ძველი ქართული არქიტექტურა ძველი ქართული არქიტექტურა />


  09:14:35     09-07-2012

ძველი ქართული არქიტექტურა

a19792.jpg

ძველი საქართველოს ძირითადი არქიტექტურული ტრადიციის თავისებურება მკვეთრად გამოიხატება ნაგებობათა ცენტრალურ-გუმბათოვან სისტემაში, რაც აღბეჭდილია ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრულად დამთავრებულ ძეგლებში. მცხეთის ჯვარიგუმბათოვანი ხუროთმოძღვრების აყვავება ემთხვევა გარდატეხის ხანას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც ქართველმა ხალხმა გააცხოველა აქტიური ბრძოლა პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის. ამ პერიოდში იწყება ერისთავების ძალაუფლების განმტკიცება. ქართული მატიანე განსაკუთრებით ხაზს უსვამს გუარამის და მისი შვილების მოღვაწეობას. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა პროვინციაში მიმდინარეობს სამშენებლო საქმიანობა, იზრდება ქალაქები, ფართოვდება, ე.წ. ,,ასურელ მამათა’’ მისიონერული მოღვაწეობის შედეგად VI საუკუნის 20-იან და 40-იან წლებში აღმოცენებული სამონასტრო ცენტრები; იქმნება ახალი ფეოდალური კულტურა. ამ კულტურის აყვავება, მიუხედავად ბიზანტიასა და ირანს შორის წარმოებული დაძაბული ბრძოლისა, რომელშიც საქართველოს გახლდათ იძულებით ჩართული, გრძელდება აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობამდე არაბთა სახალიფოს მიერ (643-645).

ამ ხანის ქართული კულტურის აყვავება განსაკუთრებული ძალით გამოვლინდა ხუროთმოძღვრებაში. VI საუკუნის დამლევიდან VII საუკუნის შუა წლებამდე, იქმნება ნაგებობები, რომლებიც გამოირჩევიან ჰარმონიული პროპორციებით, მხატვრული ფორმების დახვეწილობითა და სიმკვეთრით.

ამ პერიოდის თვალსაჩინო ნაწარმოებს, წარმოადგენს მცხეთის ჯვარი. მცხეთის ჯვრის გეგმაჯვარის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი თემის წარმოშობა, ბუნებრივ და კანონზომიერ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც მომზადებული იყო ხელოვნების წინამორბედი განვითარებით. ამ ტიპის შენობის კომპოზიციის ძირითად ელემენტს შეადგენს ცენტრალური კვადრატი, რომელსაც ოთხი მხრიდან ერთვის, მკლავების სახით, ცენტრთან ორგანულად დაკავშირებული სადგომი. მკლავები მთავრდება ან ოთხი აფსიდით, ან სამით. ზოგ შემთხვევაში ჯვრის სამ მკლავს სწორკუთხედის ფორმა აქვს. ჯვარგუმბათოვანი ნაგებობების ჩამოთვლილ სახეობათა გარეგნული გაფორმება საკმაოდ მრავალფეროვანია.

ცენტრალურ გუმბათიანი ნაგებობების ჯვრის გეგმის უმარტივეს სახეს წარმოადგენს ტეტრაკონქი ოთხი, ნახევრადწრიულად გამოწეული აფსიდით.ძველი გავაზი ტიპიურ ტეტრაკონქად შეიძლება ჩაითვალოს ეკლესია ძველ -გავაზში (ახლა ახალ-სოფელში-კახეთი), რომელიც თარიღდება VI საუკუნის შუა წლებით. მისი ოთხივე აფსიდი ნალისებური ფორმისაა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების აღმოსავლეთ კედელში არსებობდა შესასვლელები, რომლებიც ახლა ამოშენებულია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავების კონქები, ბოლნისის მსგავსად, აფსიდისაგან ჰორიზონტალური კოზმიდით გამოიყოფა. VIII-IX საუკუნეებში ტაძარმა რესტავრაცია განიცადა, რის შედეგად გუმბათის რვაწახნაგოვანი ყელი მნიშვნელოვნად გაფართოებულია. სამი აფსიდის მხრიდან, მიშენებულია ღია კამარიანი კარიბჭე.

ქაშვეთის ტაძარი თბილისში თავდაპირველად, ძველი ნახაზებისა და ფოტოების თანახმად, ძველი გავაზის ზუსტ განმეორებას წარმოადგენდა. აგებული VI საუკუნის პირველ ნახევარში, იგი დაკავშირებული იყო დავით გარეჯელის სახელთან, რომელიც საქართველოში 520 წელს მოვიდა. ტაძარი კაპიტალურად იყო გადაკეთებული XVIII საუკუნეში და სავსებით დაშალეს 1903-1905 წლებში. მის ადგილას აგებულია ტაძარი, რომელიც ბაძავს XI-XIII საუკუნეების ქართული ძეგლების სტილს, განსაკუთრებით დეკორში.

VII საუკუნეში აგებული მანგლისის ტაძარი თავდაპირველად ტეტრაკონქს წარმოადგენდა, მაგრამ კაპიტალურმა შეკეთებამ XI საუკუნის დასაწყისში შეცვალა მისი პირველადი სახე.

საყურადღებოა მხატვრული და კონსტრუქციული თვალსაზრისით ნინოწმიდის კათედრალი (კახეთი), რომელიც აგებულია არა უგვიანეს VI საუკუნისა. გეგმაში იგი ძირითად ტეტრაკონქს წარმოადგენს, გართულებულს ნახევარწრიულ მკლავებს შორის მოთავსებულ მცირე ორნიშნიანი კამარებით, რომლებიც შენობას რვა კონქნიან ვარსკვლავისებურ ფორმას აძლევს. შენობის ცენტრალური კვადრატი, სავარაუდოდ, შემაღლებული რვაწახნაგოვანი შეკრული თაღით იყო გადახურული. მთავარი აფსიდები და კუთხეებში მოთავსებული დამატებითი მცირე კამერები ერთ მთლიან სივრცეს შეადგენენ, რადგან ცენტრალურ კვადრატთან შეერთებულნი არიან მაღალი ღია კამარებით. ეს გარემოება შინაგან სივრცეს გრანდიოზულობას, მონუმენტურობისა და წონასწორობის ხასიათს სძენს. ხუროთმოძღვრის მთელი ყურადღება მიქცეული იყო შენობის შინაგანი გაფორმების პრობლემაზე. გარეგნული გაფორმება არ იპყრობდა მის ყურადრბას. ტაძრის ფასადზე საკურთხევლის აფსიდის გამოკლებით ვხედავთ შვიდ ნახევარწრიულად გამოწეული აფსიდების კედლების შინაგანი მოხაზულობის განმეორებას, რის გამოც შენობა სიმძიმის შთაბეჭდილებას სტოვებს. კუთხეების დამატებით კამერებს აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელები გარედან. მათი დანიშნულება გამორკვეული არ არის. აღმოსავლეთის სამსარკმლიანი საკურთხევლის აფსიდი ხუთწახნაგოვანი ფორმისაა.

ნინოწმიდის კათედრალი მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძრების უშუალო წინამორბედი არ არის. მისმა მშენებელმა სავსებით გადაჭრა ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპის შენობების შინაგანი გაფორმების პრობლემები. მცხეთის ჯვარში კი მოცემულია ჯვარ-გუმბათოვანი არქიტექტურის განვითარების ახალი სახე.

VI საუკუნის საქართველოში გავრცელებული გახლდათ ცენტრალური სისტემის სხვადასხვა სახეები, რომელთა ტექტონიკური დახვეწილობა, პროპორციების გეომეტრიული სიმარტივე წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების აყვავების მკვიდრ საფუძველს.

წყარო

0

ავტორი: