09:26:15     09-07-2012
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს რეზოლუციებით „შეუტია“: ოკუპირებული ტერიტორიები და მაგნიტსკის საქმე...

მონაკოში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მოსკოვისათვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ორგანიზაცია, სადაც რუსეთს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეგულებოდა, მის საწინააღმდეგო რეზოლუციებს იღებს.
დღეს კენჭი ეყრება პოლონელი პარლამენტარის მიხეილ შერბას მიერ ინიცირებულ რეოზლუციის პროექტს საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები ოკუპირებული ტერიტორიებია. გუშინ კი ასამბლეამ მხარი დაუჭირა „მაგნიტსკის რეზოლუციას“, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან კავშირის მქონე პირებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას ეხება.
გუშინდელ სხდომაზე უკვე დაფიქისრდა, რომ ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას. მისი წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთია, რომელიც რეზოლუციას „ანგაჟირებულსა“ და „ახალ რეალობას მოწყვეტილს“ უწოდებს.
დღევანდელ საბოლოო კენჭისყრამდე რეზოლუციის განხილვა ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტში შედგა, სადაც გამოვლინდა, რომ რუსეთის მიერ გაცხადებული „ახალი რეალობა“ ეუთოს წევრი სახელმწფოებისთვის არ არსებობს.
გამართული მსჯელობის დროს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ეს არის სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას.
„ეს ეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელთა მოღვაწობაც ოკუპირებულ რეგიონებში შეზღუდულია. ყველა საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მიიღო რეზოლუციები, რომლებშიც რეალობა უფრო მკაცრი ენითაა აღწერილი. მართებულია, რომ ამაზე ეუთოც ამახვილებს ყურადღებას და იზიარებს ამ პრინციპებს “- განაცხადა წერეთელმა.
გარდა იმისა, რომ ამიერიდან რუსეთს ეუთოშიც ოკუპანტის სტატუსი ექნება, საპარლამენტო ასამბლეა მის წინააღმდეგ კიდევ ერთი რეზოლუციით გამოდის, რომელიც 8 ივლისის სხდომაზე უკვე მიიღეს. ეს არის ე.წ. „მაგნიტსკის რეზოლუცია“. დოკუმენტში, სახელწოდებით „კანონიერება რუსეთში: სერგეი მაგნიტსკის საქმე მოუწოდებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დააწესოს სავიზო სანქციები და გაუყინოს აქტივები პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მაგნიტსკის სიკვდილის გამო და ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევებისთვის რუსეთში“, მხარდაჭერილია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების გადაწყვეტილება, რომელთა თანახმადაც აღნიშნულმა ქვეყნებმა 60 რუს ჩინოვნიკს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა.
რეზოლუციის ტექსტი შეიცავს მოწოდებას, რომ რუსეთი დათანხმდეს სხვა სახელმწიფოებთან ერთად მაგნიტსკის საქმის გამოძიებას და მის შედეგებზე ღია მოხსენება გამოაქვეყნოს.
იმისათვის, რომ „მაგნიტსკის რეზოლუციის“ წინააღმდეგ აგიტაცია ჩაეტარებინათ, რუსეთის დელეგაციამ თავისი აკრედიტაციები გადასცა მაგნიტსკის მიერ კორუფციაში ბრალდებულ დიმიტრი კლუევსა და მის პარტნიორს ანდრეი პავლოვს. აღნიშნული პირები სერგეი მაგნიტსკის მეგობრების მიერ შექმნილი ფილმის „მაგნიტსკის დოსიე“ მთავარი ფიგურანტები არიან და კრიმინალურ ავტორიტეტებად სახელდებიან.
Hermitage Capital-ში (კომპანია, რომლის იურისტიც მაგნიტსკი იყო) განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ცხადი გახადოს, რომ მისი მხარდაჭერით სარგებლობენ პირები, რომლებიც მაგნიტსკის მიერ გახსნილი სქემით სისტემატურად ძარცვავენ რუსეთის მოქალაქეებს.
0