადლობელი ვარ იმ ჩემი მოძღვრისა, რომელმაც ამ ჭეშმარიტ გზაზედ დამაყენა. დღეს უმაღლესის ბრძანებით უნდა ვიტვირთო მძიმე მოვალეობანი მწყემსმთავრისა და ვიქნე ალავერდის ეპისკოპოსად – იმ ალავერდისა, სადაც მოღვაწეობდა, სადაც ქადაგებდა და სადაც განსვენებულ არს წმიდა მამა იოსებ ალავერდელი. ალავერდის კათედრაზე მოღვაწეობდა მრავალი ღირსი მღვდელთმთავარი, რომელთ მის წიაღში იგემეს საუკუნო განსასვენებლი. ალავერდის ტაძარი ისეთი სიწმინდეა, რომელსაც დიდ პატივს სცემენ არათუ მხოლოდ მართლმადიდებელნი, არამედ არამართლმადიდებელნიც და თვით მთიანი დაღესტანის მკვიდრნიც. ლეკები და მაჰმადიანნიც კი, რომელთაც ჩვენი წინაპრები ხმლით ეომებოდნენ თვისთა სარწმუნოებრივ სიწმინდეთა დასაცველად და ბოლოს ქედი მოადრეკინეს თვისის სიწმინდის წინაშე. საღრმთო განგებამ მარგუნა სამსახური. ვმადლობ საღრმთო განგებას ამ ხვედრისათვის, მით უმეტეს, რომ ხელმძღვანელად მეყოლება ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობის საქმეში გამოცდილი მღვდელთმთავარი… დასასრულ გთხოვთ წმინდანნო მღვდელთმთავარნო, წარმომადგენელნო ივერიის ეკლესიისნო, ილოცოთ ჩემთვის, რათა ქვეყნის მწყემსმთავრულის ლოცვის მეოხებით უფალმან მომცეს შეძლება, ძალა და სიბრძნე მისის ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობისა“.

დიდი ძალისხმევით შეუდგა ეპისკოპოსი კირიონი ალავერდის დიდი ტაძრისა და ეპარქიის აღორძენებას, პარალელურად სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა და ქართველი ერის ღირსებას იცავდა არეკეთილმოსურნე სომეხი შოვინისტების მხრიდან ცილისმწამებლური და ამორალური შემოტევებისაგან.
1901 წელს გორის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. მალე რუსული იმპერიალისტური ბიუროკრატია მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და საქართველოს ავტოკეფალიის მომხრე კირიონს უნდობლობის თვალით დაუწყო ცქერა. ის გადაჰყავდათ სხვადასხვა ეპარქიებში - 1903 წელს ხერსონში გადაიყვანეს, 1904 წელს ორიოლში, 1906 წელს სოხუმში. სოხუმიდან კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს, აფხაზეთს მოაცილეს...

1905 წელს საეკლესიო კრება ჩატარდა, სადაც ქართულმა სამღვდელოება იხილავდა ავტოკეფალიის აღდგენის საკითხს. საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ I (ოპოცკი) მოსთხოვა მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ყაზახების საშუალებით დაერბია საეკლესიო შეკრების მონაწილენი. ეს ის ალექსია, რომლის ბრანებითაც სასაფლაოთა ეკლესიებში მიცვალებულებისათვის ქართულ ენაზე წესის აგება აიკრძალა (მ. ნ. დურნოვო).

ბრძანება შესრულებულ იქნა, ქართველი სასულიერო პირები ყაზახებმა მათრახებით სცემეს. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ქართველ სამღვდელოებს რუსეთშიც კი გამოუჩნდნენ დამცველები, რომლებიც აღიარებდნენ საქართველოს ეკლესიის უფლებას.

მამულიშვილების ძალისხმევის შედეგად რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა კომისია შეექმნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით. ამ საქმეში განუზომელი იყო წმინდა კირიონის როლი. მან სხდომაზე წაიკითხა ორი მოხსენება: 1) რა აიძულებს ქართველებს იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე, 2) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში.

1908 წელს იმპერიის მთავრობამ ეპისკოპოსობა ჩამოართვა სულითა და გულით საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის მომხრე კირიონ საძაგლიშვილს. ის დააპატიმრეს და ჟანდარმების თანხლებით კურიაჟის მონასტერში გაგზავნეს, მერე კი სანაქსარის უდაბნოში გადაიყვანეს, დაასახლეს ცივ ოთახში, მძიმე პირობებში. თან თვალყურის მდევნელად გადაცმული პოლიციელები მიუჩინეს. წმინდა კირიონს დააბრალეს საქართველოს ეგზარქოსის, მთავარეპისკოპოს ნიკონ სოფიისკის მკვლელობა, რომელიც სინოდალური კანტორის დერეფანში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა დღემდე გაურკვეველმა პიროვნებამ.

ალექსანდრე ცაგარელმა მისწერა ოლივერ უორდროპს წმინდა კირიონის ბრალდებებისა და ყოფის შესახებ. ევროპაში შეიქმნა მისი დაცვის საზოგადოება, აგროვებდნენ ხელმოწერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ბელგიიდან ადამიანთა უფლებების ცნობილმა დამცველმა ჟორჟ ლორანმა წერილი გამოუგზავნა რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ხამიაკოვს და სთხოვა დაეცვა კირიონ საძაგლიშვილი დევნა-შევიწროებისაგან.

მისი დევნა უფრო უარესი აღმოჩნდა რუსი იმპერიალისტებისათვის, გადასახლებაში მან მოახრეხა განეგრძო მუშაობა ძალიან მნიშვნელოვან წიგნზე: „ივერიის ეკლესიის როლი რუსეთის ისტორიაში“, რომელიც უდიდესი მეცნიერული დარტყმაა რუსული შოვინიზმის წინააღმდეგ. წიგნის წინასიტყვაობაში ის წერდა:

„მე, როგორც წინამდებარე ნაშრომის ავტორს, ჩემი საქმე ხელსაყრელ პირობებში რომ დამეწყო, რუსულ მატიანეთა შესწავლას სწორედ აქედან უნდა შევდგომოდი, მაგრამ არც კამენეც-პოდოლსკი,  არც ხერსონი,  არც ორიოლი,  სოხუმი და კოვნო, სადაც მამწესებდნენ,  სამეცნიერო-ლიტერატურული ცენტრები არ გახლდათ.

მხოლოდ ხარკოვის შორიახლოს მდებარე კურიაჟის მონასტერში გადაყვანის შემდგომ მომეცა შესაძლებლობა საკმაოდ მდიდარი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით მესარგებლა.

დრო გადიოდა,  სამუშაო წინ მიიწევდა და ამოცანაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ტამბოვის გუბერნიის მივარდნილ სანაქსარის მონასტერში ხელახალმა,  მოულოდნელმა გადაყვანამ გეგმები სრულიად ჩამიფუშა და ჩემი საქმიანობის სისტემატურობის დარღვევამ მაიძულა დაგროვილი და გადარჩენილი მასალები დროზე ადრე გამომექვეყნებინა“...

1915 წელს იმპერიის ხელისუფლებამ შეწყვიტა მისი დევნა და აღუდგინა ეპისკოპოსის წოდება. ჩააბარეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს.

1917 წლის 12 (ახალის სტილით 25) მარტს აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. უნდა გამართულიყო საეკლესია კრება, რომელიც აირჩევდა კათალიკოს-პატრიარქს. დროებით მმართველად აირჩიეს მიტროპოლიტი ლეონიდე. მორწმუნეთა ერთი ჯგუფი გაემგზავრა ეპისკოპოს კირიონთან და სთხოვდა დაბრუნებულიყო სამშობლოში  და მიეღო მონაწილეობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში. ეპისკოპოსი უარზე იყო. დაჟინებული თხოვნის გამო კირიონ საძაგლიშვილმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. არაგვის ხეობაში მას ასზე მეტი ცხენოსანი დახვდა და დიდი პატივით შემოიყვანეს თბილისში.

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია კირიონ საძაგლიშვილი.

კათალიკოსის კურთხევა მოხდა, როგორც წესია, სვეტიცხოველში, სვეტიცხოვლობას. გაზეთი საქართველო წერდა: „როდესაც კათოლოკოზი შემოსეს ძველებური ომოფორითა და მიტრით, ეს იყო კიდევ ერთი ახალი წუთი, რომელმაც აგრძნობინა ხალხს სანატრელი გაცოცხლება ძველი საქართველოსი. პატრიარქის სახე იმ წუთში უსათუოდ დაუვიწყარია. ის იყო მთლიანად უძრავი და განათებული. წარსული ტანჯვა სჩანდა მის ფერმკრთალობაში. მისი ხმა იყო ნელი და მთრთოლავი და საკმევლის წმინდა სურნელებაში მორწმუნე გული იგრძნობდა მისტიურად განგების სიახლოვეს.“

კათალიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ აღსაყდრებისას წარმოსთქვა: „სამშობლო, საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვდომილო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისას განწმენდილო! შენთვის დაწეული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენსკენ ლტოლვილი დღეს განგისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა … ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: “არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული ჩემი სახსრად შენდა”. მოვედი არა ვითარცა მწე სასყიდლით დადგინებული, არამედ ვითარცა მწე ერთგული და მარად მორჩილი.“

წმინდა კათალიკოსი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა გაძარცვული ქართული ეკლესიის აღდგენის ურთულეს საქმეს. ის მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და დიდი აღფრთოვანებით შეეგება ამ მოვლენას, სამადლობელი პარაკლისიც გადაიხადა...

როგორც ვთქვით, ერთი თვის მერე, 1918 წლის 27 ივნისს, კათალიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე მარტყოფის მონასტერში მოკლეს საქართველოს მტრებმა...

კირიონ მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. 2002 წელს საქართველოს ეკლესიამ კირიონ II წმინდანად შერაცხა.

მკითხველს ვულოცავთ წმინდა კათალლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის ხსენების დღეს! მისი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს!

0

ავტორი: